პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

კანკალი, შფოთვა და სიკვდილის შიში – ყველაფერი პანიკური შეტევების შესახებ

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

კანკალი, შფოთვა და სიკვდილის შიში – ყველაფერი პანიკური შეტევების შესახებ

გქონიათ შემთხვევა, როცა მოულოდნელად გული აგიჩქარდათ და ძლიერი შფოთვა იგრძენით, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა? შესაძლოა, ამ სიმპტომებს არასტაბილური პულსი, ოფლიანობა და სუნთქვის გაძნელებაც ახლდა თან. პარალელურად, გულმკერდის არეში ბოჭვასაც თუ გრძნობდით, შესაძლოა, გეფიქრათ, რომ გულის შეტევა გაქვთ. სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობაში ერთხელ მაინც თუ აღმოჩენილხართ, მისი გამეორების შიშიც გამოგყვათ.

საბედნიეროდ, ამას არაფერი აქვს საერთო გულის შეტევასა თუ სხვა, ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებასთან. ზემოთ აღწერილი მდგომარეობა პანიკური შეტევის სახელითაა ცნობილი, დაავადებას, რომელიც რეგულარული პანიკური შეტევებით ხასიათდება, პანიკური აშლილობა ეწოდება.

ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს, DSM-V-ის თანახმად, პანიკური აშლილობა ფსიქიკური აშლილობის ტიპია, რომელიც განმეორებადი პანიკური შეტევებით ხასიათდება, ამ უკანასკნელის განმარტება კი მოულოდნელად მოზღვავებული ძლიერი შიშია, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება და თან ახლავს კანკალი, ოფლიანობა აჩქარებული გულისცემა და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ შფოთვის შეტევებს, დროდადრო, ყველა ადამიანი განიცდის, პანიკური აშლილობის დიაგნოსტირებისთვის დამატებით ორი კრიტერიუმია საჭირო: შემთხვევები განმეორებადი უნდა იყოს და შიშის ობიექტური, მკაფიო საფუძველი არ უნდა არსებობდეს. პანიკური აშლილობის მქონე ადამიანები, ხშირად მოულოდნელი შიშის გამომწვევ პოტენციურ მიზეზსაც კი ვერ ასახელებენ, თითქოს შეტევის გამომწვევი ფაქტორი არც კი არსებულა.

პანიკურ შეტევებს თან საკუთარ სხეულზე კონტროლის დაკარგვისა და სიკვდილის შიშიც ახლავს – რადგან შეტევების დროს ისეთი ფიზიკური სიმპტომებიც ვითარდება, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი, ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ინფარქტი აქვს. მეორე მხრივ, სუნთქვის გართულების შემთხვევაში, შეიძლება გვეგონოს, რომ ვეღარ ამოვისუნთქავთ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პანიკური შეტევები ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

პანიკური აშლილობის მქონე ადამიანს, ხშირად, უიმედობა იპყრობს, რადგან დაავადება მას სრულყოფილ ცხოვრებაში უშლის ხელს და არათუ სტაბილურდება, არამედ დროთა განმავლობაში ძლიერდება კიდეც, რადგან, რაც უფრო მეტად ერიდება პანიკური შეტევის შიშით გამსჭვალული ადამიანი სოციალურ აქტივობებს, მით მეტად იმყარებს აზრს, რომ გარეთ გასვლა, მეტროში ჩასვლა ან მეგობრებთან გასართობად სიარული საშიშია, რასაც, საბოლოოდ, სახლში გამოკეტვამდე მივყავართ.

საბედნიეროდ, პანიკური აშლილობის მკურნალობა და მართვა წარმატებითაა შესაძლებელი.

პანიკური აშლილობის სიმპტომები – დეტალურად

პანიკური აშლილობა შფოთვითი აშლილობის ქვეტიპია. შფოთვა უმისამართო, ობიექტური საფუძვლის გარეშე არსებული შიშის, განგაშის გრძნობაა, რომელიც, შესაძლოა, მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ, უწყვეტად მიმდინარეობდეს. პანიკა კი შფოთვის უკიდურესი ფორმაა. რადგან პანიკური შეტევები ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო პროცესია, რის გავლაც ადამიანს შეიძლება მოუწიოს, ისინი მომავალი შემთხვევების შიშსაც ბადებენ: ადამიანს ეუფლება შიში, რომ ასეთი სიტუაცია სამომავლოდ მოულოდნელად კიდევ განმეორდება, რაც მას „ამრიდებლური ქცევებისკენ“ უბიძგებს, როგორიცაა სახლში ჩაკეტვა, სოციალურ აქტივობებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარის თქმა და ა.შ. პანიკის შემთხვევით გამოწვეული მუდმივი შფოთვა პანიკური აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი ნაწილია.

