პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა – მძიმე წარსულისა და ტრაგიკული მოვლენის გავლენა ფსიქიკაზე

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა – მძიმე წარსულისა და ტრაგიკული მოვლენის გავლენა ფსიქიკაზე

ალბათ ყველა ჩვენგანი იცნობს, მინიმუმ, ერთ ისეთ ადამიანს, რომლის ცხოვრებაც წარსულის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მოვლენა ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს – ახლობლის გარდაცვალება, ძალადობა, გაუპატიურება, სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა თუ სხვა. მძიმე გამოცდილებების მქონე ადამიანების ნაწილი, დროთა განმავლობაში, ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრაგედიებმა მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ისინი ახერხებენ, რომ წინსვლა განაგრძონ.

სამწუხაროდ, ზოგიერთებისთვის ეს ბევრად უფრო რთულია. ადამიანების ნაწილს, რომლებსაც მატრავმირებელი გამოცდილებები აქვთ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დამოუკიდებლად ვეღარ უბრუნდებიან, კარგავენ სულის სიმშვიდეს, ეწყებათ უძილობა, ხდებიან ჩაკეტილები, დეპრესიულები, აღენიშნებათ ძლიერი შფოთვა და ზოგჯერ, სუიციდური აზრებიც. მათი ყოველდღიურობის, მათ შორის ძილის, უდიდეს ნაწილს წარსულის მატრავმირებელი მოვლენის გონებაში ხელახალი გამეორება წარმოადგენს, რასაც, უდიდესი დისკომფორტის მიუხედავად, ისინი დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ.

ამგვარ მდგომარეობას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა(შემოკლებით PTSD) ეწოდება და იგი ფსიქიატრიაში ფსიქიკურ აშლილობადაა კლასიფიცირებული. ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს, DSM-V-ის მიხედვით, PTSD ფსიქიკური აშლილობის ტიპია, რომელიც მატრავმირებელი შემთხვევისა თუ მოვლენის გამოცდილების მქონე ადამიანებში გვხვდება. თავად მატრავმირებელი შემთხვევა ნებისმიერ სახის შეიძლება იყოს – ბუნებრივი კატასტროფა, ავარია, ტერორისტული აქტი, სექსუალური ძალადობა თუ სხვა.

აშლილობას წარსულში არაერთი განსხვავებული სახელით მოიხსენიებდნენ. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ვეტერანების მდგომარეობის აღსაწერად საბრძოლო დაღლილობის ტერმინს იყენებდნენ, თუმცა, PTSD მხოლოდ ომის ვეტერანებში არ გვხვდება. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიხედვით, დაავადება ნებისმიერი რასის, სქესისა თუ ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. ბოლო წლების კვლევების მიხედვით, პოსტტრავმული აშლილობა შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახლეობის 3.5%-ს მაინც აწუხებს.

PTSD-ის სიმპტომები მარტივი შესამჩნევია: ადამიანს აწუხებს ინტენსიური, შეპყრობითი ფიქრები მატრავმირებელი მომენტის შესახებ და გამოსახულებები, ხედავს კადრებს, ესმის დიალოგები და სხვა, თითქოს, ყოველ ჯერზე მოვლენას ხელახლა განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეული უკვე უსაფრთხოდაა, ტვინი ჯერ კიდევ ბრძოლის, გაქცევის მდგომარეობაში იმყოფება და მუდმივად განგაშის სიგნალებს აგზავნის, თითქოს უბედური შემთხვევა კვლავ, უსასრულოდ გრძელდებოდეს. დროთა განმავლობაში, ადამიანს უვითარდება ძილისა და კვების დარღვევები, ხდება ქრონიკულად გაღიზიანებული, დეპრესიული და ჩაკეტილი. არცთუ იშვიათად, იგნორირებული PTSD სუიციდითაც სრულდება.

