პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ანუ ფიქრებისა და ქცევების ძალა – ინტერვიუ არჩილ ბეგიაშვილთან

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ანუ ფიქრებისა და ქცევების ძალა – ინტერვიუ არჩილ ბეგიაშვილთან

ახასიათებს თუ არა ყველა ტიპის ფსიქოთერაპიას ერთი მეთოდოლოგია? რომელი სახეობებია ყველაზე გავრცელებული და რა განსხვავებაა მათ შორის? რას გულისხმობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია? ვისთვისაა შექმნილი იგი? რა პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება CBT? რა არის ერთი სეანსის ფასი და კურსის ხანგრძლივობა? ამ თემებზე GeoCBT-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ფსიქიატრს, არჩილ ბეგიაშვილს ვესაუბრეთ.

ფსიქიკური ჯანმრთელობა დღევანდელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10.7%-ს ერთი ან მეტი ფსიქიკური პრობლემა აწუხებს. მათგან ყველაზე გავრცელებული შფოთვითი აშლილობაა, რომელსაც დეპრესია და სხვა დაავადებები მოჰყვება.

ფსიქიკურ პრობლემებს ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება და, გარკვეული აზრით, დაინვალიდება შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თვალი არ დავხუჭოთ და პროფესიონალს დროულად მივმართოთ. ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე აღვნიშნეთ, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვის მიმართავს დასაწყისისთვის პაციენტი – ფსიქოთერაპევტსა თუ ფსიქიატრს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ დახმარების თხოვნაა, მკურნალობის მეთოდს კი პროფესიონალი თავად შეარჩევს.

დღეს ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ სახეობაზე – კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაზე ვისაუბრებთ და ვეცდებით, გავარკვიოთ, ვისთვისაა შექმნილი მკურნალობის ეს მეთოდი და რა პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება ის. ამ თემებზე ფსიქიატრსა და საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს, არჩილ ბეგიაშვილს ვესაუბრეთ.

ადამიანებს ხშირად ფსიქოთერაპია ერთი მეთოდოლოგიის ჰგონიათ, მაგრამ ის საკუთარ თავში მიდგომათა მრავალ სისტემას აერთიანებს. რომლებია მათ შორის ყველაზე გავრცელებული და აღიარებული?

დავიწყოთ იმით, რომ, როგორც წესი, პაციენტისთვის ოპტიმალურ მკურნალობის მეთოდს ის პროფესიონალი არჩევს, რომელსაც ადამიანი პირველად მიმართავს. სიტუაციის შესაფასებლად და სწორი მკურნალობის მეთოდის დასანიშნად კი საერთაშორისო გაიდლაინები არსებობს. გაიდლაინები აღიარებულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების მეტაანალიზზეა დაფუძნებული და საშუალოდ ბოლო 10 წლის კვლევის შედეგებს, აღმოჩენებს, მეცნიერთა რეკომენდაციებს და ახალ სამუშაო მეთოდებს მოიცავს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილი გაიდლაინები, საბოლოოდ, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება – იქნება ეს ოჯახის ექიმი, სერტიფიცირებული ფსიქიატრი თუ ფსიქოლოგი. მაგალითისთვის, ოჯახის ექიმმა, შესაძლოა, პაციენტს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია(CBT) ან ოჯახური თერაპია ურჩიოს, მას შემდეგ, რაც მის სიმპტომებს გაიდლაინების მიხედვით შეაფასებს. ცხადია, ამის გაკეთება პაციენტს დამოუკიდებლად არ შეუძლია.

თუმცა მე მესმის, რომ რეალობა სასურველისგან განსხვავებულია და ადამიანები, უფრო ხშირად, ზოგჯერ არასწორადაც, თავად ირჩევენ, ვის მიმართონ. ამ თვალსაზრისით, მე შემიძლია შემოგთავაზოთ ძალიან ზოგადი და პირობითი გაყოფა. ფსიქოთერაპიული მეთოდები შეგვიძლია განვასხვაოთ იმის მიხედვით, ორიენტირებულია ის პიროვნების ზრდა-განვითარებაზე თუ კონკრეტული ფსიქიკური აშლილობის მართვაზე. ამ პირობითი დაშვების მიხედვით, თუ ადამიანს აქვს პიროვნული პრობლემა – პირად ცხოვრებაში, სამსახურში, ოჯახში – შესაძლებელია, პირველ ვარიანტად ფსიქოანალიზის განხილვა ჯობდეს. მეორე მხრივ, თუ პრობლემა დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან – დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, აკვიატებები – სავარაუდოდ, CBT-ით დაწყება აჯობებს.

რაც შეეხება ფსიქოთერაპიის სახეობებს, ფსიქოლოგისთვის ვიწრო სპეციალიზაციის არჩევის ეტაპი მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ დგება. ეს შეიძლება იყოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ფსიქოანალიზი, გეშტალტთერაპია, ქცევითი თერაპიები, სუგესტიური თერაპიის სახეობებები – მაგალითად, ჰიპნოზი, რომელიც დღეს დიდად აქტუალური აღარ არის და ასე შემდეგ. ისტორიული თვალსაზრისით, განსხვავებულ ეპოქებში ფსიქოთერაპიის განსხვავებული სახეობებია პრიორიტეტული. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველაზე გავრცელებული ჰიპნოზური მკურნალობა იყო, შემდეგ – ფსიქოანალიზი, უფრო გვიან, დღეის ჩათვლით – CBT.

რა განსხვავებაა, მაგალითად, ფსიქოანალიზსა და CBT-ს შორის?

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი სახეობა ეყრდნობა გარკვეულ თერაპიულ ბაზისს. მაგალითად, ფსიქოანალიზი, როგორც თერაპიული მეთოდი, ეყრდნობა ასევე ფსიქოანალიზს, ოღონდ, როგორც სამეცნიერო თეორიას. ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით, ადამიანის ემოციები და შეგრძნებები არა პირდაპირ ცნობიერზე, არამედ არაცნობიერზეცაა დამოკიდებული: თუ ადამიანს აქვს დეპრესია, შფოთვა ან აწუხებს დისფუნქციური ქცევები, ფსიქოანალიტიკოსი, პირველ რიგში, პაციენტის არაცნობიერით დაინტერესდება და ეცდება, მასში შინაგანი კონფლიქტები იპოვოს, იმ მიზნით, რომ საბოლოოდ მათი რაციონალიზაცია მოხდეს.  

გარკვეული მსგავსებების მიუხედავად, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია სხვა თეორიულ ბაზისს ეყრდნობა. CBT-ის წამყვანი თეორია კოგნიტური ფსიქოლოგიაა, რომლის მიხედვითაც, უპირატესობა არა ქვეცნობიერს, არამედ პაციენტის აზრებს ენიჭება. კოგნიტური ფსიქოლოგიის მთავარი დაშვება ისაა, რომ პრობლემას არა მოვლენა, არამედ ამ მოვლენისადმი ჩვენი დამოკიდებულება, რეაქცია ქმნის.

 როგორია CBT-ის შექმნის ისტორია და რა დაავადებებს მკურნალობენ ამ მეთოდით?