როგორც წესი, აშლილობა ადრეული ასაკიდან იჩენს თავს, მაგალითად, ბავშვობიდან. თუმცა, 20 წლის ასაკამდე პანიკური შეტევები საკმაოდ იშვიათი და არარეგულარულია, განმეორებად, ჩამოყალიბებულ სახეს კი სრულწლოვანების ასაკიდან იღებს. ამერიკის შფოთვისა და დეპრესიის ასოციაციის მიხედვით, ყოველ მოცემულ წელს, შეერთებული შტატების მოსახლეობის 2-3% პანიკური აშლილობის სიმპტომებს განიცდის. აღსანიშნავია ისიც, რომ დაავადება ქალებში საშუალოდ ორჯერ მეტადაა გავრცელებული, ვიდრე კაცებში.

თავად პანიკური შეტევა მოულოდნელი, უსაფუძვლო ძლიერი შიშის გარდა შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  • აჩქარებული გულისცემა
  • გულის წასვლის შიში(რომელიც თითქმის არასდროს მართლდება)
  • ოფლიანობა
  • გულისრევა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის უკმარისობა
  • კანკალი
  • ციებ-ცხელება, კიდურების გაყინვა
  • დახრჩობის შეგრძნება
  • პირის სიმშრალე
  • ხმაური ყურებში
  • სხეულისგან დისტანცირების შეგრძნება
  • სიკვდილის ან გაგიჟების შიში

პანიკური შეტევების აბსოლუტური უმრავლესობა 5-20 წუთის განმავლობაში გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა პროცესი 1 საათამდეც კი იწელება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკური შეტევა უკიდურესად უსიამოვნოა, იგი ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

ინდივიდუალურია პანიკური შეტევების სიხშირეც. ზოგს მსგავსი რამის გადატანა თვეში 1-2-ჯერ უხდება, თუმცა გამწვავებული აშლილობის დროს სიხშირე, შესაძლოა, ყოველდღიური გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სიმპტომები ზოგად შფოთვასაც ახასიათებს, პანიკური შეტევის დროს მათი გამოხატულება ბევრად მწვავეა. სწორედ მწვავე გამოხატულების გამო სიმპტომების ნაწილს ადამიანი ისეთი სერიოზული დაავადებების ნიშნებად კითხულობს, როგორიცაა გულსისხლძარღვთა პრობლემები, თიროიდული დაავადებები, სუნქთვითი გზების პრობლემები და სხვა. შედეგად, ხშირად პანიკური აშლილობის მქონე ადამიანები საკუთარ დიაგნოზს საავადმყოფოში, რომელიმე მძიმე დაავადების გადასამოწმებლად მისულები იგებენ.

რა იწვევს პანიკურ აშლილობას?

ხშირად შფოთვითი აშლილობებისა და სხვა ფსიქიკური პრობლემების მსგავსად, პანიკური შეტევები გენეტიკურად ვლინდება, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რატომ შეიძლება დაავადება რეგულარულად ვლინდებოდეს ერთი ოჯახის რამდენიმე წევრში და საერთოდ არ გვხვდებოდეს სხვა ოჯახებში. შფოთვითი და პანიკური აშლილობების განვითარებაში როლს ასრულებს როგორც ბიოლოგიური, ისე სოციალური ფაქტორები. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პანიკური შეტევისას ადამიანები უვნებელ ფიზიკურ შეგრძნებებს საფრთხედ აღიქვამენ, რაც განგაშის მდგომარეობას, შიშს და ამ ფიზიკური შეგრძნებების კიდევ უფრო გაძლიერებას იწვევს. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორებს, კონკრეტული ცხოვრების ან აღზრდის სტილი, რომელიც პანიკური და შფოთვითი აშლილობების განვითარებას განაპირობებს, ცნობილი არ არის.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, 3 ძირითადი ფაქტორი, რომელსაც დაავადების განვითარებაში წვლილი შეაქვს, შემდეგია:

  • მატრავმირებელი და უკიდურესად სტრესული ცხოვრებისეული მოვლენა, როგორიცაა ახლობლის გარდაცვალება;
  • პანიკური აშლილობის მქონე ოჯახის წევრისა და ახლო ნათესავის არსებობა;
  • სეროტონინის, ნორეპინეფრინის, დოპამინის ან/და სხვა ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი, რომლებიც ტვინის უბნებს შორის ინფორმაციის გადაცემაზეა ორიენტირებული;

მკურნალობისა და მართვის გზები

დღეს პანიკური აშლილობის მართვისა და სიმპტომების უმნიშვნელო დონემდე შესამცირებლად არაერთი ეფექტიანი საშუალება არსებობს, თუმცა პირველი ნაბიჯი, ნებისმიერ ვარიანტში, პროფესიონალთან ვიზიტია.

გამომდინარე იქიდან, რომ პანიკურ აშლილობაზე მუშაობენ როგორც ფსიქიატრები, ასევე ფსიქოთერაპევტები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მათგანთან დაჯავშნით პირველ ვიზიტს. პროფესიონალი თქვენი ჯანმრთელობის ისტორიას სრულად მოგაყოლებთ, შეეცდება, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები ოფიციალური კრიტერიუმების გამოყენებით შეაფასოს და დიაგნოზი მხოლოდ ყველა შესაძლო ვარიანტის გამორიცხვის შემდეგ დასვას. მაგალითად, რადგან შფოთვითი და პანიკური აშლილობების სიმპტომები ზოგიერთი სერიოზული დაავადების გამოვლინებასაც წააგავს, ექიმმა ან ფსიქოთერაპევტმა, შესაძლოა, კარდიოგრამის გადაღება, ან TSH თიროიდული ტესტის გაკეთება გთხოვოთ, რათა შესაბამისი პრობლემები გამოირიცხოს.

პანიკური აშლილობის დიაგნოზის დასმის შემდეგ დგება მკურნალობის მეთოდის არჩევის ეტაპი. აშლილობის წინააღმდეგ ეფექტიანია როგორც მედიკამენტური მკურნალობა, ისევე ფსიქოთერაპია.

ფსიქოთერაპია

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი უახლესი და ეფექტიანი სახეობაა, პანიკური აშლილობების სამკურნალოდ განსაკუთრებით წარმატებულია.

CBT ორ ძირითად დაშვებას ეფუძნება:

  • ადამიანის ქცევა და ემოცია გავლენას ახდენს მის აზრებზე;
  • ადამიანის აზრები განსაზღვრავს მის ემოციებსა და ქცევას.

ის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს და როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს გარკვეულ მოვლენას ადამიანი, განაპირობებს იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც უყალიბდება მას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.

ფსიქოლოგების აზრით, ეს ემოციები, თავის მხრივ,  დაკავშირებულია გარკვეულ აზროვნებით და ქცევით პატერნებთან. დეპრესიის ფონზე, როდესაც ხდება საკუთარი თავის ნეგატიურად შეფასება, აზროვნებითი პროცესები ხდება რუმინაციული. ამ დროს ადამიანის ფიქრები მუდმივად უბრუნდება წარსულის მოვლენებს და ცდილობს მათ განმეორებით გადამუშავებას – "რატომ დამემართა ეს მე? ასე არ უნდა მოვქცეულიყავი! უკეთ უნდა გამეთვალა სიტუაცია...". ამგვარი რუმინაციული აზროვნება დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან და დეპრესიულ განწყობასთან. რაც უფრო ღრმავდება დეპრესიული მდგომარეობა, მით უფრო რუმინაციული ხდება აზროვნება, რაც, თავის მხრივ, აღრმავებს დეპრესიას. შედეგად კი მანკიერ წრეს ვიღებთ.

CBT-ს პროცესში თერაპევტი პაციენტს, წინასწარ გაწერილ და საერთაშორისოდ აღიარებულ პროტოკოლზე დაყრდნობით, საკუთარ ფიქრებზე კონტროლის დაბრუნებაში ეხმარება, რეალობასა და წარმოდგენებს შორის განსხვავების დანახვას ასწავლის, რაც, საბოლოოდ, პაციენტის ქცევებზე უნდა აისახოს. ჯანსაღი ქცევები კი ჯანსაღ ფიქრებს ბადებს და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში CBT-ს ერთი კურსი 12-15 სეანსს გულისხმობს.

