პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

უყურადღებო და მოუსვენარი ბავშვების სინდრომი – ინტერვიუ ფსიქოლოგ ჯანა კახიანთან

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

უყურადღებო და მოუსვენარი ბავშვების სინდრომი – ინტერვიუ ფსიქოლოგ ჯანა კახიანთან

ერთი წუთით, სკოლის პერიოდი გაიხსენეთ. თქვენი საკლასო ოთახი, სადაც გაკვეთილი მიმდინარეობს და ათობით გაფაციცებული მოსწავლე მასწავლებლის მონოლოგს უსმენს. ყველა, ერთის გარდა. ერთ-ერთი თქვენგანი ადგილზე ვერ ისვენებს, თითქოს ეკლებზე ზის, ცქმუტავს, აქეთ-იქით იხედება, ცდილობს, მეგობრებს გაესაუბროს, თმაზე მოქაჩოს, გააცინოს. მასწავლებლის შენიშვნის მიუხედავად, იგი სხეულისა და გონების დამორჩილებას ვერ ახერხებს, გაკვეთილზე კონცენტრაცია უჭირს და ვერც დამჯდარი ისვენებს. ყველაფერი იმით სრულდება, რომ მასწავლებელი მის მშობელს სკოლაში მოსვლას სთხოვს და უხსნის, რომ მისი შვილი სხვებისგან განსხვავებულია, რომ მასთან მუშაობა რთულია და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მსგავსი გამოცდილება ყველას გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ბავშვებს საზოგადოება მოუსვენრად იცნობს, სამედიცინო პროფესიონალები განსხვავებულ ტერმინს ამჯობინებენ. არსებობს ალბათობა, რომ ზემოთ აღწერილ ბავშვს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი – შემოკლებით, ADHD – აქვს.

ADHD ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომელიც თავს ბავშვობიდან იჩენს. ხშირ შემთხვევაში, დარღვევა, რომელსაც საზოგადოება მოუსვენრობის სახელით იცნობენ, მთელი მოზარდობის ასაკის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, ზრდასრულობაში ქრება ან ფერმკრთალდება. შედარებით იშვიათ შემთხვევებში, სინდრომი შეიძლება მთელი ცხოვრება გრძელდებოდეს.

ADHD-ის მქონე ბავშვებს კონცენტრაციის, ყურადღების პრობლემა აქვთ, არიან იმპულსურები და უჭირთ საკუთარი მოტორული ფუნქციების კონტროლირება, არიან ჰიპერაქტიურები, იშვიათად იღლებიან, ზოგჯერ ავლენენ არანორმატიულ ქცევასა და სხვა.

სამწუხაროდ, ნაკლებგანვითარებულ საზოგადოებებში ასეთი ბავშვები სოციალური წნეხის ქვეშ არიან. რადგან ხშირად მშობლებს, მასწავლებლებსა თუ მათ მეგობრებს არ შეუძლიათ ბავშვის ქცევაში დარღვევის აღმოჩენა, ისინი სტიგმატიზებულები ხდებიან, როგორც მოუსვენრები, უზრდელები, უვიცები, უნიჭოები და სხვა.

იმისათვის, რომ ბავშვს სინდრომთან გამკლავებაში დავეხმაროთ, პირველ რიგში მას ეს სტიგმები უნდა მოვაშოროთ და დავინტერესდეთ, კონკრეტულად რა შეიძლება იწვევდეს მის უყურადღებობას და ცუდ ნიშნებს. ამ და მონათესავე თემების შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ფსიქოლოგ დარეჯან ჯანა კახიანს ვესაუბრეთ, რომლის ექსპერტიზა კონკრეტულად ბავშვის ფსიქოლოგიაში, განვითარების ფსიქოლოგიასა და განვითარების დარღვევებზე კონცენტრირდება.

რა არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი? საქმე გვაქვს ფსიქიკურ აშლილობასთან თუ რომელიმე სხვა სამედიცინო კონდიციასთან?

