აშშ-ბელარუსი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

სვეტლანა ტიხანოვსკაია და ჯო ბაიდენი
Twitter/@POTUS

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თეთრს სახლში შეხვდა.

"ჩემთვის პატივი იყო სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან თეთრ სახლში შეხვედრა. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ბელარუსი ხალხის გვერდით მათ დემოკრატიისა და საყოველთაო ადამიანის უფლებებისთვის მისიაში." - წერს ბაიდენი Twitter-ზე.

ტიხანოვსკაიას თქმით, მან ბაიდენს სთხოვა, დახმარებოდა ბელარუსი აქციოს "დემოკრატიაზე მშვიდობიანი გადასვლის მაგალითად". ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის, რაც ბელარუსში ხდება, არ არის დაკავშირებული გეოპოლიტიკასთან და ბელარუსი ხალხის მხარდაჭერა "აშშ-ს მორალური ვალია".

სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით ჩავიდა. ის შეხვდა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს, პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს და ბელარუსული დიასპორის წარმომადგენლებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატი და ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე იყო. არჩევნებში ოფიციალური ინფორმაციით ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ხელისუფლება ძალადობრივად ახშობდა. არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობდა, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ქვეყნის დატოვების შემდეგ ტიხანოვსკაია აქტიურად ხვდება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს.

კომენტარები