პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

თვითდაზიანება, როგორც სტრესთან გამკლავების გზა – რატომ ისერავენ მოზარდები სხეულებს

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

თვითდაზიანება, როგორც სტრესთან გამკლავების გზა – რატომ ისერავენ მოზარდები სხეულებს

ყველას გვეყოლება ისეთი ნაცნობი, რომლის სხეულზეც ზიანის კვალი არაერთხელ შეგვიმჩნევია, ხშირად, ერთსა და იმავე ადგილებში. ეს შეიძლება იყოს დასერილი კანი, ჩალურჯებები, ჭრილობები და სხვა. როგორც წესი, კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა ნაიარევი, ყოველთვის მოგონილ პასუხს ვიღებთ – „უთო“, „დავეცი“, „პარსვისას გავიჭერი“ და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის უნებლიე დაზიანება განსახილველ თემას არ წარმოადგენს, ზოგიერთი ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, რაც, როგორც მათთვის, ისე მათი ახლობლებისთვის, სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

კერძოდ, ბრიტანეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდის თანახმად, ახალგაზრდების დაახლოებით 10% თვითდაზიანებას რეგულარულად მიმართავს. რატომ აკეთებენ ამას ადამიანები?

რა არის თვითდაზიანება

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება არა ფსიქიკური აშლილობა, არამედ აკუმულირებულ სტრესთან გასამკლავებელი ქცევაა. თვითდაზიანება საკუთარ სხეულზე ნებისმიერი სახის ზიანის განზრახ მიყენების აქტია. უმეტეს შემთხვევაში, დაზიანება გულისხმობს დასერას, დაწვას, მსუბუქ ზედოზირებას და ა.შ. გარდა კონკრეტული ობიექტით ზიანის მიყენებისა, აქტი შეიძლება გულისხმობდეს საშუალო სიმაღლის ნაგებობიდან გადმოხტომას, სუნთქვის შეკავებას და სხვა. რომ განვაზოგადოთ, ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც ადამიანი მიმართავს საკუთარი სხეულის დასაზიანებლად, მაგრამ არა თვითმკვლელობის მიზნით, თვითდაზიანების აქტი შეგვიძლია ვუწოდოთ. ამის მიუხედავად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს პოტენციური ზიანის შეფასება უჭირთ და სიცოცხლეს საფრთხეში უნებლიეთ იგდებენ, იქნება ეს ზედოზირება თუ სისხლისგან დაცლა, რაც, ერთი შეხედვით, უსაფრთხო ქმედებას ძალიან საშიშს ხდის. 

სამედიცინო წრეებში მიჩნეულია, რომ ადამიანები თვითდაზიანებას ემოციურ სტრესთან გასამკლავებლად მიმართავენ, თითქოს, ყურადღების ფიზიკურ ტკივილზე გადატანით მათ საშუალება ეძლევათ, ფსიქიკური ტანჯვისგან თავი დროებით მაინც გაითავისუფლონ. თუმცა, შეერთებული შტატების მენტალური აშლილობების ალიანსის მიხედვით, თვითდაზიანების აქტები ემოციურ სტრესს დროთა განმავლობაში უფრო რთულად გასამკლავებელს ხდის, რაც, თავის მხრივ, ადამიანს უფრო მძიმე ზიანის მიყენებისკენ უბიძგებს. ბოლოს და ბოლოს, ემოციური სტრესი ან ფსიქიკური პრობლემა სხეულზე ფიზიკური ზიანის მიყენებით ვერ მოგვარდება. იმის გამო, რომ ახალგაზრდა ან არაინფორმირებული ადამიანი უკეთეს გამოსავალს ვერ ხედავს, იგი ამ მეთოდს რეგულარულად მიმართავს, რასაც მანკიერ წრემდე მივყავართ:

თვითდაზიანების პირველი აქტი ადამიანს აქამდე არნახულ შვებას აძლევს, ფიზიკური ტკივილი ემოციურს ანაცვლებს და მსუბუქი სიამოვნების ეფექტსაც კი იძენს. თუმცა, ზიანი ნაკვალევის გარეშე არ არსებობს – დასერილი, დალურჯებული თუ დამწვარი სხეულის გამო, ადამიანს უჩნდება სირცხვილისა და შიშის გრძნობა, რომ მის საიდუმლოს აღმოაჩენენ, განსჯიან და გარიყავენ. იგი იწყებს სკოლისა და უნივერსიტეტის გაცდენას, მეგობრების მორიდებას, რასაც გაუარესებულ აკადემიურ და პირად ცხოვრებამდე, შედეგად კი უფრო დიდ სტრესამდე მივყავართ. აკუმულირებული სტრესი თანდათან პანიკაში იზრდება და, ადრე თუ გვიან, ისევ თვითდაზიანების აქტამდე მიდის. და კვლავ მეორდება.

