არჩევნები 2021

"5 ნომრით, გაერთიანებული ოპოზიციიდან" – მაჩალიკაშვილი დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ანა კორკელია

მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოში დუისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ინფორმაცია ტაბულას მაჩალიკაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად, 5 ნომრით მიიღებს. 

"მე ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვესაუბრე ხეობაში და არცერთმა არ გაბედა - კი არ ეშინიათ, პრობლემებს უქმნიან. ყველა პარტიის ახლო მეგობარი ვარ და ყველა პარტიას მხარს ვუჭერ, იმისთვის, რომ ეს მახინჯი სისტემა მოვაშოროთ. სოფელში გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც დამოუკიდებლად გავიდოდა და მე მას დავუჭერდი მხარს, მაგრამ საინიციატივო ჯგუფის შექმნის ვადა რომ ამოიწურა, მეორე დილით დამირეკა და მითხრა, უშიშროებაში ვიყავი დაბარებული, მაჩალიკაშვილს რატომ შეხვდიო, ეტყობა, შეშინებული იყო.  

გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით, ოპოზიციის კანდიდატი ვიქნები. ყველამ კარგად ვიცით, ჩემთვის ნაციონალი, ლეიბორისტი, კანონი და სამართალი, ლელო, ნებისმიერი პარტია ყველას პატივს ვცემ და ვთანამშრომლობ ნებისმიერ ლიდერთან. ყველა პარტიას ვუჭერ მხარს, მაგრამ აქ ისე გამოვიდა, რომ აქედან უნდა მეყარა კენჭი". – ამბობს მაჩალიკაშვილი ტაბულასთან საუბარში.   

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები