ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალექსანდერ ლუკაშენკოს გაუგზავნა შეთავაზება, რომ ბელარუსი მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი გახდეს.
სამინისტროს მიხედვით, ბელარუსის პრეზიდენტი პოზიტიურად გამოეხმაურა შეთავაზებას. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბელარუსი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის საბჭოს აქტივობებში და იმედს გამოთქვამს, რომ ორგანიზაცია წარდგენილი მანდატის მიღმაც შეძლებს მუშაობას.
მანამდე, კრემლმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა საბჭოს წევრად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიწვია.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი ამჟამად წინადადებას განიხილავს.
"რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ინიციატივის ყველა ნიუანსის დასაზუსტებლად გეგმავს," - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 17 იანვარს, თეთრმა სახლმა "მშვიდობის საბჭოს" წევრების ნაწილი დაასახელა.
დასახელებულ პირებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია.
დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებისთვის 60 ქვეყანა მიიწვია, თუმცა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც "მშვიდობის საბჭოს" მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.
Bloomberg-ის მიერ ნანახი "მშვიდობის საბჭოს" წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა - თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარებოდა.
"ყოველი წევრი სახელმწიფო ამ წესდების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს სამი წლის ვადით იმსახურებს, თავმჯდომარის მიერ განახლების შესაძლებლობით. სამწლიანი წევრობის ვადა არ გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც წესდების ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში მშვიდობის საბჭოში ნაღდი სახსრების სახით 1 000 000 000 აშშ დოლარზე მეტს შეიტანენ" - ნათქვამია პროექტში.





