შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კარლ ბილდტი ქართულ ოცნებაზე: იანუკოვიჩს ბაძავენ?

კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა.

"საქართველოში სერიოზულად და ღრმად სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული დემოკრატიული გზის შეთანხმების დატოვებით. ისინი იანუკოვიჩს ბაძავენ?" - წერს ბილდტი Twitter-ზე.


28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა გუშინ, 28 ივლისს დაწერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებთან კონსულტაციას გადის და ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.

 

კომენტარები