რა არის ADHD? DSM-V-ის განმარტებით, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომელიც მოიცავს სამ ძირითად სიმპტომს: ჰიპერაქტიურობას, იმპულსურობას და უყურადღებობას. სამივე სიმპტომი უნდა იყოს ასაკთან შეუსაბამო. კერძოდ, თუ სკოლამდელი ბავშვი ავლენს იმპულსურობასა და უყურადღებობას, არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საქმე რაიმე დარღვევას ეხება. მაგრამ როცა სიმპტომებს სკოლის მოსწავლეში ვხვდებით, ვუშვებთ, რომ მისი ასაკი მას საკუთარ თავზე მეტ კონტროლს უნდა აძლევდეს. ამ დროს იწყება საუბარი იმაზე, ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე დარღვევასთან. იმის გამო, რომ სიმპტომატიკის ასაკთან შესაფერისობის დადგენა სუბიექტურ განსჯას გულისხმობს, არსებობდნენ პროფესიონალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ADHD ფანტომური დაავადებაა და მასწავლებლები და მშობლები ჯანმრთელ, მაგრამ ჰიპერაქტიურ ბავშვებს სამედიცინო იარლიყებს აწერენ.

მსგავსი შეხედულება ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებით ძლიერია. მაგალითად, თუ მდგომარეობა უკიდურესად არ მძიმდება, მშობელს ბავშვი ფსიქოლოგთან არ მიჰყავს – უშვებს, რომ იგი უბრალოდ ცელქია. პრობლემას განსაკუთრებით მამები ვერ ხედავენ – ხშირია ისეთი ფრაზები, როგორიცაა „რად მინდა ლოქო ბავშვი, ძალიანაც კარგი, რომ ცელქია“.

რას ვგულისხმობთ უყურადღებობაში? ბავშვს აქვს კონცენტრაციის პრობლემა. ყურადღება მუდმივად გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე. ხშირია შემთხვევები, როცა ექიმები და ფსიქოლოგები მასწავლებლებს აფრთხილებენ, არ დასვან ბავშვი ფანჯარასთან ახლოს, რათა გარემო არ აღმოჩნდეს მისი ყურადღების დამატებით გაფანტვის საფუძველი. Გაფანტულობის გამო, მათ ხშირად უჭირთ ინსტრუქციის მოსმენა – როგორც კი მასწავლებელი მათ 2-3 საფეხურიან დავალებას აძლევთ, როგორც წესი, იმახსოვრებენ მხოლოდ თავს ან ბოლოს და არა სრულ ინსტრუქციას.

რაც შეეხება იმპულსურობასა და ჰიპერაქტიურობას, ბავშვს უჭირს ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება. ერთი სული აქვს, ადგეს და გავარდეს, ირბინოს, იხტუნაოს. სულ მოძრაობს. დღის ბოლოს, როცა მშობელს ჰგონია, რომ დაიღალა და ახლა მაინც დამშვიდდება, ბავშვი იწყებს სირბილს მაგიდის გარშემო. მე მქონია შემთხვევა, როცა სიტუაციის შესამოწმებლად ბავშვთან სახლში მისულს, ყველა ფანჯარა და კარი ჩარაზული დამხვდა. ამის მიზეზი სწორედ იმპულსურობაა – ბავშვი, შესაძლოა, ისე გადავარდეს ფანჯრიდან, რომ ეს თავადაც კი ვერ გააცნობიეროს. ასეთ ბავშვებში ქმედების შედეგების აბსოლუტურ გაუთვალისწინებლობას ვაწყდებით, თითქოს ნებელობა არც კი აქვთ, მოტორული იმპულსის შეკავების უნარი არ გააჩნიათ.

ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ დაავადება პერვაზიულია. კერძოდ, ბავშვი სამივე სიმპტომს ავლენს არამხოლოდ სკოლაში, არამედ სახლშიც და სხვა ნებისმიერ ადგილას. თუ გვაქვს შემთხვევა, რომ ბავშვი უყურადღებო, იმპულსური და ჰიპერაქტიურია სახლში, მაგრამ ავლენს ნორმალურ ქცევას საკლასო ოთახში, ADHD-ზე ვერ ვისაუბრებთ.

