ჟურნალისტებზე ძალადობა

ქარტია: ვგმობთ კალაძის განცხადებას, მოვუწოდებთ მთავრობას, არ წაახალისოს მედიაზე თავდასხმა

კახა კალაძე
თბილისის მერია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არ წაახალისონ. 

"2021 წლის 20 ივლისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა  და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

გუშინ, 20 ივლისს კახა კალაძემ მედიაზე საუბრისას თქვა, რომ "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში". 

ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენაზე მისული ოცნების წევრები და მხარდამჭერები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულები იყვნენ - მათ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს გამოგლიჯა და დახია. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ჟურნალისტებს მასზე უძალადიათ. "ყარხართ, თქვენ ხართ ნაგავი, სამარცხვინოები, ნაძირალები" - ამ სიტყვებით კი ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ მიმართა.  

კომენტარები