ნიშნები და სიმპტომები – დეტალურად

ტრავმირებული ადამიანების უმრავლესობას PTSD-ის მსგავსი სიმპტომები მოკლე ხნით უვითარდებათ, ქრონიკული, დიაგნოსტირებული პოსტტრავმული აშლილობა კი შედარებით იშვიათი მოვლენაა. როგორც წესი, პირველი სიმპტომები  მატრავმირებელი შემთხვევიდან 3 თვის თავზე ჩნდება, თუმცა ზოგჯერ დაავადება, შესაძლოა, მოვლენიდან რამდენიმე წლის შემდეგ განვითარდეს. იმისთვის, რომ დიაგნოზი დაისვას, სიმპტომები, მინიმუმ, 1 თვის განმავლობაში მაინც უნდა გრძელდებოდეს და იმდენად მძიმე იყოს, რომ ადამიანის პირად და კარიერულ ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას ახდენდეს.

უმეტეს შემთხვევაში, დიაგნოზს ექიმი-ფსიქიატრი სვამს, რომელიც პაციენტის მდგომარეობას დეტალურად შეისწავლის და დაავადების გამოვლინებებს შესაბამის კრიტერიუმს მოარგებს. თუმცა თავისუფლად შეიძლება დიაგნოზი ფსიქოთერაპევტმაც დასვას.

ამერიკის მენტალური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, დიაგნოზის დასასმელად პაციენტს, მინიმუმ, 1 თვის განმავლობაში, შემდეგი 4 სიმპტომიდან ყველა უნდა აღენიშნებოდეს:

  • მინიმუმ ერთი განმეორებითი სიმპტომი
  • მინიმუმ ერთი თავის არიდების სიმპტომი
  • მინიმუმ ორი აჟიტირებისა და რეაქტიული ქმედების სიმპტომი
  • მინიმუმ ორი კოგნიტური და გუნებაგანწყობითი სიმპტომი

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

განმეორებითი სიმპტომები მოიცავს:

  • მკაფიო მოგონებებს, რომლებსაც ზოგჯერ გამოსახულებების, ზოგჯერ კი ფილმის სახე აქვს – ადამიანი მუდმივად უბრუნდება მატრავმირებელ მომენტს, განიცდის იმ განცდებს, ხედავს იმ სურათებს, გრძნობს იქაურ სუნს, ესმის დიალოგები და სხვა. ამ სიმპტომს თან სდევს ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა და პანიკური შეტევისთვის დამახასიათებელი სხვა გამოვლინებები;
  • კოშმარებს – ისევ და ისევ, მატრავმირებელი მოვლენის ირგვლივ. თუმცა, ეს აუცილებელი არ არის, პაციენტი შეიძლება იტანჯებოდეს წარსულ შემთხვევასთან სრულად დაუკავშირებელი კოშმარებით;
  • დამზაფრავ ფიქრებს.

განმეორებითი სიმპტომები, სახელიდან გამომდინარე, ადამიანს მუდმივად აბრუნებს მატრავმირებელ მომენტთან. ბუნებრივია, რომ ამ სიმპტომებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, განმეორებების გამო, პაციენტის გონება მუდმივად ტრავმის მომენტში იმყოფება. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმპტომების გამწვავება და ბიძგის მიცემა ნებისმიერ სიტყვას ან ნივთს შეუძლია, რომელიც პაციენტისთვის წარსულის მძიმე მოვლენასთან შეიძლება იყოს ასოცირებული.

თავის არიდების სიმპტომები მოიცავს:

  • იმ ადგილების, მოვლენებისა თუ საგნებისგან თავის შორს დაჭერას, რომლებიც ადამიანს მატრავმირებელ მომენტს ახსენებენ;
  • იმ ფიქრებისა და გრძნობებისგან თავის არიდება, რომლებიც ტრავმას უკავშირდება;

ბუნებრივია, საგნები, მოვლენები თუ ადგილები, რომლებიც პაციენტისთვის წარსულის ტრავმასთან ასოცირდება, თავის არიდების სიმპტომებს იწვევენ. პაციენტისთვის მათი დანახვა ან მათზე ფიქრი უდიდეს სტრესთან ასოცირდება. შედეგად, ამრიდებლური ქცევები პაციენტის ყოველდღიურ რუტინაზე უდიდეს გავლენას ახდენს – შესაძლოა, ადამიანმა შეცვალოს სამსახურში მისასვლელი მარშრუტი, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი და ზოგჯერ ქვეყანაც კი.

აჟიტირებისა და რეაქტიული ქმედების სიმპტომები მოიცავს:

  • ადამიანის გაკვირვება, გაოგნება ან შოკირება მარტივი ხდება;
  • მუდმივად ზღვარზე ყოფნის განცდას, დაძაბულობას. პაციენტმა არ იცის, როდის დაკარგავს კონტროლს;
  • ჩაძინებისა და ძილის შენარჩუნების პრობლემას;
  • ბრაზის მომენტალურ ამოხეთქვებს.

აჟიტირების სიმპტომები მუდმივი ხასიათისაა და მატრავმირებელ მოვლენას ან მასზე ფიქრს არ უკავშირდება. ადამიანი მუდმივად გრძნობს თავს ზღვარზე, აჟიტირებულია, ეკლებზე ზის, განერვიულებულია და ა.შ. ზოგჯერ, განერვიულება და სიბრაზე რეაქტიულ სახეს იღებს და ბრაზის ამოხეთქვის სახით ვლინდება.

კოგნიტური და გუნებაგანწყობითი სიმპტომები მოიცავს:

  • მატრავმირებელი მოვლენის დეტალურად გახსენების პრობლემას;
  • საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას;
  • ბრალისა და დანაშაულის გრძნობის განცდას;
  • ერთ დროს სასიამოვნო აქტივობების მიმართ ინტერესის კარგვას;

კოგნიტური და გუნებაგანწყობითი სიმპტომები მატრავმირებელი მოვლენის შემდეგ იწყება ან უარესდება. სწორედ კოგნიტური სიმპტომის გამოვლინებაა ხშირად განხილული შემთხვევები, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები მოვლენის დეტალებს ვერ იხსენებენ, რის შემდეგაც მათ, ხშირად უსამართლოდ, სიცრუეში ადანაშაულებენ. ამ სიმპტომებითვე აიხსნება ისიც, თუ რატომ გრძნობს ბრალს ზოგიერთი ძალადობის მსხვერპლი მაშინ, როცა მათ ობიექტურად არაფერი დაუშავებიათ.

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიმპტომები უბედური შემთხვევიდან გარკვეული ხნის განმავლობაში აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ, როცა მდგომარეობა 1 თვის თავზეც არ იცვლება, შესაძლოა, საქმე PTSD-სთან გვქონდეს. აშლილობის ქრონიკული ხასიათიდან გამომდინარე, PTSD-ს თავს ხშირად დეპრესია, შფოთვითი აშლილობები და ნარკოდამოკიდებულება ახლავს.

პოსტტრავმული აშლილობა ბავშვებში

ზრდასრულების მსგავსად, მატრავმირებელი გამოცდილებები ბავშვებსა და მოზარდებსაც აქვთ, თუმცა, პოსტტრავმული სიმპტომები ზრდასრული მოსახლეობისგან განსხვავებულია. მაგალითად, 6 წლამდე ბავშვებში გავრცელებული PTSD-ის სიმპტომების არასრული სია ასეთია:

  • ლოგინის მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი დასველება მაშინ, როცა ბავშვს ტუალეტის დამოუკიდებლად გამოყენება შეუძლია;
  • საუბრის დავიწყება, შეზღუდვა, დროებითი შეუძლებლობა და სხვა ტიპის სამეტყველო პათოლოგიები;
  • თამაშის დროს მატრავმირებელი მომენტის ინსცენირება, გამეორება;
  • მშობელზე არაჯანსაღი დამოკიდებულების გაჩენა, მიკედლება;

უფრო დიდი ასაკის ბავშვებისა და მოზარდების პოსტტრავმული სიმპტომები, მეტნაკლებად, ზრდასრულებისას ჰგავს.

რატომ ვითარდება PTSD - რისკჯგუფები და ფაქტორები

პოსტტრავმული აშლილობა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება განუვითარდეს. აქ მოვიაზრებთ როგორც ომის ვეტარანებს, ისე მატრავმირებელ გარემოში მყოფ ბავშვებსა და მოზარდებს, ბუნებრივი კატასტროფების ან ავარიების მსხვერპლებსა და სხვა. შეერთებული შტატების PTSD-ის კვლევითი ეროვნული ცენტრის თანახმად, ყოველი 100-დან, 7-8 ადამიანს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, აშლილობა განუვითარდება.

ზოგადად, PTSD ქალებში უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებში, თუმცა დისბალანსის ზუსტი მიზეზები უცნობია. მიიჩნევა, რომ აშლილობის განვითარებაში გენებს წამყვანი როლი უკავიათ, რაც ზოგიერთი ადამიანის დაავადების მიმართ მოწყვლადობას ხსნის.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, PTSD-ის განვითარება ადამიანში შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება:

გადარჩენის მექანიზმი

ამ ჰიპოთეზის თანახმად, პოსტტრავმული აშლილობა ერთგვარი გადარჩენის მექანიზმია – წარსულში განცდილი ტრავმის ხელმეორედ განცდის თავიდან არიდების მიზნით, ტვინი მუდმივად ბრძოლის რეჟიმში იმყოფება და გვაიძულებს, რომ საფრთხესთან გასამკლავებლად მზად ვიყოთ. ეს ჰიპოთეზა ერგება აშლილობისთვის დამახასიათებელ, ე.წ. „ფლეშბექებს“, ანუ განმეორებად გამოსახულებებსა და მომენტებს, რომლებიც ტრაგიკულ შემთხვევასთან გვაბრუნებს, თითქოს ტვინი ცდილობს, გაგვახსენოს, რა მოხდა იქ და იმ დროს, რათა სამომავლოდ სიტუაციას უკეთ გავუმკლავდეთ.

ადრენალინის მაღალი დონე

ზოგადად, სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებთან გასამკლავებლად, როგორიცაა, მაგალითად, ტერორისტული აქტი, ავარია, კონფლიქტი თუ ცოფიანი ცხოველის წინ მარტო დარჩენა, ორგანიზმში დიდი რაოდენობით, ე.წ. სტრესის ჰორმონები გამოიყოფა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ადრენალინი. ადრენალინი შიშის, ტკივილისა და მოდუნების გრძნობებს აქრობს, კუნთებს მობილიზებისკენ უბიძგებს და გვაიძულებს, ვიბრძოლოთ ან გავიქცეთ. კვლევების მიხედვით, PTSD-ის მქონე ადამიანებში ადრენალინის დონე უბედური შემთხვევიდან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება, თითქოს საფრთხე მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა. ეს ჰიპოთეზა კარგად ხსნის აშლილობის მქონე ადამიანებში პანიკის შეტევებს, უძილობას, ოფლიანობას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც „იბრძოლე ან გაიქეცი“ მდგომარეობას შეესაბამება.

მკურნალობისა და მართვის მეთოდები

სხვა ფსიქიკური აშლილობების მსგავსად, PTSD-ის მართვა მედიკამენტებით, ფსიქოთერაპიით ან ორივეს კომბინაციით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებას მეტნაკლებად მსგავსი გამოვლინება აქვს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ამიტომ, მკურნალობის მეთოდი, რომელიც ერთი ადამიანისთვის გამოსადეგია, არ ნიშნავს, რომ მეორისთვისაც გამოდგება.

