პრაიდის კვირეული

პავილიონისი: დემოკრატიაში ოპოზიციას რადიკალურ ძალად არ მოიხსენიებენ

EADaily

ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისიმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში 5 ივლისის ძალადობასა და შემდგომ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პავილიონისის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციას რადიკალურ ძალად არ მოიხსენიებენ, ყველას არც პატივს სცემენ, ხოლო მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა ავტოკრატიაზე მიუთითებს.

"ვიმედოვნებ, მთავრობა ამ რადიკალიზმს შეაჩერებს, 5 ივლისის ძალადობაზე შესაბამის გამოძიებას ჩაატარებს, მოსპობს სიძულვილის ენას და ძალადობას, რომელიც ძალიან შესამჩნევი გახდა. დემოკრატიაში ოპოზიციას რადიკალურ ძალად არ მოიხსენიებენ, ყველა აზრს პატივს სცემენ, ცდილობენ, საუკეთესო გამოსავალი იპოვონ. იგივე ეხება მედიასა და სიტყვის თავისუფლებას, როდესაც მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევას მიიტან ეს ავტოკრატიაზე მიუთითებს. მედიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა მიუთითებს, რომ შენ განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებისა და კრიტიკის არ გეშინია.

საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა ქნას, რომ სიძულვილი და ძალადობა შეაჩეროს, გამოავლინოს ორგანიზატორები, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთთან კავშირში არიან, ჩვენ გვჭირდება საქართველო, სადაც დემოკრატიულ პრინციპებს, ჟურნალისტების თავისუფალ სიტყვასა და უმცირესობას იცავენ. არავის აქვს უფლება, ჟურნალისტს მოქმედების საშუალება შეუზღუდოს, კანონის უზენაესობა ყველას უნდა შეეხოს, რუსული მეთოდებით პრობლემების მოგვარება არ შეიძლება, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა იყოთ დემოკრატიული და ერთიანი." - თქვა პავილიონისმა. (გამოყენებულია ტელეკომპანია მთავარის თარგმანი)


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები.  სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარლამენტთან რამდენიმე აქცია გაიმართა.  ორგანიზატორები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ.

კომენტარები