შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ჩართულობა" – ვაშაძის ღია წერილი შარლ მიშელს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, მკაფიო და მკვეთრი გზავნილებით, აიძულოს ქართული ოცნება, შეასრულონ შეთანხმება. 

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"28 ივლისს ქართულმა ოცნებამ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების: საქართველოს სამომავლო გზის ცალმხრივად ანულირების განაცხადით, უარი თქვა ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და კვლავ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გზას დაადგა.

19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ გააჩინა შესაძლებლობა, არა მხოლოდ რთული პოლიტიკური კრიზისის დასრულების, არამედ რეალურად გაჩნდა პერსპექტივა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ხელისუფლების არჩევნების გზით დემოკრატიულად ცვლილების.

სწორედ ამიტომ, ამ შეთანხმებამ მოიპოვა ნდობა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში და ხაზი გაუსვა დასავლეთის განსაკუთრებულ როლს, ქვეყნისთვის მძიმე დროს.

ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბათუმში განვაცხადეთ ქართული ოცნების მხრიდან შეთანხმების ცალკეული ნაწილის დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა შეთანხმების სრულად შესრულებას. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დიპლომატიური ენა არ არის საკმარისი, ვაიძულოთ ქართული ოცნება შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისი დასტურიც არის ცალმხრივად ამ შეთანხმებიდან გასვლა.

დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი აქტიური ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის.

თქვენს განცხადებაში, შეთანხმებაზე ნაციონალურმა მოძრაობის მხრიდან ხელის არმოწერის თაობაზე ყურადღების გამახვილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს მოცემულობა ცხადი და თვალნათელი იყო ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილებული იყო მხოლოდ პროცესში მონაწილე ხელისმომწერ მხარეებზე.

მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნება არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები და აღსრულების მექანიზმები აიძულებს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ვადასტურებთ მზაობას, თქვენთან ერთად მივიღოთ კონსულტაციებში მონაწილეობა. გთხოვთ, დროული რეაგირებისა და ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებას, რათა ვაიძულოთ ქართული ოცნება, დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დემოკრატიული გზით განვითარებისა და ხალხის მიერ არჩეული პროდასავლური კურსის უზრუნველყოფის!" - წერია ვაშაძის ღია წერილში. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

კომენტარები