მედიკამენტები

შფოთვითი აშლილობების წინააღმდეგ მედიკამენტების რამდენიმე განსხვავებული ჯგუფი გამოიყენება:

სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები ყველაზე გავრცელებული, წინა თაობის პრეპარატებთან შედარებით, ნაკლები გვერდითი მოვლენის მქონე, უსაფრთხოდ მიჩნეული ანტიდეპრესანტთა ჯგუფია, რომელსაც ფსიქიატრები, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებისას პირველ ვარიანტად განიხილავენ. ეს ჯგუფი ტვინში თავისუფლად არსებული სეროტონინის რაოდენობას ზრდის, რაც, მეცნიერთა აზრით, ტვინის სხვადასხვა რეგიონს შორის ინფორმაციის გადაცემის სიხშირესა და ხარისხს უნდა ზრდიდეს და, შედეგად, გუნებაგანწყობას აუმჯობესებდეს.სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები დაახლოებით ისევე მოქმედებენ, როგორც SSRI ჯგუფის ანტიდეპრესანტები, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ეს პრეპარატები სეროტონინის გარდა მეორე ნეიროგადამცემი ჰორმონის, ნორეპინეფრინის დონეზეც ახდენენ გავლენას. ამ ჯგუფის ცნობილი წარმომადგენლები არიან სიმბალტა და ეფექსორი.

ბეტა-ბლოკერები და ბენზოდიაზეპინები ნეიროტრანსმიტერებზე მოქმედების ნაცვლად პანიკური შეტევის გამოხატულ სიმპტომებზე ახდენენ გავლენას. კერძოდ, ისინი არეგულირებენ ოფლიანობას, გულისცემას, ხსნიან განგაშის შეგრძნებას და იწვევენ სიმშვიდეს. თუმცა, SSRI/SNRI ჯგუფისგან განსხვავებით, ბეტა-ბლოკერები ფიზიკურ დამოკიდებულებას იწვევენ, რის გამოც ექიმები მათ განსაკუთრებული სიფრთხილით და მოკლე პერიოდით ნიშნავენ.

უმნიშვნელოვანესია გვესმოდეს, რომ მკურნალობის მეთოდი, მედიკამენტი, დოზირება და მიღების ხანგრძლივობა მკაცრად ექიმმა უნდა გადაწყვიტოს და პაციენტის მხრიდან დამოუკიდებელი, შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლოა, ისეთი სავალალო შედეგებით დასრულდეს, როგორიცაა მდგომარეობის გართულება ან ზედოზირებით გამოწვეული პრობლემები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მკურნალობის შედეგის დადგომას გარკვეული დრო სჭირდება. მაგალითად, ანტიდეპრესანტების სრული ეფექტის მიღებამდე, საშუალოდ, 4-6 კვირაა საჭირო. თავდაპირველი 2 კვირის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი მედიკამენტს ეჩვევა, რის შემდეგაც დაახლოებით 4 კვირა პრეპარატის ეფექტის სრულად ამუშავებას სჭირდება, ამიტომ, გაუმჯობესების პიკი, როგორც წესი, 2 თვის თავზე დგება ხოლმე.

მეორე მხრივ, ბეტა-ბლოკერები და ბენზოდიაზეპინები ბევრად სწრაფი, მომენტარული ეფექტით გამოირჩევა, თუმცა მათი დამოუკიდებლად მიღება, ფიზიკური დამოკიდებულების გაჩენის რისკის გამო, დაუშვებელია.

რის გაკეთება შეგვიძლია პანიკური შეტევის დროს?

პანიკური შეტევების დროს სიმშვიდის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. პაციენტმა უნდა გაიაზროს, რომ შეტევები უსაფრთხოა, რომელიც 5-20 წუთის განმავლობაში გაქრება და ზედმეტ რეაგირებას არ საჭიროებს. ამ დროს, უსიამოვნო სიმპტომების შემცირებისთვის რამდენიმე რამის გაკეთება შეიძლება:

  • ეცადეთ, პანიკის განცდას არ ებრძოლოთ, ამით მას მხოლოდ გააძლიერებთ;
  • მოერიდეთ გადაადგილებას, თუ შესაძლებელია, დარჩით ერთ ადგილას;
  • ისუნთქეთ ნელა, ღრმად და მშვიდად;
  • შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ შეტევა ძალიან მალე, თავისით გაივლის;
  • გახსოვდეთ, რომ შეტევა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს ვერ შეუქმნის;
  • კონცენტრაცია მოახდინეთ დამამშვიდებელ ფიქრებზე, წარმოდგენებსა თუ თქვენს საყვარელ ადამიანებზე;
  • გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები – შეისუნთქეთ ცხვირით, ძალიან ნელა, 5 წამის განმავლობაში და ამოისუნთქეთ შეკუმშული პირით, 10 წამის განმავლობაში.

კომენტარები