ყურადღების დეფიციტის სინდრომს თან ახლავს სხვა დაავადებებიც: დისლექსია, სხვადასხვა  სახის შეზღუდული უნარები, ხშირად გვხვდება ტიკური აშლილობები, მაგალითად, ტურეტის სინდრომი. შეიძლება პარალელურად ვითარდებოდეს სერიოზული ფსიქიკური აშლილობებიც, როგორიცაა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და სხვა.

ADHD-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს ნეიროგანვითარების დარღვევასთან, რომელიც ასოცირებულია თავის ტვინის პრეფრონტალურ კორტექსტში, ანუ შუბლის წილში, ნეიროგადამცემების, უფრო მეტად – ნორეპინეფრინის, ნაკლებობასთან. ანუ საქმე გვაქვს უფრო დისფუნქციასთან, ნივთიერებათა ცვლის მოშლასთან, ვიდრე ორგანულ, სისტემურ დარღვევასთან.

როგორია დაავადების გავრცელება ზოგადად მოსახლეობაში და ხომ არ იყოფა იგი სქესის ან სხვა რომელიმე ფაქტორის მიხედვით?

როგორც წესი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ბიჭებში 3-5-ჯერ უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე გოგოებში. თუმცა, ბოლო ხანებში მომრავლდა კვლევები იმის თაობაზე, რომ სინამდვილეში, გოგოებში სინდრომს, შესაძლოა, იმავე სიხშირით ვხვდებოდეთ, მაგრამ განსხვავებული სიმპტომატიკით. კერძოდ, სამეცნიერო წრეებში ასხვავებენ ორი ტიპის სინდრომს – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს (ADHD) და მხოლოდ ყურადღების დეფიციტის სინდრომს (ADD), ჰიპერაქტივობის ნაწილის გარეშე. მიიჩნევა, რომ გოგოებში უფრო ხშირად სწორედ ADD გვხვდება, როცა ბიჭები უფრო მეტად არიან ჰიპერაქტიურები. რაც შეეხება დარღვევის გავრცელების დონეს სხვადასხვა პერიოდებში, მართლაც არსებობს მოსაზრება, რომ გამოვლენის სიხშირე იზრდება, ისევე, როგორც აუტიზმის შემთხვევაში. თუმცა, უფრო შეჯერებული ახსნა ისაა, რომ სამედიცინო საზოგადოებამ დარღვევის დიაგნოსტირება, აღმოჩენა ისწავლა, თორემ ასეთი ბავშვები, სავარაუდოდ, სულ იარსებებდნენ. პირველი სერიოზული სტატია ADHD-ის შესახებ უახლოეს წარსულში, 1902 წელს გამოქვეყნდა, მაშინ არც დარღვევის კლასიფიკაცია არსებობდა, არც სიმპტომატიკის ენციკლოპედია და არც გავრცელების მაჩვენებელი. დროთა განმავლობაში მიდგომები დაიხვეწა, შეიქმნა გაიდლაინები, კრიტერიუმები და პროფესიონალებს მიეცათ საშუალება, დარღვევისთვის თავისი სახელი დაერქმიათ. რაც შეეხება გავრცელების მაჩვენებელს, ითვლება, რომ ეს არის მთლიანი პოპულაციის 3-5%, თუმცა არსებობს კვლევები, სადაც 10%-ზეცაა საუბარი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ თავის დროზე ჩავატარეთ ეპიდემიოლოგიური კვლევა არა მთლიანი ქვეყნის, არამედ თბილისის მასშტაბით და დაახლოებით 3%-იან გავრცელების დონეზე შევჯერდით. როგორია სიტუაცია დედაქალაქის გარეთ, ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ გვაქვს.

როგორ ხდება დარღვევის დიაგნოსტირება და რა კრიტერიუმებს იყენებს პროფესიონალი? როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება?

დარღვევის პერვაზიულობიდან გამომდინარე, ბავშვზე დაკვირვება უნდა მოხდეს მის ყველა სამყოფელში, იქნება ეს სკოლა, ოჯახი თუ სხვა. გავრცელებული მიდგომის თანახმად, დარღვევის დიაგნოსტირება 6 წლამდე ბავშვებში არ ხდება, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ADHD-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები ასაკთან შეუსაბამო უნდა იყოს, რისი დადგენაც მცირე ასაკში რთულია. თუმცა, DSM სახელმძღვანელოს ბოლო გადახედვის მიხედვით, დიაგნოზის დასასმელად ოპტიმალური ასაკი 12 წელია, რადგან მიიჩნევა, რომ დარღვევა პიკს ამ ასაკში აღწევს.  

სინამდვილეში, ეს დიაგნოზი წმინდად სამედიცინოა, მაგრამ იმდენი თანმდევი პრობლემა ჩნდება, რომ დგება ფსიქოლოგების, პედაგოგებისა მშობლების ერთობლივი ჩარევის საჭიროება. ADHD-ის მართვა მულტიდისციპლინურ, ჰოლისტურ მიდგომას საჭიროებს, შესაბამისად, დიაგნოსტირებაც ასე გუნდურად ხდება. რას ვგულისხმობთ ამ პრობლემებში? უყურადღებობა, იმპულსურობა და ჰიპერაქტიურობა ბადებს პრობლემებს კოგნიტურ ნაწილში, მაგალითად, აკადემიურ მოსწრებაში, სოციალურ ნაწილში, მაგალითად, თანატოლების მიერ მიუღებლობა და მარგინალიზება, რადგან ADHD-ის მქონე ბავშვებს არ შეუძლიათ თამაშის დროს წესების დაცვა, რიგში ჩადგომა და სხვა. რადგან თავად არ ესმით, რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა, ამ ბავშვებს უჩნდებათ თვითშეფასების პრობლემები, რადგან გამოდის, რომ ისინი არავის მოსწონს – არც მასწავლებლებს, არც მშობლებს, არც თანატოლებს.

ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში, მშობლები ფსიქიატრებს მაქსიმალურად ერიდებიან, ჰგონიათ, რომ ფსიქიატრები მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზებს სვამენ. არადა, დასავლეთში ამ დარღვევის დიაგნოსტირება სწორედაც რომ ფსიქიატრის კომპეტენციაა. ჩვენთან უპირატესობა ენიჭებათ ნევროლოგებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაკლებად ასოცირდებიან ფსიქიკურ დაავადებებთან და მშობლებს ამ გადაწყვეტილების მიღება უადვილდებათ, თუმცა, რადგან ნევროლოგიური ცვლილებები ამ დარღვევის მიმდინარეობისას მინიმალურია, ნევროპათოლოგები მათ საბოლოოდ ფსიქოლოგებთან ამისამართებენ.

დიაგნოსტირების პროცესში გამოიყენება კითხვარებიც. მაგალითად, ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ვანდერბილტის კითხვარს ვიყენებთ, რომელიც ბავშვის მდგომარეობის შეფასების საშუალებას გვაძლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ კითხვარს მშობელი ავსებს და არა ბავშვი. კითხვარების შევსების შემდეგ იწყება ბავშვთან საუბარი, ინტერვიუირება, მასზე დაკვირვება სკოლაში, ეზოსა და სახლში. აუცილებლად უნდა გაიზომოს მისი ინტელექტის კოეფიციენტი, რადგან ზოგჯერ შეუსაბამო ქცევები მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენითაა გამოწვეული და არა აშლილობით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, დავსვათ კითხვა, რამდენი ხანია ვლინდება სიმპტომები. თუ მდგომარეობა ბოლო ხანებში შეიცვალა, შეიძლება საქმე გვქონდეს პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობასთან ან სხვა ტიპის დიაგნოზთან. მაგალითად, გარკვეული ტრავმის შემდეგ სავსებით შესაძლებელია, წყნარი ბავშვი რადიკალურად შეიცვალოს და არა დეპრესიული ან ჩუმი, არამედ ჰიპერაქტიური გახდეს.

