მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ადვოკატი: სააკაშვილს საკანში ლეიბი ამ დრომდე არ აქვს

ტაბულა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასიალაიას ინფორმაციით, სააკაშვილს საკანში ლეიბი ამ დრომდე არ აქვს, ისევე, როგორც ტელევიზორი. ბასიალიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას ექსპრეზიდენტს.

"მიშა თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შიმშილობის მე-7 დღეა, ის შემართულია გამარჯვებისთვის [...] ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად, ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას, როგორიცაა ტელევიზორის დაუდგმელობა, ლეიბის საკითხი, რაც ამ დრომდე არ აქვს. ჩვენ ყველას გვესმის შეშინებული ხელისუფლების პოზიციები, მათ უნდათ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მიშას. ამავე დროს, ვხედავთ, როგორი ქოსატყუილა ხელისუფლება გვყავს". – ამბობს ბექა ბასიალაია.

დღეს, 7 ოქტომბერს, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, "უწმინდესის დალოცვა გადასცა" და ეკლესიის სახელით სთხოვა, შიმშილობა შეწყვიტოს.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები