აშშ-ბელარუსი

ტრამპმა ბელარუსში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლად ჯონ კოული წარადგინა

REUTERS/Kacper Pempe

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბელარუსში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლად ჯონ კოული წარადგინა, რომელმაც აქამდე ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოა. მისივე თქმით, კოული აპირებს, რომ მოლაპარაკებები ასევე სხვა პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით აწარმოოს

ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.

"მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ბატონი ჯონ კოული, რომელიც ცნობილია, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ნამდვილად დიდებული ადვოკატი და რომლის გამარჯვებებსაც ეკუთვნის თამბაქოსთან დაკავშირებულ საქმეებში პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება, ბელარუსში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლად არის წარდგენილი. მან უკვე წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები 100 ტყვის გათავისუფლების შესახებ და დამატებით 50-ის [გათავისუფლებაც] სურს. მსურს, წინასწარ მადლობა გადავუხადო ბელარუსის პატივსაცემ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს იმისთვის, რომ დამატებით ამ ადამიანების გათავისუფლებას განიხილავს". - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, კოულმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ბელარუსის მოლაპარაკებებში, რომელთა შედეგადაც ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდერ ლუკაშენკომ 52 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 

ლუკაშენკომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს მოითხოვა პატიმრების გათავისუფლება, რომლებსაც აშშ-ს პრეზიდენტმა "ტყვეები" უწოდა. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ბელარუსში საელჩო 2022 წლის თებერვალში დახურა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ბელარუსის ტერიტორია გამოიყენა. 

კომენტარები