დამოუკიდებლად ამ წრის გარღვევა რთულია, განსაკუთრებით, როცა ბავშვებსა და მოზარდებზე ვსაუბრობთ, თუმცა, პროფესიონალებისა და ახლობელი ადამიანების დახმარებით მარტივი დასაძლევი ხდება.

თვითდაზიანება საშიში ქმედებაა! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები თვითდაზიანებას არა თვითმკვლელობის, არამედ ემოციურ სტრესთან გამკლავების მიზნით მიმართავენ, ხშირად, და გაუთვალისწინებლად, მათ ზედმეტი მოსდით და შედეგად სისხლჩაქცევით, წამლის ზედოზირებითა თუ სხვა მიზეზით დამდგარ სიკვდილს ვიღებთ.

ვინ მიმართავს თვითდაზიანებას?

მიუხედავად იმისა, რომ თვითდაზიანებას ყველაზე ხშირად მოზარდები მიმართავენ, მსგავსი ქმედება ნებისმიერმა ადამიანმა, ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჩაიდინოს. განსხვავებული კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების ოდენობა, რომლებსაც სხეული ერთხელ მაინც განზრახ დაუზიანებიათ, შესაძლოა, საზოგადოების არათუ 10%-ს, არამედ 20%-საც კი აღწევდეს. სტატისტიკურად, ახალგაზრდების მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ, რომლებიც დღეს თვითდაზიანებას მიმართავენ, პირველად ეს ნაბიჯი დაახლოებით 12 წლის ასაკში გადადგეს, რაც, სავარაუდოდ, პუბერტატის პერიოდთან და გარდატეხის ასაკის სირთულეებთანაც უნდა იყოს კავშირში.

ფართო გავრცელების ფონზე ზოგიერთი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფები, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მსგავსი ქმედებისკენ, რაც მრავალი სოციოკულტურული ფაქტორითაა განპირობებული – სად ცხოვრობენ, როგორია მათი როლი საზოგადოებაში, სკოლაში, ოჯახში, რამდენად შეესაბამება მათი ცხოვრების სტილი მათ გარშემომყოფებისას და ა.შ. მაგალითად, თვითდაზიანების რისკი უფრო  მაღალი, შესაძლოა, შემდეგ ჯგუფებში იყოს:

  • ფსიქიკური აშლილობების – დეპრესიის, შფოთვის, პიროვნული აშლილობების, კვებითი აშლილობების მქონე ადამიანებში;
  • ახალგაზრდებში, რომლებიც მშობლის ან მზრუნველის გარეშე, ქუჩაში ან სხვა არასაოჯახო დაწესებულებაში იზრდებიან;
  • ახალგაზრდებში, რომელთა ოჯახებშიც ძალადობის, ალკოჰოლიზმისა და ნარკოდამოკიდებულების პრობლემაა;
  • LGBTQ+ თემის წევრებში;
  • ახლობელი ადამიანის სუიციდის მომსწრე ადამიანებში.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც თვითდაზიანებას მიმართავს, ამ ჯგუფებში არ ერთიანდება, ისევე, როგორც რისკჯგუფში მყოფი ყველა ადამიანი თვითდაზიანებას არ მიმართავს.

თვითდაზიანება ხშირად გვხვდება ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებშიც, რაც, შესაძლოა, ფონად მიმდინარე მძიმე ფსიქიატრიული დაავადების სიმპტომი იყოს და არა უბრალოდ სტრესთან გამკლავების გზა. Მაგალითად, სამეცნიერო წრეებში თავდაპირველად მიჩნეული იყო, რომ თვითდაზიანება მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომი იყო, თუმცა დღეს უკვე ვიცით, რომ იგი სხვა ისეთი აშლილობების ფონზეც ვლინდება, როგორიცაა ნარკოდამოკიდებულება, დეპრესია, შფოთვა და კვებითი აშლილობები. Მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თვითდამაზიანებელი ადამიანების 20%-ს პიროვნული აშლილობის დიაგნოზი აქვს, 11%-ს კი გუნებაგანწყობითი ტიპის, როგორიცაა დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა. Რაც შეეხება კვებით აშლილობებს, თვითდაზიანებას ამ დიაგნოზის მატარებელი ადამიანების ნახევარზე მეტი მიმართავს. 

Მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებით თქმა შეუძლებელია, როგორც წესი, თვითდაზიანება ნაკლებად გვხვდება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ფონზე. 

რატომ მიდიან ადამიანები თვითდაზიანებამდე?

საკუთარი სხეულის დაზიანების იმპულსი, როგორც წესი, აკუმულირებულ ბრაზს, ტკივილსა და წნეხს მოჰყვება. როცა ადამიანს ემოციის გამოხატვის პრობლემა აქვს, რაც, თავის მხრივ, ბავშვობის ტრავმებთან შეიძლება ასოცირდებოდეს, თვითდაზიანება სტრესისგან გათავისუფლების მექანიზმი ხდება. საინტერესოა ისიც, რომ ზოგჯერ სხეულის დაზიანებას ენდორფინებისა და სხვა ტკივილგამაყუჩებელი ჰორმონების გამოყოფა ახლავს თან, რაც გუნებაგანწყობას ამაღლებს და სტრესს ამცირებს. გარდა ამისა, დეპრესიის მქონე ადამიანებისთვის თვითდაზიანებას, როგორც ტკივილის განცდას, შესაძლოა, ემოციური სიცარიელის შევსების როლი ჰქონდეს – არაფრის გრძნობას ტკივილის გრძნობა სჯობია.

სტრესის, სიბრაზის, შფოთვისა თუ ფრუსტრირების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი, რამაც ადამიანი, შესაძლოა, თვითდაზიანებამდე მიიყვანოს, შემდეგია:

  • ოჯახის წევრებთან დაპირისპირება, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, თუ მშობელი ბავშვის მიმართ შეუვალია და მის გრძნობებსა და აზრებს არ ითვალისწინებს;
  • პრობლემები მეგობრებთან, კონფლიქტი ან ახლობლის დაკარგვა;
  • სასკოლო სტრესი, გამოცდები და კონფლიქტები მასწავლებლებთან;
  • ბულინგი;
  • მკვეთრი ცვლილებები, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის ან სკოლის შეცვლა;
  • დაბალი თვითშეფასება.

მოზარდში თვითდაზიანების იმპულსის გაღვიძება ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ფაქტორს დამოუკიდებლადაც შეუძლია, თუმცა უფრო ხშირად რამდენიმე მათგანი ერთობლივად აქტიურდება – ბულინგი აკადემიურ მოსწრებაზე მოქმედებს, ეს უკანასკნელი კი მშობლებთან პრობლემებს ბადებს, რაც, შესაძლოა, სკოლის შეცვლით დასრულდეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ თვითდაზიანება სუიციდის მცდელობა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თვითდამაზიანებელი ადამიანების ნაწილს სუიციდური აზრებიც აწუხებს, სხეულის დაზიანებას თვითმკვლელობის მცდელობასთან კავშირი არ აქვს.

მითები თვითდაზიანების გარშემო

დასერილი სხეულების ირგვლივ საზოგადოებასა და პოპკულტურაში არაერთი მითი არსებობს. მაგალითად, ჩვენს სოციუმში გავრცელებულია შეხედულება, რომ ამას ნარკომანები ან გოთები აკეთებენ, რომ ეს ყურადღების მისაქცევი ქმედებაა და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს მითები რეალობისგან შორსაა, მსგავსი სტერეოტიპები თვითდამაზიანებელი ადამიანების მარგინალიზებას უწყობს ხელს, რაც მათთვის კიდევ უფრო მეტ სირთულეს ქმნის. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რა შეხედულებებია ფუნდამენტურად არასწორი:

თვითდაზიანება ყურადღების მიქცევის გზაა

არა. იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც თვითდაზიანებას მიმართავს, ნაიარევს საგულდაგულოდ მალავს, რადგან ეშინია და რცხვენია, რომ სხვები მას განსჯიან, დასცინებენ ან დაამცირებენ. ამიტომ, თუკი ვინმეს უნდა, ნაიარევები სხვების ყურადღების მიღმა დარჩეს, პირველ რიგში, თვითდამაზიანებლებს.

თვითდაზიანებას მხოლოდ გოთები მიმართავენ

ამ შეხედულებაში სიმართლის მარცვალი არსებობს. ზოგიერთი გოთური ცხოვრების სტილის მიმდევარი სხეულის დაზიანებას თვითგამოხატვის საშუალებად იყენებს, თუმცა ეს ადამიანები თვითდამაზიანებლების უკიდურესად მცირე ნაწილს წარმოადგენენ.

თვითდაზიანებას მაზოხისტები მიმართავენ, სიამოვნების მიღების მიზნით

თვითდაზიანება, როგორც დაგროვილი ემოციური სტრესის მოხსნის, ორთქლის გამოშვების გზა სიამოვნების მიღებაში არ უნდა აგვერიოს. როგორც უკვე ვთქვით, ამ ადამიანებისთვის თვითდაზიანება ტკივილის მოხსნის ერთადერთი გზაა, რომელიც, თავის მხრივ, სირცხვილისა და შიშის განცდას ბადებს. ამხელა დისკომფორტი სიამოვნების მიღების გზა ვერ იქნება.

დიაგნოსტირება და გამოსავალი

საბედნიეროდ, თვითდაზიანების იმპულსისგან თავის დასაღწევად არაერთი ეფექტიანი გზა არსებობს, რომლებიც ადამიანს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნებაში ეხმარება. როგორც ვთქვით, თვითდაზიანების საწყისი ემოციურ სტრესშია, შესაბამისად, მკურნალობაც აქედან იწყება.

იდეალურ შემთხვევაში, ადამიანმა გამოცდილ პროფესიონალს, მაგალითად, ფსიქიატრს ან ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართოს, თუმცა რადგან თვითდამაზიანებელთა უმეტესობა მოზარდია, პირველი ნაბიჯი, სავარაუდოდ პრობლემის მეგობრის ან იმ ზრდასრულისთვის გაზიარება იქნება, რომელთანაც იგი თავს მშვიდად, თავდაჯერებულად იგრძნობს და განსჯის არ შეეშინდება. თავის მხრივ, ზრდასრულმა, რომელიც მოზარდის ისტორიას მოისმენს, პროფესიონალის ჩართვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან სტუმრობისას მოზარდი მცირე ინტერვიუს გაივლის, გამოიკითხება მისი ისტორია, ცხოვრების სტილი, თავს გადამხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები, შეფასდება თვითდაზიანების ხარისხი, სიხშირე და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. როგორც წესი, ეს ინტერვიუ ერთ საათს გრძელდება და დიაგნოზის დასმითა და მკურნალობის გზის შეთავაზებით სრულდება.

მკურნალობის გზა, თავის მხრივ, ორგვარი შეიძლება იყოს – მედიკამენტური და თერაპიული. ზოგიერთ რთულ შემთხვევაში, როცა პაციენტს ემოციების კონტროლი უჭირს, არის იმპულსური და თვითდაზიანების სიხშირე მაღალია, ფსიქიატრმა ან ფსიქოლოგმა, შესაძლოა, ემოციური ფონის, გუნებაგანწყობის ასამაღლებელი მედიკამენტები, მაგალითად, ანტიდეპრესანტები დანიშნოს, რაც პაციენტის ემოციური ტოლერანტობის დონეს ასწევს, მის ხასიათს დაასტაბილურებს და თვითდაზიანების იმპულსებს ჩაახშობს.

შედარებით უფრო ნაკლებად მწვავე სიტუაციებში, პირველ ნაბიჯად ფსიქოთერაპია განიხილება. რადგან თვითდაზიანების საფუძველი ადამიანის ემოციური და კოგნიტური მდგომარეობაა, პროფესიონალმა, შესაძლოა, შემდეგი ტიპების თერაპიული მკურნალობა დანიშნოს:

  • ფსიქოდინამიკური თერაპია – ორიენტირებულია წარსულის მოვლენებსა და მათთან ასოცირებულ განცდებზე;
  • კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია – ორიენტირებულია ნეგატიური ემოციური და კოგნიტური ჩარჩოების დარღვევასა და ჯანსაღი ალტერნატივით ჩანაცვლებაზე, რაც შემდგომში ქცევაზე ისახება და ადამიანს საკუთარ საქციელზე მეტ კონტროლს აძლევს;
  • დიალექტურ-ბიჰევიორული თერაპია – ორიენტირებულია აზრის ჩამოყალიბების პროცესზე, მიმართულია ნეგატიური აზროვნების ჩარჩოს პოზიტიურით ჩანაცვლებაზე.

როგორც თვითდამაზიანებელს, ისე მის მშობლებსა ან ახლობლებს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ პრობლემის მოგვარებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია – დახმარების თხოვნა და პროფესიონალთან მისვლა.

როგორ დავეხმაროთ ახლობელს, რომელიც თვითდაზიანებას მიმართავს

პირველ რიგში, ზემოთ აღწერილ სტერეოტიპებს მოერიდეთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ახლობელი, განსაკუთრებით მოზარდი, სხეულს განზრახ იზიანებს, ამ თემაზე კომუნიკაცია ფრთხილად უნდა დაამყაროთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თვითდაზიანების უკან, შესაძლოა, მძიმე ემოციური ფონი, ფსიქიკური აშლილობა, ოჯახური ან პირადი ტრაგედია იდგეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რა კომენტარებს გააკეთებთ. ყოველგვარი განხილვის გარეშე დაუშვებელია განსჯა, გაკიცხვა, დაცინვა ან სხვა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება – ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს და თქვენდამი ნდობას გაუქრობს.

შეემზადეთ იმისთვისაც, რომ საუბრისას თქვენმა ახლობელმა, შესაძლოა, თვითდამამცირებელი ფრაზები გამოიყენოს, გითხრათ, რომ ყველაფერი მისი ბრალია, რომ სამარცხვინო და უიმედოა და ა.შ. ეს არ უნდა გაგიკვირდეთ – თვითდაზიანების უკან ყოველთვის ემოციური ფონი დგას. შესაბამისად, არც მის გადარწმუნებას ექნება აზრი ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „მშვენიერი ცხოვრება გაქვს“, „არ ხარ სამარცხვინო“, „მე ხომ მიყვარხარ“ და სხვა. თქვენ უმთავრესად მსმენელის როლი უნდა მოირგოთ, რათა სიტუაციის არსში გაერკვეთ. მას შემდეგ, რაც სრული ინფორმაცია გექნებათ, ეცადეთ, ახლობელი პოზიტიური წახალისების გამოყენებით დაარწმუნოთ, რომ პროფესიონალთან მისვლის გადაწყვეტილება მიიღოს, ან, თუ საქმე მოზარდს ეხება, წამოგყვეთ და სესიებზე იაროს.

როგორც წესი, ადამიანებს ფსიქოთერაპევტებთან მისვლა უფრო უმარტივდებათ, ვიდრე ექიმ-ფსიქიატრებთან, ამიტომ, შეიძლება ღირდეს, რომ თქვენს დახმარებას ფსიქოლოგთან ვიზიტის დაჯავშნისთვის ბიძგის მიცემის სახე მისცეთ. აუხსენით, რომ თვითდაზიანება ემოციურ სტრესთან გამკლავების ცუდი მეთოდია, რადგან იგი მანკიერ წრეს ქმნის, შედეგად გამოსავლის მოძიება უფრო და უფრო რთული ხდება და პირველ რიგში სწორედ ემოციების ნაწილზეა სამუშაო.

დაბოლოს, მშობლების უმრავლესობისთვის მოზარდთან თანასწორი საუბარი ზოგჯერ პრობლემას წარმოადგენს, შედეგად, თვითდაზიანებაზე საუბარი ჩხუბით, აკრძალვებით, დატუქსვითა და გალანძღვითაც კი სრულდება ხოლმე. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რატომაც არ ენდობიან ემოციური პრობლემების მქონე მოზარდები თავიანთ მშობლებს. სანამ ზრდასრული ამ ბარიერს არ გადალახავს, პრობლემა არ მოგვარდება, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი ინდივიდია, საკუთარი ცხოვრება, განცდები, პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარების გზები აქვთ და თქვენი მოვალეობა არა მისი განსჯა, არამედ სწორ გზაზე დაყენება და დახმარებაა. 

 

კომენტარები