ბელარუსი

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსში მაშინ დავბრუნდები, როცა თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობ

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Getty Images

ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს.

"მე უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ძალიან მინდა დაბრუნება. აუცილებლად დავბრუნდები, როცა თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობ" – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, მისმა ქმარმა, სერგეი ტიხანოვსკიმ, იცის, რომ სვეტლანამ ქვეყანა დატოვა. სერგეი ტიხანოვსკი ოპოზიციონერი ბლოგერია. ის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, თუმცა არჩევნებამდე დააკავეს. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენება ქმრის დაკავების შემდეგ გადაწყვიტა.

ტიხანოვსკაიამ ბელარუსი 11 აგვისტოს, მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებიდან მეორე დღეს დატოვა და ლიტვაში გაემგზავრა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ტიხანოვსკაიამ ლიტვაში გაგზავნა შვილები.

ოპოზიციონერის ვალერი ცეპკალოს განცხადებით, ტიხანოვსკაიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ამისთვის მისი ქმრის მდგომარეობას იყენებდნენ. თავად ვალერი ცეპკალომ დაკავების შიშით ბელარუსი არჩევნებამდე დატოვა.

ბელარუსის ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% მოაგროვა და მეორე ადგილზე გავიდა.

კომენტარები