მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილმა თავის წერილში მხუთავი აირი ცრემლსადენი გაზით ჩაანაცვლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა.

დღეს, 6 ოქტომბერს, ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერდა, რომ "სააკაშვილის მაქსიმუმ 5000-კაციან აქციას, წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით დავშლიდით". ტექსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 5 საათში, პრემიერმინისტრმა წინადადებაში მხუთავი აირი ცრემლსადენი გაზით ჩაანაცვლა.

წერილში ასევე წერია, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა და რომ მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო.

კომენტარები