როდესაც მშობელს ბავშვი პირველად მიჰყავს პროფესიონალთან, დიაგნოზის დასმა, შესაძლოა, იმანაც გაართულოს, რომ ბავშვი, ახალი გარემოთი, IQ ტესტით ან საინტერესო კითხვარებით დაინტერესდეს და კონცენტრაციის მაღალ დონესა და სიმშვიდეს ავლენდეს. მარტივად რომ ვთქვათ, დიაგნოზის დასმის პროცესში ჩაერთოს. მქონია შემთხვევები, როცა საათნახევრის განმავლობაში ADHD-ის დიაგნოზის მქონე ბავშვი მშვიდად იჯდა და IQ ტესტს აკეთებდა. ამიტომ, პირველ ჯერზე სიტუაციის შეფასება რთულია, ამ დროს ჰიპერაქტიურობის ნაწილი არ ჩანს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სხვადასხვა სივრცეში დაკვირვება.

დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება მთელი რიგი ინსტრუქციების გაცემა მასწავლებლებზე, მშობლებზე, ახლობლებზე და ა.შ. ინსტრუქციები მოიცავს გაიდლაინებს, თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ამ ბავშვებს, სად და ვისთან ერთად დავსვათ საკლასო ოთახში, როგორ მოვექცეთ სახლში, რის უფლება მივცეთ და რის არა და ა.შ.

რა ხდება დიაგნოზის დასმის შემდეგ? როგორია ADHD-ის მკურნალობის მეთოდი? გამოიყენება თუ არა პროცესში რაიმე ჯგუფის მედიკამენტები?

ეს დარღვევა ძალიან თავისებურია, რაც მკურნალობის მეთოდებშიც ისახება. მაგალითად, როცა ხედავთ მოუსვენარ, ჰიპერაქტიურ ბავშვს და ფიქრობთ, რა ჯგუფის წამლის დანიშვნა იქნებოდა შესაფერისი ამ დროს, ალბათ არჩევანს დამამშვიდებელზე გააკეთებდით, თუმცა, ეს შეცდომა იქნებოდა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ADHD-ის მქონე ბავშვებს ფსიქოსტიმულანტები სჭირდებათ, მაგალითად, კოფეინი. ჩემი ერთი პაციენტი მეუბნებოდა, რომ ბავშვი აქტიურად გამოხატავს ყავის სმის სურვილს. თითქოს, მისი ორგანიზმი ითხოვს იმას, რაც აკლია.

მკურნალობის მეთოდები განსხვავებულია ევროპასა და ამერიკაში. შეერთებულ შტატებში ფართოდაა გავრცელებული ბავშვებისთვის ფსიქოსტიმულანტების მიცემა. ევროპულ ნაწილში წამლების გამოყენების მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი და სანაცვლოდ სწორ მიდგომას, აღზრდას, მშობლების განათლებას და სხვადასხვა ტიპის ინსტრუქტაჟების გაცემას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, არ მსმენია არცერთი საჯარო სკოლის შესახებ, რომელიც დიაგნოზის მქონე ბავშვს მედიკამენტური მკურნალობის გარეშე მიიღებდა.

როგორია ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოში?

საქართველოში ძალიან დიდი ხანია, რიტალინი მოხმარებიდანაა ამოღებული. მხოლოდ ბოლო ხანებში დაიწყო საუბარი მის ჩაბრუნებაზე. თავის დროზე მისი ამოღება ნარკოპოლიტიკის ნაწილი იყო, რადგან პრეპარატი აქტიურად გამოიყენებოდა არამიზნობრივად, როგორც სტიმულანტი.

ზოგიერთი ქართველი ფსიქოლოგის აზრით, პრეპარატის გამოყენების დაშვება უფრო მეტ ბოროტებას მოიტანს, ვიდრე სიკეთეს. მაგალითად, ჩემი კოლეგების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს ზედიაგნოსტირებას და ყველა ბავშვისთვის, საჭიროების მიუხედავად, მედიკამენტის დანიშვნას.

საბოლოო ჯამში, მედიკამენტური მკურნალობა გამართლებული მხოლოდ მძიმე ფორმებშია. როდესაც გვაქვს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევა, არჩევანი კონკრეტულ ინსტრუქციებზე უნდა შევაჩეროთ, რაც, როგორც უკვე ვთქვით, მასწავლებლების, მშობლებისა და სხვა ზრდასრულების გადამზადებას გულისხმობს.