მკურნალობის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი პროფესიონალის მოძიებაა, რომელსაც PTSD-სთან მუშაობის გამოცდილება აქვს, რადგან ეს აშლილობა სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს. გარდა ფიზიკური გამოვლინებებისა(შფოთვა, უძილობა, სისუსტე), რომლებსაც ხშირად მედიკამენტებით მკურნალობენ, დაავადებას ისეთი გუნებაგანწყობითი პრობლემებიც ახლავს, როგორიცაა უმადობა, უხასიათობა, დეპრესია, სუიციდური აზრები და სხვა. ამ შემთხვევაში, ტრავმის გასარჩევად და გადასახარშად, პაციენტს ფსიქოთერაპია დასჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტური და თერაპიული მკურნალობის კომბინაციაა.

მედიკამენტები

ყველაზე გავრცელებული ჯგუფი, რომლებიც დაავადების სამართავად გამოიყენება, ანტიდეპრესანტებია. ამ ჯგუფის მედიკამენტები განტოლებიდან შფოთვას, უმადობას, უძილობას, სისუსტესა და უხალისობას იღებენ, რაც პაციენტს დამატებით დროსა და ენერგიას აძლევს იმისთვის, რომ ტრავმა ფსიქოთერაპიის საშუალებით გადახარშოს და გაიაზროს, თავისი ადგილი მიუჩინოს და წინსვლა გააგრძელოს. ანტიდეპრესანტების გარდა, მკურნალობის პროცესში ფსიქიატრმა, შესაძლოა, კონკრეტულ ჩივილზე მიმართული მედიკამენტებიც დანიშნოს, როგორიცაა დამამშვიდებლები ან საძილე საშუალებები.

ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპია პაციენტისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალის ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს, რომლებზეც მხარეები მატრავმირებელ მოგონებებზე, აწმყოსა და მომავალზე საუბრობენ და ცდილობენ, უკან დამხევი ფაქტორები გამოყონ და გაანეიტრალონ. როგორც წესი, PTSD-ის შემთხვევაში ფსიქოთერაპიის 1 კურსი 6-12 კვირამდე გრძელდება, თუმცა ხანგრძლივობა ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით განსხვავებულია.

PTSD-ის სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აპრობირებული მეთოდი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაა(CBT).

CBT ორ ძირითად დაშვებას ეფუძნება:

  • ადამიანის ქცევა და ემოცია გავლენას ახდენს მის აზრებზე;
  • ადამიანის აზრები განსაზღვრავს მის ემოციებსა და ქცევას.

ის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს და როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს გარკვეულ მოვლენას ადამიანი, განაპირობებს იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც უყალიბდება მას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.

ფსიქოლოგების აზრით, ეს ემოციები, თავის მხრივ,  დაკავშირებულია გარკვეულ აზროვნებით და ქცევით პატერნებთან. დეპრესიის ფონზე, როდესაც ხდება საკუთარი თავის ნეგატიურად შეფასება, აზროვნებითი პროცესები ხდება რუმინაციული. ამ დროს ადამიანის ფიქრები მუდმივად უბრუნდება წარსულის მოვლენებს და ცდილობს მათ განმეორებით გადამუშავებას – "რატომ დამემართა ეს მე? ასე არ უნდა მოვქცეულიყავი! უკეთ უნდა გამეთვალა სიტუაცია...". ამგვარი რუმინაციული აზროვნება დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან და დეპრესიულ განწყობასთან. რაც უფრო ღრმავდება დეპრესიული მდგომარეობა, მით უფრო რუმინაციული ხდება აზროვნება, რაც, თავის მხრივ, აღრმავებს დეპრესიას. შედეგად კი მანკიერ წრეს ვიღებთ.

CBT-ს პროცესში თერაპევტი პაციენტს, წინასწარ გაწერილ და საერთაშორისოდ აღიარებულ პროტოკოლზე დაყრდნობით, საკუთარ ფიქრებზე კონტროლის დაბრუნებაში ეხმარება, რეალობასა და წარმოდგენებს შორის განსხვავების დანახვას ასწავლის, რაც, საბოლოოდ, პაციენტის ქცევებზე უნდა აისახოს. ჯანსაღი ქცევები კი ჯანსაღ ფიქრებს ბადებს და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში CBT-ს ერთი კურსი 12-15 სეანსს გულისხმობს.

