პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

როგორ მოვიქცეთ, როცა ახლობელ ადამიანს დეპრესია აქვს – რა (არ) უნდა გავაკეთოთ?

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

როგორ მოვიქცეთ, როცა ახლობელ ადამიანს დეპრესია აქვს – რა (არ) უნდა გავაკეთოთ?

შეერთებული შტატების მენტალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 7%-ზე მეტს 2017 წელს ერთი დეპრესიული ეპიზოდი მაინც ჰქონდა. ამას გარდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, დეპრესია გლობალური მასშტაბის დაავადებაა – დროის ნებისმიერ მომენტში, 300 მილიონი ადამიანი დეპრესიით ცხოვრობს.

ზოგადად ფსიქიკურ აშლილობებში – რომლის ერთ-ერთი ფორმა მაინც, ჯამურად, 800 მილიონამდე ადამიანს აწუხებს – დეპრესია გავრცელებით მეორე ადგილზეა და მიიჩნევა, რომ პოპულაციის 3.44%-ს მოიცავს. მიუხედავად დიდი მასშტაბებისა, რეალობა, სავარაუდოდ, უფრო მძიმეა. ფსიქიკური დაავადებები ჯერ კიდევ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებზეც ადამიანები, სტიგმების შიშითა თუ დაბალი ცნობიერების გამო არ საუბრობენ.

რა არის დეპრესია? – მოკლედ

ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს, DSM-V-ის მიხედვით, დეპრესია გუნებაგანწყობის აშლილობაა, რომელსაც ღრმა სევდის ან სიცარიელის განცდა და მოტივაციისა და საყვარელი საქმიანობების მიმართ ინტერესის დაკარგვა ახასიათებს და სიმპტომები მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. დეპრესია გავლენას ახდენს ჩვენს გრძნობებზე, ფიქრებსა და ქცევაზე და საბოლოოდ, მძიმე ემოციურ და ფიზიკურ პრობლემებამდე მივყავართ. მაგალითად, ღრმა კლინიკური დეპრესიით დაავადებული ადამიანისთვის, შესაძლოა, კბილების გახეხვა ან შხაპის მიღებაც კი შეუძლებელი ამოცანა იყოს. დაავადების ყველაზე საშიში ეტაპი მაშინ დგება, როცა ადამიანი ცხოვრების გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავს.

მოწყენილობისგან განსხვავებით დეპრესია სერიოზული დაავადებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის სისუსტესთან ან "ტიპთან". მცდარი შეხედულების საპირისპიროდ, დაავადებულ ადამიანს "თავის ხელში აყვანა" არ შეუძლია, ისევე, როგორც დიაბეტის მქონე ადამიანი ვერ დაარეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას "თავის ხელში აყვანით". დეპრესიას ხანგრძლივი მართვა და მკურნალობა სჭირდება. იმ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებიც დაავადებას ფსიქოთერაპიის, მედიკამენტების ან მათი კომბინაციით მართავენ, ბედნიერი და შეუზღუდავი ცხოვრება აქვთ.

სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

თუ თქვენი ახლობელი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე ერთს ან რამდენიმეს ერთობლივად ავლენს, შესაძლოა, ეს დეპრესიის გამოვლინება იყოს:

  • სევდიანობა, ტირილი, სიცარიელის განცდა ან/და უიმედობა;
  • სიბრაზე, გაღიზიანებადობა, ფეთქებადობა, ხშირად უმნიშვნელო მიზეზით;
  • ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობის მიმართ, ლიბიდოს გაქრობა;
  • ძილის პრობლემები: უძილობა ან/და ზედმეტი ძილიანობა;
  • მუდმივი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა;
  • უმადობა და წონის კლება ან უნორმო ჭამის სურვილი და წონის მატება;
  • კონცენტრაციისა და აზროვნების გართულება;
  • სუიციდური ფიქრები, დანაშაულის გრძნობა ან/და სუიციდის მცდელობა;
  • განელებული ინტერესი თქვენთან ურთიერთობის მიმართ.

დახმარების ხელი – რა უნდა გავაკეთოთ?

1.      მოუსმინეთ, მაგრამ არ განსაჯოთ

აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ. შეგიძლიათ, საუბარი სპეციფიკური კითხვების დასმითაც დაიწყოთ, მაგალითად – „ვატყობ, რომ ბოლო ხანებში სევდიანი ხარ, რა ხდება?“. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, შესაძლოა, საუბარი და გულის გადაშლა უნდოდეს, მაგრამ არა თქვენი სუბიექტური რჩევების მიღება, ამიტომ გამოსავლის შეთავაზებასთან, სჯობს, ფრთხილად იყოთ.

შეგიძლიათ ე.წ. აქტიური მოსმენის რამდენიმე ტექნიკას მიმართოთ:

  • დასვით კითხვები, რათა სიტუაციის არსს რეალურად ჩაწვდეთ, ნუ ჩათვლით, რომ ყველაფერი ისედაც ცხადია, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია;
  • სერიოზულად აღიქვით მათი პრობლემები და განცდები. ხშირად გამოიყენეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა „მართლაც რთულად ჟღერს, ძალიან მწყინს, რომ ეს შეგემთხვა“;
  • გამოხატეთ ემპათია და ინტერესი სხეულის ენის გამოყენებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ახლობელი ადამიანი, შესაძლოა, თქვენი მშობელი ან შვილი იყოს, მათთვის გულის გადაშლა უფრო რთული იქნება, ვიდრე მეგობრისთვის, ამიტომ პირველივე ჯერზე წარმატებული, ღრმა საუბრის მოლოდინი არ გქონდეთ. მთავარია, ვერბალური მხარდაჭერა რეგულარულად გამოხატოთ და მის გრძნობებს ჩაეძიოთ. უბრალოდ მოიკითხეთ.

2. დაეხმარეთ და უბიძგეთ, მიმართოს პროფესიონალს

სავსებით შესაძლებელია, თქვენს ახლობელს დეპრესიაზე, მის რაობაზე, სიმპტომებსა და პოტენციური მკურნალობის გზებზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს და ფიქრობდეს, რომ უბრალოდ უბედურია, რთული ცხოვრება აქვს ან რამისთვის ისჯება. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით საშიში და ალბათური მოზარდის შემთხვევაში ხდება, ამიტომ ყურადღება გმართებთ.

თქვენს ახლობელს, ერთი მხრივ, დეპრესიის შესახებ უნდა მიაწოდოთ საფუძვლიანი ინფორმაცია, მეორე მხრივ კი დახმარების ძიებისკენ მიმართოთ. ხშირია შემთხვევებიც, როცა ადამიანები საკუთარ მდგომარეობას იაზრებენ, მაგრამ ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან მისვლას ვერ ბედავენ, აქ თქვენი როლი ძალიან დიდია. თუმცა, ეს როლი დაძალებას არ გულისხმობს. როგორც ექიმი-ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი ტაბულასთან საუბრისას აღნიშნავს, „დაძალება გამოსავალი ვერ იქნება, ამით მისგან მხოლოდ მანიპულაციურ ქცევას მიიღებთ. მაგალითად, შეიძლება პროფესიონალთან კონსულტაციაზე წამოგყვეთ, მაგრამ დასმული დიაგნოზი უარყოს, რეალობა არ მიიღოს და არც შესაბამისი მკურნალობა დაიწყოს. ამიტომ, დაძალებას ყოველთვის საუბარი, პოზიტიური წახალისება სჯობს“.

აქვე შეიძლება იმის ახსნაც ღირდეს, რა განსხვავებაა ფსიქოთერაპევტსა და ფსიქიატრს შორის, რომელ მიმართულებას რა მახასიათებლები აქვს, რამდენ ხანს გრძელდება და ა.შ. მკურნალობის მეთოდებს შორის არჩევანი მან თავად უნდა გააკეთოს.

3. ეცადეთ, რომ დაწყებული მკურნალობა არ შეწყვიტოს

ცუდ დღეებში დეპრესიის მქონე თქვენს ახლობელს, შესაძლოა, არათუ სახლიდან გასვლა, არამედ ლოგინიდან ადგომაც კი არ უნდოდეს, ცუდი დღეები კი ზოგჯერ ცუდ კვირებად იქცევა ხოლმე. ასეთ პერიოდში პაციენტები ხშირად გაურკვეველი ვადით აუქმებენ ფსიქოთერაპევტთან ვიზიტებს, ან მკურნალობის გადადებაზე, დაპაუზებაზე იწყებენ ფიქრს.

თქვენი როლი ამის არ დაშვებაა, თუმცა არა ბრძანების ფორმით, მაგალითად, შეგიძლიათ ახლობელს გაახსენოთ წინა სეანსი, რომლის მერეც იგი თავს ბევრად იმედიანად და ხალისიანად გრძნობდა და უბიძგოთ, რომ არც დღევანდელ სესიაზე თქვას უარი. დეპრესია ვერაგი დაავადებაა, რომელთან დამოუკიდებლად გამკლავება შეუძლებელია და რაც უფრო დიდხანს რჩება ადამიანი მარტო საკუთარ თავთან, მით უფრო ღრმად ებმება იგი ამ ქსელში.

იმავეს თქმა შეგვიძლია მედიკამენტური მკურნალობის შესახებაც. თუ ვარაუდობთ ან იცით, რომ თქვენი ახლობელი გვერდითი ეფექტების ან სხვა მიზეზების გამო წამლების მიღებას წყვეტს, აუხსენით, რომ ამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად, მკურნალი ექიმის გარეშე მიღება დაუშვებელია და თუ მკურნალობის პროცესი მისთვის დისკომფორტს ქმნის, უმჯობესი იქნება, ფსიქიატრთან ვიზიტი დაჯავშნოს, რაშიც ასევე შეგიძლიათ მიეხმაროთ, მაგალითად, თქვენ დარეკოთ კლინიკაში.

აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტების ექიმის დაუკითხავად მიღება ან შეჩერება დაუშვებელია და შესაძლოა, პაციენტისთვის მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

4. მიიღეთ დეტალური ინფორმაცია დეპრესიის შესახებ

წარმოიდგინეთ, რომ ქრონიკული დაავადება გქონდეთ, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის და როცა თქვენი ჯანმრთელობით დაინტერესდებიან, ყოველთვის ახლიდან გიწევდეთ ახსნა. დამღლელი იქნებოდა, არა?

უმეტეს შემთხვევაში, დეპრესიის მქონე ადამიანებს სწორედ ამის კეთება უწევთ. ამიტომ, როგორც კარგმა მეგობარმა, მშობელმა ან შვილმა, დეპრესიის შესახებ ინფორმაცია თავად უნდა მოიძიოთ. ერთი მხრივ, თქვენი გათვითცნობიერებულობა თქვენს ახლობელს იმედს მისცემს, რომ მის პრობლემებს უკეთ გაიგებთ, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე მიიღებთ და მას ზურგს არ შეაქცევთ, რადგან გეცოდინებათ, დეპრესია როგორ მუშაობს. მეორე მხრივ, ეს დაგეხმარებათ, პოტენციურად საშიში სიმპტომები დროულად შენიშნოთ, როგორიცაა, მაგალითად, მიდრეკილება სუიციდისკენ.

ცხადია, აქ იმას არ ვგულისხმობთ, რომ ახლობელს სიმპტომები არ გამოკითხოთ, ბოლოს და ბოლოს, ამ დაავადების მიმდინარეობა ყველა ადამიანში ინდივიდუალურია, თუმცა, ზოგადად დეპრესიის შესახებ ინფორმაცია თავად უნდა მოიძიოთ. შეგიძლიათ აქედან დაიწყოთ.

5. დაეხმარეთ ყოველდღიური საქმეების კეთებაში

ეს ძალიან მნიშვნელოვანია! დეპრესიის დროს ისეთი ყოველდღიური ამოცანებიც კი, როგორიც კბილების გახეხვა ან შხაპის მიღებაა, შესაძლოა, ადამიანისთვის უსაფუძვლო ტანჯვასთან იყოს ასოცირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო სერიოზულ ამოცანებსა და, მაგალითად, კარიერულ ვალდებულებებზე.

თქვენი ახლობლისთვის დახმარების ხელის გაწვდენა ძალიან ბევრს შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ კითხვის სწორი ფორმის შერჩევა აქაც მნიშვნელოვანია. კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ – „თუ რამე დაგჭირდა, შემეხმიანე“, სჯობს უფრო კონკრეტული კითხვები დასვათ – „ხომ არ გინდა, მაღაზიაში ჩავიდე და პროდუქტები ამოგიტანო?“, ეს მას დიდ შვებას მოჰგვრის.

თუ ხედავთ, რომ მისთვის რთულია, ყოველდღიური ამოცანები თქვენ გადმოგაბაროთ, შეგიძლიათ შეხიდება შესთავაზოთ – იმის ნაცვლად, რომ საყიდლებზე მარტო წახვიდეთ, შეგიძლიათ, ერთად გაისეირნოთ, სადილიც ერთად მოამზადოთ და ა.შ.

6. იყავით მომთმენი

საბედნიეროდ, დეპრესია მკურნალობას ემორჩილება და ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ გრძნობებსა და ცხოვრებაზე კონტროლს დროთა განმავლობაში იბრუნებს, მაგრამ პროცესი ხანმოკლე არ არის და ზოგჯერ შეცდომებზე სწავლაც გვიწევს. მეტიც, ძალიან იშვიათია შემთხვევები, როცა პაციენტი ფსიქიატრის მიერ შერჩეულ პირველივე მედიკამენტზე რეაგირებდეს და სიმპტომები მცირდებოდეს, ეს ხანგრძლივი პროცესია და ხშირად რამდენიმე განსხვავებული მედიკამენტის მოსინჯვას საჭიროებს.

ამას გარდა, წარმატებული მკურნალობა სამწუხაროდ არც იმას ნიშნავს, რომ დეპრესია მთლიანად გაქრება. სიმპტომების შემცირების მიუხედავად, თქვენი მეგობარი „კარგად“ შესაძლოა მაინც არ იყოს, თქვენ ამ დროს მოთმინება გმართებთ.

ადამიანების უმრავლესობისთვის, დეპრესიის მართვა ერთი დიდი მოგზაურობაა და არა საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიღწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ახლობელი ზოგჯერ უფრო კარგად იქნება, ზოგჯერ უფრო ცუდად. მისგან ამაზე მეტს ნუ მოითხოვთ.

7. გაითვალისწინეთ, რომ დეპრესიის გამოვლინებები განსხვავებულია

საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია, რომ დეპრესია უხასიათობასთან და სევდასთანაა ასოცირებული, მაგრამ ეს დაავადების მრავალი სახიდან მხოლოდ ერთ-ერთია.

მაგალითად, დეპრესიის ნაკლებად ცნობილი სიმპტომების არასრული სია ასეთია:

  • სიბრაზე და გაღიზიანებადობა;
  • დაბნეულობა, მახსოვრობისა და ფოკუსირების პრობლემები;
  • ქრონიკული ფიზიკური დაღლილობა;
  • მუცლის, თავის, გულმკერდის ქრონიკული ტკივილი, რომლის უკანაც სხვა სამედიცინო კონდიცია არ დგას.

თქვენი ახლობელი, შესაძლოა, სულაც არ ამჟღავნებდეს სევდას და აგრესიული, ფეთქებადი იყოს, ან ქრონიკულ თავის ტკივილს უჩიოდეს, დიაგნოზის არარსებობის მიუხედავად. ასეთ დროს, შესაძლოა, საქმე დეპრესიასთან გვქონდეს.

ასე რომ, დეპრესიის შესახებ ინფორმაციის ქონა არამხოლოდ დიაგნოსტირებული ადამიანის დასახმარებლად გჭირდებათ, არამედ იმისთვისაც, რომ ბუნდოვანი სიმპტომები ამოიცნოთ და საქმეში დროულად ჩართოთ პროფესიონალი.

დახმარების ხელი – რა არ უნდა გავაკეთოთ?

1. ნუ მიიღებთ დეპრესიის ფონზე განვითარებულ პრობლემებს პერსონალურად

თქვენი ახლობლის დეპრესია თქვენი ბრალი არ არის, ისევე, როგორც არც მისი ბრალია.

თუ ხედავთ, რომ იგი თქვენთან ურთიერთობას ერიდება, აღარ მოგყვებათ სოციალურ აქტივობებზე, იშვიათ გეკონტაქტებათ, პარტნიორობის შემთხვევაში – აქვს შემცირებული ლიბიდო, არ უნდა ჩათვალოთ, რომ ეს თქვენი ბრალია, ეს დეპრესიის სიმპტომებია, რომელიც ახლო და შორ ადამიანს ერთმანეთისგან არ ასხვავებს.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არაფერი უნდა გეწყინოთ ან არაფერზე უნდა გაბრაზდეთ. უბრალოდ, ეცადეთ, რომ თქვენს ახლობელს თავი დამნაშავედ არ აგრძნობინოთ და მდგომარეობა უფრო არ დაუმძიმოთ. თუ ხვდებით, რომ მასზე ნაწყენი ხართ, დროებით დისტანცირდით.

2. ნუ ეცდებით მათ განკურნებას

დეპრესია მძიმე ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც პროფესიონალის ჩართულობას საჭიროებს.

ამას გარდა, ძნელია, გაიგო რას გრძნობს დეპრესიის მქონე ადამიანი, თუ ეს თავად არ გამოგიცდია. მიუხედავად იმისა, რომ კეთილის მსურველებს მათი ახლობლის ამ ტანჯვისგან გათავისუფლება სურთ, ისეთი ფრაზები, როგორიცაა „უბრალოდ გაიღიმე“, „ადექი და ნურაფერზე იფიქრებ“, „შენ კიდევ რა გიჭირს, არაფერი გაკლია“ და ასე შემდეგ, მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს დეპრესია და აჯობებს, თუ მეოთხე პუნქტს გაითვალისწინებდით.

როგორც დიაბეტის ან სიმსივნის მქონე ადამიანს ვერ განკურნავთ მამოტივირებელი შეძახილებით, ასევე ამაოა ეს ქმედება დეპრესიის შემთხვევაში.

3. ნუ დააკნინებთ მათ მდგომარეობას

ის, რომ თქვენი მეზობელი უფრო ღარიბია, ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა და მძიმე წარსული აქვს, არაფერს ცვლის თქვენი ახლობლისთვის და მისი დეპრესიისთვის. შეწყვიტეთ ადამიანებისა და მათი ტანჯვის შედარება. თუ თავადაც არ გამოგიცდიათ, ნურც იმას იტყვით, რომ „გესმით, რასაც გრძნობს“.

დეპრესია უფრო მეტია, ვიდრე ცუდი ხასიათი. იგი მოიცავს პირად და კარიერულ ურთიერთობებს, ჯანმრთელობას, ცხოვრების სტილს, სამსახურს, კოლეჯს, სკოლას, ყველაფერს, რასაც შეიძლება მოიცავდეს. ამიტომ ისეთი ფრაზა, როგორიცაა „ვინ არ ყოფილა ცუდ ხასიათზე“, არარელევანტური და დამამცირებელია.

თქვენი ახლობლის განცდები და ტკივილი რეალური მოცემულობაა, მისი სხვასთან შედარებით ან თქვენი სუბიექტური შეფასებით არაფერი შეიცვლება.

როდის უნდა ატეხოთ განგაში

მიუხედავად მოცემული რჩევებისა, ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა დაუყოვნებლივი ჩარევის საჭიროება ხდება, რაშიც, შესაძლოა, ამბულატორიულ მკურნალობაზე გადასვლაც იგულისხმებოდეს. ასეთი მდგომარეობა მაშინ დგება, როცა პაციენტში სუიციდური ფიქრები ქმედებებში იზრდება.

თუ თქვენს მეგობარს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი აქვს, ეს შეიძლება მის სუიციდურ ზრახვებზე მიუთითებდეს, რასაც დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოჰყვეს:

  • საუბარი სიკვდილზე ან სუიციდზე;
  • ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა;
  • გაზრდილი ნარკომოხმარება;
  • რისკიანი ან სიცოცხლისთვის საშიში ქმედებები;
  • საუბარი ჩაკეტილობასა და გათავისუფლების სურვილზე;
  • უფრო ხშირად გამომშვიდობება, ვიდრე საჭიროა.

 

კომენტარები