თეორია, როგორც მკურნალობის მეთოდი, პირველად ამერიკელმა სპეციალისტებმა, 60-იანი წლების დასაწყისში გამოიყენეს. CBT-ის, როგორც ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ დამფუძნებლად კი ფსიქიატრი და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, აარონ ბეკი მიიჩნევა. მან აღნიშნული მეთოდი პირველად დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ დეპრესია ემოციის პათოლოგიაა, დაავადება კოგნიტურ აპარატშიც ვლინდება და ადამიანს შესაბამისი აზრები უჩნდება, როგორიცაა – „უვარგისი ვარ“, „არავის ვუყვარვარ“, „არაფერი გამომივა“ და ასე შემდეგ. CBT-ის საყრდენი თეორიის მიხედვით, ამ აზრებსა და ემოციებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს: რაც უფრო მეტად გვჯერა ამ აზრების, მით უფრო ძლიერი ხდება გამოხატული ემოცია და, პირიქით. შესაბამისად, თუ შევამცირებთ რწმენის სიძლიერეს ან, სულაც, შევცვლით ამ ტიპის აზრებს, შესაძლოა, მივიღოთ გაუმჯობესება ემოციების ნაწილში. მას შემდეგ, რაც ნეგატიური ემოციური გამოვლინება შემცირდება, ავტომატურად შეიცვლება აზრებიც – ისინი დაკარგავენ სიძლიერეს და თვითკრიტიკის სიმწვავეს. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდა აარონ ბეკიც, მისი მიზანი პაციენტების მსჯელობის, აზრებისა და ფიქრების შეცვლა იყო, რასაც ემოციურ გაუმჯობესებამდე უნდა მივეყვანეთ.

90-იანი წლების ჩათვლით, მიიჩნეოდა, რომ CBT ყველა ფსიქიკური აშლილობის წინააღმდეგ იყო ეფექტიანი, გარდა პიროვნული აშლილობებისა, რომელიც გულისხმობს არა ფსიქიკურ დაავადებას, არამედ პიროვნების პათოლოგიას. თუმცა, 2000-იან წლებში, ისევ შეერთებულ შტატებში, შემუშავდა CBT თერაპიის კომპლექტში შემავალი ორი ახალი მეთოდი – სქემათერაპია და დიალექტიკურ-ქცევითი თერაპია – რომლებიც სწორედ პიროვნული აშლილობებისკენაა მიმართული. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მეტნაკლები ეფექტურობით, ყველა აშლილობის წინააღმდეგ გამოიყენება.

 ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ CBT მედიკამენტურ მკურნალობას ანაცვლებს?

უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ფარმაკოთერაპია და CBT შემავსებლებია, ვიდრე ჩამნაცვლებლები. მე ხშირად გამიგია, რომ სხვა ტიპის თერაპევტთა ნაწილი პაციენტებს წამლებზე უარის თქმას ურჩევს, რაც, ჩემი აზრით, სწორი არ არის. CBT თერაპიისთვის მედიკამენტური მკურნალობა არათუ ხელის შემშლელ ფაქტორს, არამედ პოზიტიურ დანამატს წარმოადგენს. ამასვე მიუთითებს ის გაიდლაინები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ – თუ მკურნალობის პროცესში გამოყენებული იქნება როგორც CBT, ასევე მედიკამენტები, სავარაუდოდ, გაუმჯობესებულ შედეგს მივიღებთ.

რა შეგვიძლია ვთქვათ კონკრეტულად კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ეფექტიანობაზე? როგორ შეედარება იგი, მაგალითად, ფსიქოანალიზს?

უნდა გვახსოვდეს, რომ თერაპევტი პაციენტს არასდროს აძლევს პირობას, რომ პრობლემა აუცილებლად მოგვარდება, მითუმეტეს, ერთხელ და სამუდამოდ. პირველსაივე სეანსზე, ჩვენ პაციენტს ვეუბნებით, რომ მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მისი ჩივილი აღარ იქნება ისე ძლიერი, რომ მან ადამიანი დისფუნქციური გახადოს. ამის მიღმა, თერაპიის ეფექტი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: პაციენტის ჩართულობასა და მონდომებაზე, მოტივაციაზე, ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსებზე, თერაპევტის გამოცდილებასა და ექსპერტიზაზე და ასე შემდეგ. თუ მკურნალობის პროცესი აკმაყოფილებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებს, კურსის ბოლოს, პაციენტს შეეძლება, თავად მართოს თავისი პრობლემა, პროფესიონალის დაუხმარებლად და სამომავლოდაც მოახდინოს მძიმე კრიზისების პრევენცია.

რაც შეეხება შედარებას, პროფესიონალი CBT თერაპევტი ან ფსიქოანალიტიკოსი თავს უფლებას არ მისცემს, განაცხადოს, რომ ფსიქოთერაპიის მისი კურსი სხვისაზე უპირატესია. ეს საკითხი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, ინდივიდუალური შემთხვევით დაწყებული, ქვეყნის კულტურით დამთავრებული. მაგალითად, შვეიცარიაში, ფსიქოანალიზის სამშობლოში, ეს უკანასკნელია პოპულარული, შეერთებულ შტატებში – CBT და ასე შემდეგ.

 როგორ მიმდინარეობს CBT-ის ერთი სრული კურსი? რა ეტაპებს მოიცავს პროცესი?

როგორ მიმდინარეობს პროცესი და რას უნდა ელოდოს პაციენტი, ამას თერაპევტი პირველსავე სეანსზე ხსნის, რათა ადამიანს სწორი მოლოდინები შეექმნას და მოტივაცია აუმაღლდეს. ამის შემდეგ იწყება ფუნქციური ანალიზი, ანუ პაციენტი და თერაპევტი ერთობლივად არკვევენ, თუ რა ელემენტებისგან შედგება პრობლემა, რა სიტუაციებში ვლინდება, როგორია გამომწვევი მოვლენებისადმი პაციენტის დამოკიდებულება, რა ემოციებია ჩართული, რა ქცევებს მიმართავს და ასე შემდეგ. პირველი ორი-სამი სესიის განმავლობაში ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვება ხდება. მაგალითად, თუ პაციენტს პანიკური შეტევები აქვს, გვაინტერესებს, სად ემართება ეს შეტევები, რა არის ტრიგერი, რას ფიქრობს, როცა ტრიგერი პირველად ჩნდება, რას აკეთებს, რა ემოციები ეუფლება, რას ფიქრობს და როგორ იქმნება ეს მანკიერი წრე.

რას ვეძახით მანკიერ წრეს? დავუშვათ, პაციენტს გარკვეულ სიტუაციაში გაუჩნდა შიში, რომ სადაცაა რაღაც ცუდი მოხდება. შეიძლება ეს იყოს შეგრძნება, რომელსაც მოჰყვება გულის აჩქარება, თავის სიმძიმე, სისუსტე ფეხებში და ა.შ. ამ სიმპტომებმა, შესაძლოა, მისი შიში კიდევ უფრო გაამძაფროს და გადაიყვანოს უკონტროლო შფოთვის მდგომარეობაში. ამის შემდეგ იბადება აზრი, რომელიც შფოთვით მდგომარეობას პანიკური შეტევის დაწყების სიგნალად "თარგმნის", რაც, თავის მხრივ, ფიზიკურ სიმპტომებს კიდევ უფრო აძლიერებს. ამას შეიძლება მოჰყვეს დაცვითი ქცევები – გაქცევა, წამლის დალევა, ახლობელთან დარეკვა და სხვა. საბოლოოდ, აზრები, ფიზიკური შეგრძნებები და ქცევები ერთმანეთს აძლიერებს და სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს, ამას ვუწოდებთ მანკიერ წრეს.

GEOCTB.GE

ამ ყველაფერს მკურნალობის პროცესში დეტალურად, ეტაპ-ეტაპ ვარჩევთ – რა სიტუაციაში გაჩნდა პირველი სიმპტომი, საიდან დაიწყო შეგრძნებები, რა ვიფიქრეთ, რა მოვიმოქმედეთ, რა ვიგრძენით და ასე შემდეგ. რამდენიმე შემთხვევის გაანალიზების შემდეგ, ვიწყებთ უფრო ფართო ფორმულირების შედგენას, კერძოდ, გვაინტერესებს არა კონკრეტული შეტევის დეტალები, არამედ ის, თუ საიდან მოდის თავად პრობლემა, უდევს თუ არა საფუძვლად მას წარსულის ნეგატიური გამოცდილება, გვხვდება თუ არა მსგავსი პრობლემა სანათესაოში და ვცდილობთ, მოვაგროვოთ ინფორმაცია თავად პრობლემის წარმოშობის შესახებ. ხშირად, ეს ინფორმაცია იძლევა საშუალებას, გავიგოთ, რატომ ნარჩუნდება ეს პრობლემა დღემდე, რაც სწორედ ჩვენს მიზანს წარმოადგენს.

