არჩევნები 2021

მოსყიდვა, დაშინება, პოლარიზება, დარღვევების გამოძიება – ევროპარლამენტარები არჩევნებზე

Reuters

ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიას აფასებენ. ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, თუმცა მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს ყველა მხარისა და კანდიდატისთვის, დარღვევების გამოძიება კი აუცილებელია.

"წინასაარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედიის გამძაფრებული პოლარიზებით, რაც, ზოგჯერ, სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა. ხშირად, პერსონალური თავდასხმები ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რაც ამომრჩევლებს ართმევდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინებაზე, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული". – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ მმართველმა პარტიამ გადალახა 43%-იანი ბარიერი, რომელის ვერმიღებაც, 19 აპრილის შეთანხმების თანხამად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამოიწვევდა.

"ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატებმა ხმების 46.6% მიიღეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამოიწვევდა". – წერია განცხადებაში

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს OSCE/ODHIR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ხელისუფლებასა და პარტიებს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის გადაიჭრას 2 ოქტომბერს დაშვებული შეცდომები.

"არჩევნების მეორე ტურის წინ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, რომ გადაიჭრას პირველი ტურის დროს დაშვებული შეცდომები. მივმართავთ პოლიტიკურ კლასს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სიმწიფე. მათ საზოგადოებრივი ინტერესი პარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა დააყენონ, გადაფურცლონ კონფლიქტების გვერდი და განახორციელონ ძალიან საჭირო რეფორმები.

ევროპარლამენტი კვლავ მზადაა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდაჭერის სრული სპექტრით, იმ პირობით, რომ ქართველი კოლეგებიც აჩვენებენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ამ პროცესში". – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსით ჩატარდა, არჩევნების დღე კი, გარკვეული პროცედურული დარღვევების მიუხედავად, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ წარიმართა. 

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები