პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

შიმშილი, უნორმო ჭამა და სხეულის სიძულვილი – რა ვიცით კვებითი აშლილობების შესახებ

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

შიმშილი, უნორმო ჭამა და სხეულის სიძულვილი – რა ვიცით კვებითი აშლილობების შესახებ

დიეტა, კალორიების კონტროლი, სპეციფიკური პროდუქტების რაციონიდან ამოღების მცდელობა, შაქარსა და მარილზე უარის თქმა, ვარჯიში, ჯანსაღი კვება და მისთანანი, დღესდღეობით, მისასალმებელ, პოპკულტურასა და საზოგადოებაში აქტიურად წახალისებულ გადაწყვეტილებებად მიიჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშსა და სწორ კვებაში, თავისთავად, ცუდი არაფერია, ზოგჯერ ეს სწრაფვა არაჯანსაღ აკვიატებად ყალიბდება და ფსიქიკური აშლილობის ნიშნებს იძენს – ადამიანები გადამეტებულად იწყებენ ვარჯიშს – სპორტდარბაზებში ყოველდღიურად 2 საათსა და მეტს ატარებენ,  ამცირებენ დღიურად მისაღები კალორიების ოდენობას, სრულად იღებენ რაციონიდან ნახშირწყლებს, სკრუპულოზურად აკვირდებიან სხეულის ფორმებს, ხდებიან თვითკრიტიკულები და საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოები, რაც, თავის მხრივ, მეტი დატვირთვით ვარჯიშსა და უფრო მკაცრ კვებით რეჟიმში ითარგმნება. მდგომარეობას, როცა ადამიანი შეპყრობილია წონითა და სხეულის ფორმებით, რასაც კალორიული შეზღუდვები ან/და რაციონიდან კონკრეტული ტიპის საკვების ამოღება ემატება, კვებითი აშლილობა ეწოდება.  

ოფიციალური დასახელების მიუხედავად, კვებითი აშლილობები უფრო მეტია, ვიდრე შიმშილობა ან უნორმოდ ჭამა. ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს, DSM-V-ის მიხედვით, კვებითი აშლილობა ფსიქიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანი საკვებს ან მის შეზღუდვას ემოციურ სტრესთან გასამკლავებლად იყენებს. კვებითი აშლილობები ძალიან სერიოზული, საშიში და პოტენციურად მომაკვდინებელი დარღვევებია. სტატისტიკურად, ანორექსია, რომელიც კვებითი აშლილობის ერთ-ერთი ტიპია, ფსიქიატრიულ დარღვევებს შორის ყველაზე ლეტალურია – ანორექსიით, საშუალოდ, 4-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება ან თავს იკლავს, ვიდრე კლინიკური დეპრესიის შემთხვევაში და 18-ჯერ მეტი, ვიდრე მათივე ასაკის ჯანმრთელი ადამიანები.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიხედვით, კვებითი აშლილობები მთლიანი პოპულაციის საშუალოდ 5%-შია გავრცელებული, რომლის უდიდეს ნაწილს 13-17 წლის მოზარდი გოგონები შეადგენენ, თუმცა, აშლილობას მკაცრი ასაკობრივი თუ გენდერული ჩარჩოები არ გააჩნია და იგი ნებისმიერ ადამიანში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, შეერთებულ შტატებში, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, კვებითი აშლილობები, საშუალოდ, 20 მილიონ ქალსა და 10 მილიონ მამაკაცს გამოუვლინდება.

კვებითი აშლილობის ტიპები

სამეცნიერო საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული კვებითი აშლილობის ტიპებია:

  • ანორექსია – ხასიათდება წონის კონტროლით კალორიული დეფიციტის ხარჯზე, ხშირი და მძიმე ვარჯიშით ან ორივეთი ერთად;
  • ბულიმია – ხასიათდება კვების სიხშირესა და მიღებული ულუფების რაოდენობაზე კონტროლის კარგვით, გადამეტებული ჭამით, რის გამოსასწორებლადაც ადამიანი უკიდურეს ფორმებს მიმართავს;
  • ამოყორვის სინდრომი(Binge-Eating Disorder) – ხასიათდება უზარმაზარი ულუფების ერთჯერადად მიღებით;
  • სხვა, დაუზუსტებელი, ტიპის კვებითი აშლილობა – ხასიათდება ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებული გამოხატულებით;

განვიხილოთ თითოეული მათგანი დეტალურად:

ანორექსია

ანორექსიით დაავადებული ადამიანები საკუთარ სხეულს მსუქნად ან დეფორმირებულად, არაესთეტიურად აღიქვამენ, მაშინაც კი, როცა მათი წონა სიცოცხლისთვის საშიშ ნიშნულამდე დადის (სწორედ ეს განაპირობებს ანორექსიის ლეტალურობას). ამ ტიპის კვებითი აშლილობის მქონე ადამიანები ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე, იწონებიან, მკვეთრად ამცირებენ კვებით რაციონს, ვარჯიშობენ გადამეტებულად და ზოგიერთ შემთხვევაში, წონის საკონტროლებლად, ღებინებასა და ლაქსატივებსაც მიმართავენ. ლოგიკურია, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ანორექსიის სამკურნალოდ ნაბიჯებს არ დგამენ, სიცოცხლეს ჯანმრთელობის პრობლემებით ან სუიციდით ასრულებენ.

ანორექსიის სიმპტომების არასრული სია ასეთია:

  • მკვეთრი კალორიული დეფიციტი;
  • უკიდურესი სიგამხდრე;
  • გაუნელებელი სწრაფვა წონის კლებისკენ ობიექტური რეალობის მიუხედავად;
  • წონის მომატების შიში;
  • სხეულის დეფორმირებული აღქმა, თვითშეფასება, რომელიც სრულადაა დამოკიდებული სხეულის ფორმებსა და წონაზე;
  • მცირე წონის საფრთხეების იგნორირება.

დროთა განმავლობაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ანორექსიით არიან დაავადებული და ხანგრძლივად მიმართავენ კალორიულ დეფიციტს, შემდეგი სიმპტომები უვითარდებათ:

  • ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი;
  • ანემია;
  • მსხვრევადი ფრჩხილები და თმები;
  • მშრალი, მოყვითალო კანი;
  • დაბალი წნევა და მკრთალი პულსი;
  • ტვინისა და სხვა ორგანოების დისფუნქცია;
  • უშვილობა.

ბულიმია

ბულიმია რეგულარული და მოულოდნელი იმპულსებით ხასიათდება, რომლებიც ადამიანს უზომოდ დიდი ულუფების მოკლე დროის პერიოდში მიღებისკენ უბიძგებს, რასაც კონტროლის კარგვის გამო ყოველთვის დანაშაულისა და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის, სიძულვილის განცდა მოჰყვება. როგორც წესი, იმპულსური ეპიზოდები განსაკუთრებით სტრესულ ვითარებაში იჩენს თავს, როდესაც ადამიანს რთული დღე ჰქონდა, ზოგადად მძიმე პერიოდი აქვს და სხვა. ასეთ მომენტებში დაავადებულმა, შესაძლოა, მთელი დღე ზომიერად, დაბალანსებულად იკვებოს, ღამის საათებში კი მთლიანი ტორტი შეჭამოს. სხვა სიტყვებით, ამ მომენტს სტრესკვებაც შეგვიძლია ვუწოდოთ – როდესაც ვჭამთ არა იმიტომ, რომ გვშია ან გემრიელობის გასინჯვა გვსურს, არამედ იმიტომ, რომ სტრესისა და ემოციური დისკომფორტის ჩახშობა გვსურს.

თითქმის ყოველთვის იმპულსურ ქმედებებს თვითკრიტიკა და სადამსჯელო ღონისძიებები მოჰყვება – ადამიანი მიმართავს ღებინებას, იღებს ლაქსატივებს, შიმშილობს მომდევნო 24 საათის განმავლობაში, იწყებს ვარჯიშს ჭამის დასრულებისთანავე და სხვა, თითქოს ცდილობს, რომ კვების რეჟიმზე კონტროლის კარგვით მიყენებული მორალური ზიანი შეამციროს. ანორექსიული ადამიანებისგან განსხვავებით, ბულიმიით დაავადებულები, შესაძლოა, ყველანაირი ფორმა-ზომისანი იყვნენ, როგორც ძალიან გამხდრები, ისე ზედმეტი წონისანი.

ზოგიერთი სიმპტომები ასეთია:

  • ქრონიკულად შეშუპებული ყელი და სასა;
  • შეშუპებული სანერწყვე ჯირკვლები ყბის მიდამოებში;
  • გულძმარვა და სხვა გასტროენტეროლოგიური პრობლემები;
  • ლაქსატივებით გამოწვეული მსხვილი ნაწლავის პრობლემები;
  • ღებინებით გამოწვეული ქრონიკული დეჰიდრატაცია;
  • ელექტროლიზური დისბალანსი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტების ნაკლებობა ან სიჭარბე.

ამოყორვის სინდრომი(Binge-Eating Disorder)

ამოყორვის სინდრომი ძალიან ჰგავს ბულიმიას, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება. ამ დარღვევის მქონე ადამიანები ასევე ხშირად, რეგულარულად კარგავენ კონტროლს და საკვების დიდ რაოდენობებს დროის მოკლე პერიოდში, თითქმის ერთი ამოსუნთქვით იღებენ, თუმცა, ბულიმიისგან განსხვავებით, ამ იმპულსებს სადამსჯელო ღონისძიებები არ მოჰყვება. შედეგად, ამ ტიპის აშლილობის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ ზედმეტი წონის პრობლემები.

სიმპტომების არასრული სია ასე გამოიყურება:

  • საკვების უზომოდ დიდი რაოდენობის მიღება დროის მოკლე პერიოდში;
  • ჭამა მაშინ, როცა ადამიანი მშიერი არ არის ან დანაყრებულია
  • სწრაფად ჭამა ამოყორვის მომენტებში;
  • ჭამა მანამდე, სანამ არ დგება მკვეთრი დისკომფორტის მომენტი;
  • ღია სივრცეში ჭამისგან თავის შეკავება, მარტო ჭამა;
  • ხშირი დიეტები, როგორც წესი, უშედეგოდ.

რა იწვევს კვებით აშლილობებს?

სამეცნიერო საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ კვებითი აშლილობების გამომწვევი მიზეზები გენეტიკური, ბიოლოგიური, ქცევითი, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ერთობლიობაში უნდა ვეძიოთ, თუმცა კონკრეტული ერთი ფაქტორის გამოყოფა და იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც სხვა ფსიქიატრიული დარღვევები, კვებითი აშლილობებიც მკვეთრად გენეტიკურია – თუ დარღვევა პირველი ჯგუფის ნათესავში ვლინდება, მისი განვითარების ალბათობა კონკრეტულ ინდივიდში მნიშვნელოვნად იზრდება. გენეტიკის გარდა, რამდენიმე ფაქტორი, რასაც დაავადების გამოწვევა ან გამწვავება შეუძლია, შემდეგია:

  • რეგულარული კრიტიკა და ბულინგი წონის, სხეულის ფორმისა და კვების რეჟიმის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში;
  • საზოგადოებიდან, სამსახურიდან, ოჯახიდან ან სხვა ტიპის მიკროსოციუმიდან მომდინარე წნეხი სხეულის ფორმისა და წონის ირგვლივ, მაგალითად, ასეთი წნეხის ქვეშ ხშირად არიან ბალეტის მოცეკვავეები, მოდელები და სხვა;
  • სხვა ტიპის ფსიქიატრიული აშლილობები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, ობსესიური აშლილობა და სხვა. ასევე, დაავადება ხშირად იჩენს თავს დაბალი თვითშეფასების მქონე ან/და პერფექციონისტ ადამიანებში;
  • სექსუალური შევიწროების, ძალადობის გამოცდილება;

კვებითი აშლილობების მკურნალობა/მართვა

როგორც უკვე ვთქვით, კვებითი აშლილობები, განსაკუთრებით კი ანორექსია, ფსიქიკურ აშლილობებს შორის ყველაზე ლეტალურია, შესაბამისად, მათი იგნორირება განსაკუთრებით საშიშია. საბედნიეროდ, კვებითი აშლილობების მართვა, იმპულსებისა და არაჯანსაღი გადაწყვეტილებების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია, თუმცა, როგორც წესი, დროს მოითხოვს, მკურნალობის გზა კი ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია.

მაგალითად, რადგან კვებითი აშლილობები მხოლოდ საჭმელთან ასოცირებული პრობლემა არ არის და მათ უკან მწვავე ფსიქოლოგიური სტრესი იმალება, მკურნალობის მეთოდი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რა ფაქტორებმა მიიყვანა ადამიანი ამ მდგომარეობამდე. შეუძლებელია, რომ პერფექციონისტს, რომელიც უნაკლო სხეულისკენ მიისწრაფვის, ისევე ვუმკურნალოთ, როგორც სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ქალს, რომელსაც ამ შემთხვევის შემდეგ საკუთარი სხეულის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაუჩნდა.

როგორც წესი, მკურნალობისა და მართვის მეთოდები ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, კომბინირებულად უფრო ეფექტიანები არიან:

  • ინდივიდუალური ან ჯგუფური ფსიქოთერაპია;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა, მეთვალყურეობის ქვეშ(უფრო მძიმე შემთხვევებში);
  • ნუტრიციოლოგთან კონსულტაციები, კვების რეჟიმის გაწერა და მონიტორინგი;
  • მედიკამენტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარალელურად სხვა ფსიქიკური აშლილობაც გვაქვს.

ფსიქოთერაპიის ტიპები კვებითი აშლილობების სამართავად

ფსიქოთერაპიაში რამდენიმე განსხვავებული მიმართულება არსებობს, თუმცა კვებითი აშლილობების წინააღმდეგ ძირითადად ორი მათგანი გამოიყენება:

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT)

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მიხედვით, CBT ორ ძირითად დაშვებას ეფუძნება:

  • ადამიანის ქცევა და ემოცია გავლენას ახდენს მის აზრებზე
  • ადამიანის აზრები განსაზღვრავს მის ემოციებსა და ქცევას

CBT-ის პროცესში თერაპევტი პაციენტს, წინასწარ გაწერილ და საერთაშორისოდ აღიარებულ პროტოკოლზე დაყრდნობით, საკუთარ ფიქრებზე კონტროლის დაბრუნებაში ეხმარება, რეალობასა და წარმოდგენებს შორის განსხვავების დანახვას ასწავლის, რაც, საბოლოოდ, პაციენტის ქცევებში უნდა აისახოს. ჯანსაღი ქცევები კი ჯანსაღ ფიქრებს ბადებს და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში CBT-ის ერთი კურსი 12-15 სეანსს გულისხმობს.

ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპიის ამ ტიპს იდეალურად ასახავს პოპკულტურაში გავრცელებული იკონური სიტუაცია, სადაც პაციენტი ფსიქოლოგის ოთახში, დივანზეა წამოწოლილი და საკუთარ პრობლემებზე საუბრობს. ამ ტიპის თერაპიის პროცესში ფსიქოთერაპევტი ეცდება ადამიანის წარსულს გაეცნოს, იმ მოვლენებს ჩაუღრმავდეს, რომლებსაც პაციენტის ფსიქიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და კვებითი აშლილობის სახით გამოვლინდნენ. საბოლოოდ იუნგიანური პრაქტიკის მიმდევარი თერაპევტის მიზანია, პაციენტს საკუთარი თავი გააცნოს, გაააზრებინოს ის პრობლემები, ტრავმები და მოგონებები, რომლებიც დღეს გამოვლენილი აშლილობის საფუძვლებია. როგორც წესი, ანალიტიკური ფსიქოთერაპია ბევრად ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე CBT.

მედიკამენტები კვებითი აშლილობის სამართავად

ხშირად, კვებითი აშლილობების გამოვლინებას წინ სტრესული გამოცდილებები, მძიმე ბავშვობა ან პარალელურად მიმდინარე ფსიქიკური დარღვევები ახლავს თან. ყველა მათგანი, გარკვეულწილად ახდენს გავლენას ტვინში თავისუფლად არსებულ 3 ჰორმონზე, რომლებიც ნეიროგადამცემების ფუნქციას ასრულებენ: სეროტონინზე, ნორეპინეფრინზე და დოპამინზე. მაგალითად, ხანგრძლივად მიმდინარე სტრესულ პერიოდს, შეუძლია, სეროტონინის დონე მნიშვნელოვნად შეამციროს, რაც ქრონიკულ გუნებაგანწყობის პრობლემაში აისახება. ზოგიერთ დეპრესიის მქონე პაციენტში გვხვდება ნორეპინეფრინის ტოტალური დეფიციტი, რაც უმოძრაობაში, ენერგიის ნაკლებობასა და უხალისობაში ვლინდება. იმ პაციენტებში, რომლებსაც სექსუალური ძალადობის გამოცდილება ან დაბალი თვითშეფასება აქვთ, შესაძლოა, დოპამინის დეფიციტი გვქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ანტიდეპრესანტების მედიკამენტური ჯგუფი სწორედ ამ სამიდან რომელიმე ერთი ან რამდენიმე ჰორმონის რაოდენობის გაზრდაზეა კონცენტრირებული. შედეგად, თუ პაციენტის კვებითი აშლილობა გარკვეულ კორელაციაში იყო ტვინში არსებული სეროტონინის დონესთან, ანტიდეპრესანტების მიღებამ, შესაძლოა, სიტუაცია შეარბილოს, ადამიანს კონტროლი დაუბრუნოს და იმპულსური პერიოდების ხანგრძლივობა და სიხშირე შეამციროს. ანტიდეპრესანტების, მათი ქვეჯგუფების, მოქმედების მექანიზმისა და გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.  

კვებითი აშლილობა მოზარდებში – რჩევები მშობლებს

ძალიან ხშირად, კვებითი აშლილობა მოზარდობის ასაკიდან ვლინდება, თუმცა, მოუმზადებელ მშობელს, შესაძლოა, კრიტიკული ნიშნები გამორჩეს. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი სტატიაში აღწერილი სიმპტომების ნაწილს მაინც ავლენს, საქმეში უნდა ჩაერთოთ. ეცადეთ, რომ თქვენს შვილს გულწრფელად დაელაპარაკოთ და აუხსნათ, რომ მის ქცევებში, კვების რეჟიმსა თუ ცხოვრების სტილში არაჯანსაღი ნიშნები ვლინდება, თუმცა, თუ ამის თქმას შესაფერისი ტონით, შესაფერის დროს, შესაფერის კონტექსტში ვერ მოახერხებთ, შესაძლოა, ბავშვი თქვენგან სრულად დისტანცირდეს. მოზარდისთვის ყოველთვის რთულია მშობელთან მსგავს თემებზე საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი თავად ვერ ხედავს პრობლემას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი აზრი მოისმინოთ და მხოლოდ შემდეგ აუხსნათ, რატომ ხართ შეწუხებული. რამდენიმე რჩევა გამოგადგებათ:

  • არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ მისი განსჯა, დადანაშაულება ან დატუქსვა არაჯანსაღი კვებითი რეჟიმის გამო, ფოკუსირდით მათ გრძნობებზე და ეცადეთ გაიგოთ, რა არის კვებითი აშლილობის საწყისი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ტრიგერი;
  • ეცადეთ, საერთოდ არაფერი უთხრათ გარეგნობის შესახებ – არც კომპლიმენტი, ეს არ მუშაობს და მოზარდისთვის, შესაძლოა, გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს ობიექტური რეალობის აღქმა უჭირთ, ის, რომ, თქვენი აზრით, თქვენი შვილი „ისედაც ლამაზია“, არაფერს ცვლის.
  • იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „მე არ მომწონს, როგორც ჭამ“, ეცადეთ სხვანაირი ფორმულირება მოიფიქროთ, მაგალითად „ვგრძნობ, რომ ბედნიერი არ ხარ, თითქოს რაღაც გაწუხებს, შეგიძლია დამელაპარაკო, ყველაფერს გავიგებ“. საუბრისას კი შეგიძლიათ კვების თემაც წამოწიოთ.
  • არც კი სცადოთ თქვენი შვილის, მისი წონის, სხეულის ფორმებისა თუ გარეგნობის სხვასთან შედარება – ეს სიტუაციას მხოლოდ დაამძიმებს.
  • დიდია ალბათობა, რომ პირველივე მცდელობაზე თქვენი შვილი გულს არ გადაგიშლით, ამისთვის მზად იყავით და საუბარი ჩხუბით არ დაასრულოთ, უბრალოდ უთხარით, რომ ყოველთვის მზად ხართ მის მოსასმენად.
  • აუცილებლად დაუკავშირდით პროფესიონალს, იქნება ეს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი თუ ოჯახის ექიმი. თქვენი შვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასება მხოლოდ პროფესიონალის კომპეტენციაა, სამოქმედო გეგმაც მხოლოდ მასთან შეთანხმებით უნდა შედგეს.

 

კომენტარები