მას შემდეგ, რაც პრობლემის გამომწვევ და შემანარჩუნებელ მექანიზმებს გავეცნობით, იწყება თერაპიული ეტაპი, რომელიც CBT-ის საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდებს ეფუძნება. თერაპიის პროცესში მიმდინარეობს ეტაპობრივი დაშლა იმ მანკიერი წრისა, რომელიც პრობლემაზე ნავთს ასხამს:

რადგან ვიცით, რომ აზრები, ქცევები და ემოციები პროცესის მთავარი აქტორებია, ვცდილობთ, თითოეულ მათგანს ჩავუღრმავდეთ და პაციენტის სასიკეთოდ შევცვალოთ – გამოვასწოროთ არაჯანსაღი, უსაფუძვლო ფიქრები, შევწყვიტოთ დაცვითი ქცევები და ა.შ. თითოეულ კომპონენტზე, იქნება ეს ქცევა, აზრი თუ ემოციები, ცალკე მუშაობაა საჭირო. მაგალითად, თუ დეპრესიით დაავადებულ ადამიანს მიაჩნია, რომ უვარგისია და არავის უყვარს, ვეცდებით, ეს დაშვება ეჭვქვეშ დავაყენოთ და შევცვალოთ, ან, თუ შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტი პანიკური შეტევის შიშით ავტობუსში არ ადის, ვეცდებით, ეს დაცვითი ქცევა გავაქროთ. ეს ეტაპი კურსის ყველაზე დიდ ნაწილს მოიცავს.

და ბოლოს – პრევენცია. ამ ეტაპზე ვცდილობთ, პაციენტს საკუთარ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება ვასწავლოთ, რათა თავიდან ავირიდოთ ან მაქსიმალურად გადავავადოთ, სიტუაციის მორიგი გამწვავება.

 რამდენ ხანს გრძელდება კურსი და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული მკურნალობა?

კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც შემთხვევის ტიპსა და სიმწვავეზე, ასევე პაციენტის ფინანსურ შესაძლებლობებზეც. საშუალოდ, ერთი სრული კურსი 5-20 შეხვედრას გულისხმობს, თითოეულის ხანგრძლივობა კი 1 საათამდეა. მაგალითად, ნაკლებად მწვავე პანიკური შეტევების სამკურნალოდ, ხშირად 6-7 სესიაც საკმარისია, სხვა ტიპის შფოთვით აშლილობებს – 10-12 და ასე შემდეგ. მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, სეანსის საშუალო ფასი 50-100 ლარის ფარგლებში მერყეობს და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენთან, დაზღვევის პაკეტები ფსიქიკურ პრობლემებს არ მოიცავს, ამიტომ პაციენტს ხარჯების დაფარვა თავისი ჯიბიდან უწევს. როცა 10-ჯერ ან მეტჯერ ხარ თერაპევტთან მისასვლელი, ხარჯები საკმაოდ მაღალია. ისევ იმ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, თუ რომელ პროფესიონალს უნდა მივმართოთ, დასავლეთის ქვეყნებში ამას დაზღვევის პროვაიდერი კლინიკა და შესაბამისი ოჯახის ექიმი წყვეტს, ჩვენთან კი ამ გადაწყვეტილებას ფინანსური ხარჯების აწონ-დაწონის შედეგად იღებენ. ცხადია, პაციენტის ფინანსურ მდგომარეობას მაშინაც ვითვალისწინებთ, როცა სეანსების რაოდენობაზე ვთანხმდებით, სამწუხაროდ, ამ შეზღუდვიდან გამომდინარე, კურსის ხანგრძლივობა ყოველთვის ოპტიმალური არ არის.

 

კომენტარები