არჩევნები 2021

გახარია: კალაძესთან კანდიდატურაზე გასაფრთხილებლად მივედი – ალბათ, მართლა შევცდი

გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერისა და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, თბილისის მერს, კახა კალაძეს იმ მიზნით შეხვდა, რომ არჩევნებში კანდიდატურის დაყენების შესახებ გაეფრთხილებინა. თუმცა, გახარია ამბობს, რომ შეცდა. 

"მე დღისით, მზისით, დილით, დაახლოებით, 11 სთ-ზე მივედი ღიად მერიაში, 21-ე სართულზე კალაძესთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - რომ გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის არჩევნებში ბრძოლის პროცესზე. ეს იყო და ეს, ამის იქით არაფერი არ ყოფილა. ანგარიშვალდებულებას რაც შეეხება, თვლით, რომ ეს ანგარიშვალდებულებაა? ჩემთვის, უბრალოდ, ეს იყო პატივისცემა იმ წლები თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირდებდა. ეს ჩემი პრინციპია, ეს ჩემი ფასეულობები იყო და მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი". - ამბობს ის ტელეკომპანია პირველთან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩააყენა თუ არა საქმის კურსში კახა კალაძე მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, გახარია პასუხობს, რომ არა, თუმცა, მისივე სიტყვებით, "იგივე ფასეულობით" დაურეკა ბიძინა ივანიშვილს - რათა მას გადადგომის შესახებ ტელევიზორიდან არ გაეგო.

"ეს მხოლოდ ფასეულობების თემაა. ზოგიერთს ეს არ ესმის. მე არ მინახავს, უბრალოდ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ძაან გული დამწყდა, თუ ეს სიმართლეა, თურმე კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვსი მოვიდა, რა უნდოდაო. ეს ნათქვამი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ალბათ მართლა შევცდი და ტყუილად მივედი". - ამბობს გიორგი გახარია ტელეკომპანია პირველთან.  

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან "იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე". შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კალაძემაც - "სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე – მითხრა, კანდიდატურას ვაყენებო".

თავად გიორგი გახარიამ კახა კალაძესთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა, რომ "ტყუილია, ტყუილებს ყვება. არა, არა, ეს ტყუილია, რა თქმა უნდა. მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების". ამასთან, მან კახა კალაძესთან შეხვედრაც უარყო

თუმცა, მას შემდეგ, რაც გახარიამ კალაძესთან შეხვედრა თავად უარყო, ფაქტი დაადასტურა მისი გუნდის წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ. ქემოკლიძემ თქვა, რომ შეხვედრა თბილისის მერიაში "დღისით, მზისით შედგა" და, მისივე მტკიცებით, გახარიამ არა კალაძესთან შეხვედრა, არამედ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის ნარატივი უარყო. 

1-ელ სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიამ საკუთარი თავი წარადგინა

კომენტარები