არჩევნები 2021

კობახიძე: მიგვანიშნეს, თუ ფინანსურად მხარს დავუჭერდით, გახარია კანდიდატურას არ დააყენებდა

"იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე. იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტიამ საქართველოსთვის ამაზე "შესაბამისი პასუხი" მიიღო.

"ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მგონი კეზერაშვილში ვეშლებით, რაც ასე ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი იყო ამასთან დაკავშირებით შესაბამისი. ამის შემდეგ იყო არაერთგზის, მისწერა მესიჯი, ურეკავდა კახა კალაძეს გახარია გუშინდელი დღის განმავლობაში და წერდა, თუ დაუკავშირდებოდა, სადაც უნდოდა, იქ შეხვდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კახა კალაძესა და გახარიას შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია, მისი თქმით, აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს ეს გაეგო ტელევიზიის მეშვეობით, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ის ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ საუბრის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

პარტიის საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მტკიცებით კი, ქართული ოცნების წევრები იტყუებიან.

"მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების. ამ ხალხს, ორგანიზაცია ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს, იმის ნახევარი მაინც რომ გაეკეთებინათ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ რვა წლის განმავლობაში, მათთან ბრძოლაში, რასაც დღეს აკეთებენ ჩვენ წინააღმდეგ, დღეს ჩვენი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ იქნებოდა და სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში" - ამბობს გახარია.

კომენტარები