ინსტრუქტაჟისა და მედიკამენტური მკურნალობის გარდა, გვხვდება შედარებით ინოვაციური მართვის გზებიც. მაგალითად, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ADHD-ის მქონე ბავშვებზე პოზიტიურად მოქმედებს კომპიუტერული თამაშები, რადგან ერთი მხრივ, ისინი მათში ინტერესს იწვევენ, მეორე მხრივ კი სრულ კონცენტრაციასა და უმოძრაობას საჭიროებენ. თუმცა, აქაც ჩნდება ეჭვები, რამდენ ხანს გაჰყვება ბავშვს ეს სიმშვიდე და კონცენტრაცია თამაშის დასრულების შემდეგ.

ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებით გამოიყენება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომლის ფარგლებშიც ბავშვი სწავლობს საკუთარი მოტორული ფუნქციების უკეთ კონტროლირებას, სიბრაზის, იმპულსურობის მართვას, ქაოტური ქმედებებისგან თავის შეკავებას და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ექსპერიმენტული ან ინდივიდუალიზებული მკურნალობის მეთოდი არსებობს, სამწუხაროდ, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ერთადერთი სწორი გზა არ გვაქვს. თითქმის ყოველთვის, პაციენტის ოჯახი პროფესიონალთან კონსულტაციის შემდეგ თავად ირჩევს, რომელი გზით წავიდეს.

რა ფაქტორები განაპირობებს ADHD-ის განვითარებას? არსებობს თუ არა ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები, რომლებიც ზოგიერთ ბავშვს დარღვევის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის?

უმთავრეს რისკფაქტორად გენეტიკა მიიჩნევა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, თუ პირველი ჯგუფის ნათესავს ამ დარღვევის ისტორია აქვს, ბავშვში მისი განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ასევე, თითქმის ყოველთვის, თუ დარღვევა ვლინდება ერთ ტყუპში, იგი გვხვდება მეორეშიც. გენეტიკური ფაქტორების გარდა, შეგვიძლია, ვისაუბროთ პრე და პოსტნატალურ პერიოდებში განვითარებულ დარღვევებზე, რაც შეიძლება იყოს დღენაკლულობა, მცირე წონა, ტრავმები, დედის მიერ ბავშვის მუცლადყოფნის დროს მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები(ნარკოტიკი, ნიკოტინი, ალკოჰოლი) და სხვა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია გაირჩეს, დედის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები თავის მხრივ ხომ არ უკავშირდება ADHD-ის, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ დარღვევა დედასაც აღენიშნება და ბავშვში მისი გამოვლენა გენეტიკური ფაქტორი იქნება და არა პრენატალური. ამას გარდა, მიიჩნევა, რომ გარკვეული ტვინის დარღვევები შეიძლება იყოს ADHD-ის განვითარების საფუძველი ან ბიძგის მიმცემი, თუმცა კონკრეტული ფაქტორი, რომელსაც დაავადების გამომწვევად შევრაცხავდით, არ გვაქვს.

ამ პრობლემის აქტუალობა და მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ  ADHD-ის მქონე ბავშვებს, თავისი სიძნელეების გამო, აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ სფეროში, ძალიან ხშირად აღენიშნებათ სერიოზული პიროვნული პრობლემები და პირველ რიგში, დაბალი თვითშეფასება და აგრესიულობა. სერიოზული პიროვნული პრობლემები მომავალში დევიაციური ქცევის გაჩენის საშიშროების საფუძველს წარმოადგენს, ანუ, ეს ბავშვები, მეტი ალბათობით, წარმოადგენენ ანტისოციალური ქცევის რისკ-ჯგუფს, ამდენად, სინდრომის მქონე ბავშვების დროული გამოვლენა და დახმარების გზების დასახვა  უაღრესად მნიშვნელოვანია. დროული დახმარება ესაჭიროებათ სინდრომის მქონე იმ ბავშვებსაც, რომლებიც მაღალი გონებრივი განვითარებით გამოირჩევიან, თუმცა ხშირად აწყდებიან ბევრ სიძნელეს, მათ შორის, აკადემიურ სფეროშიც. სწორი მიდგომები და ქმედითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ასეთი ბავშვების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას.

 

კომენტარები