კომპლექსური PTSD – როცა ტრავმა ერთჯერადი არ არის

პოსტტრავმული აშლილობისგან განსხვავებით, კომპლექსური პოსტტრავმული აშლილობა იმ ადამიანებში ვითარდება, რომლებსაც მატრავმირებელ გარემოებებში ყოფნა რეგულარულად და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უწევდათ. კომპლექსური PTSD, ყველაზე ხშირად, ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში ყალიბდება და ასოცირებულია მოძალადე მშობელთან, სკოლაში ბულინგთან, მშობლების განქორწინებასთან ან რაიმე სხვა რეგულარული ხასიათის სტრესთან.

მიჩნეულია, რომ კომპლექსური PTSD განსაკუთრებით მწვავედ იმ შემთხვევებში ვლინდება, როცა:

  • ტრავმული მოვლენები ცხოვრების ადრეული ეტაპიდან იწყება;
  • ტრავმასთან ასოცირებულია მშობელი ან მეურვე;
  • ადამიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა მატრავმირებელ გარემოში;
  • მატრავმირებელი გარემოს გამკლავება ადამიანს დამოუკიდებლად, მარტოს უწევდა;
  • ტრავმის განმაპირობებელ ადამიანთან კონტაქტი ჯერ კიდევ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსური PTSD-ის პირველი სიმპტომი, შესაძლოა, მატრავმირებელი პერიოდის დასრულების შემდეგ, ბევრად გვიან გამოვლინდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესი ბავშვისა თუ მოზარდის ფსიქოსოციალურ განვითარებას შეუქცევად ზიანს აყენებს, ნეგატიურად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე, მსოფლმხედველობასა და შრომისუნარიანობაზე. ძალიან ხშირად, მატრავმირებელ გარემოში გაზრდილი ბავშვები ნარკოტიკებს, ალკოჰოლსა და კრიმინალურ ცხოვრებას ეძალებიან, კარგავენ რწმენას ადამიანებისა და საზოგადოების მიმართ და განცალკევებით ცხოვრებას ამჯობინებენ.

კომპლექსური PTSD-ის სიმპტომები პოსტტრავმული აშლილობის მსგავსია, მცირე განსხვავებებით:

  • ვითარდება სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა, განსაკუთრებით ბავშვებში
  • ძნელდება ემოციების კონტროლი
  • ჩნდება კონცენტრაციის პრობლემები
  • თავს იჩენს ფიზიკური სიმპტომები, თავის ტკივილი, გულისრევა, ოფლიანობა
  • ბავშვი ან მოზარდი იკეტება სახლში და წყვეტს ურთიერთობას მეგობრებთან
  • ზრდასრულ ასაკში ჩნდება პირადი ურთიერთობების პრობლემები
  • თვითდამაზიანებელი ქმედებების რისკი – ნარკოტიკები, ალკოჰოლი, სუიციდი

მკურნალობის გზები

პოსტტრავმული აშლილობის მსგავსად, მკურნალობის მეთოდი ამ შემთხვევაშიც მედიკამენტურ და თერაპიულ მკურნალობას გულისხმობს. პაციენტს, შესაძლოა, დაენიშნოს ტრავმაზე ორიენტირებული კოგნიტური თერაპიები, გადახარშვასა და წინსვლაში დახმარების მიზნით.

როგორც წესი, კომპლექსური PTSD-ის მქონე ადამიანებს სხვების, საზოგადოების მიმართ უნდობლობა ახასიათებთ, ამიტომ თერაპიული მკურნალობის ეფექტიანობისთვის იგი შედარებით ხანგრძლივად უნდა ჩატარდეს.

თუ პაციენტის აშლილობას თან ნარკოდამოკიდებულება ან ალკოჰოლიზმიც სდევს, პროცესში შესაბამისი პროფესიონალების ჩართვაც იქნება საჭირო. 

 

კომენტარები