ავღანეთი

ქაბულში საპროტესტო აქციის დასაშლელად თალიბმა მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს 

თალიბი მებრძოლები ქაბულში გამართულ საპროტესტო აქციაზე
ფოტო: BBC

ავღანეთის დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად თალიბმა მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს. 

BBC-ის ინფორმაციით, თალიბები ჰაერში ათი წუთის განმავლობაში ისროდნენ და მონაწილეებს აიძულებდნენ, გაქცეულიყვნენ. 

აქციის მონაწილეები მთავრობაში თალიბანის მოსვლას და ადამიანის უფლებების შეზღუდვას აპროტესტებდნენ. გარდა ამისა, ათასობით ავღანელი მოქალაქე თალიბანსა და პაკისტანს შორის არსებულ კავშირებს გმობდა.  

ამჟამინდელი მონაცემებით, სროლის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ 4 სექტემბერს თალიბანის საზეიმო სროლას 20-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

ჰაერში უკონტროლოდ სროლა თალიბი მებრძოლებისათვის დამახასიათებელი ქმედებაა, რომელსაც ისინი ხშირად მიმართავენ. 

ოფიციალური თალიბანი მებრძოლებს მოუწოდებს, უმიზეზოდ სროლისაგან თავი შეიკავონ.

"თავი აარიდეთ ჰაერში სროლას. ტყვიებმა, შესაძლოა, მოსახლეობა დააზიანოს, ამიტომ უმიზეზოდ ნუ ისვრით". – თქვა თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა. 

მიუხედავად ამისა, ავღანეთში სროლა არ შემწყდარა და თალიბები ისევ აქტიურად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

 

კომენტარები