არჩევნები 2021

კალაძე გახარიაზე: სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე – მითხრა, კანდიდატურას ვაყენებო

გახარია

"სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე, მითხრა, კანდიდატურას ვეყენებო". - თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია მას გუშინ, 1-ელ სექტემბერს თავისი ინიციატივით შეხვდა. 

"მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი - მერიაში ვარ და მერიაში მოდი-მეთქი. გუშინ დილით იყო ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. ჩემთან მანამდე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე, იყო, რომ ის აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა, ეს ტეელვიზიით გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერ გავიგე". - ამბობს კახა კალაძე. 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან "იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე". 

თავად გიორგი გახარიამ კახა კალაძესთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა, რომ "ტყუილია, ტყუილებს ყვება. არა, არა, ეს ტყუილია, რა თქმა უნდა. მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების". ამასთან, მან კახა კალაძესთან შეხვედრაც უარყო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც გახარიამ კალაძესთან შეხვედრა თავად უარყო, ფაქტი დაადასტურა მისი გუნდის წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ. ქემოკლიძემ თქვა, რომ შეხვედრა თბილისის მერიაში "დღისით, მზისით შედგა" და, მისივე მტკიცებით, გახარიამ არა კალაძესთან შეხვედრა, არამედ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის ნარატივი უარყო. 

გუშინ, 1-ელ სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიამ საკუთარი თავი წარადგინა

კომენტარები