ავღანეთი

"რაც უფრო მალე მოვრჩებით, მით უკეთესი" – ბაიდენმა ავღანეთში ევაკუაციის ბოლო ვადა არ გადასწია

ჯო ბაიდენი, 2021 წლის 24 აგვისტო
The Washington Post

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, რომ აშშ-ს საევაკუაციო მისია ავღანეთში ამჟამინდელ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დაასრულოს. თუმცა, მან გასცა განკარგულება, რომ პენტაგონმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა იმუშაონ დამზღვევ გეგმაზე, თუკი 31 აგვისტომდე ევაკუაციის დასრულება ვერ მოხერხდება.

"რაც უფრო მალე დავასრულებთ, მით უკეთესი. [საევაკუაციო] ოპერაციების ყოველ დღეს ჩვენი სამხედროების მიმართ საფრთხე იზრდება". – თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ევაკუაციის დროულად დასრულება თალიბანზეა დამოკიდებული და დაჯგუფებამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს. სწორედ ამიტომ, პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით გეგმაზე იმუშავებენ. 

ამ ეტაპისთვის, ავღანეთიდან 70 000-მდე ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები