შარლ მიშელი საქართველოში

სამადაშვილი: თუ ოცნება შეთანხმებას არ დაიცავს, EU-ს დახმარების პაკეტი, შესაძლოა, შეჩერდეს

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

სამადაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან ოცნების მხრიდან შეთანხმების დარღვევით და თუ მმართველი პარტია შეთანხმების ყველა პუნქტს არ დაიცავს, შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტის შეაჩეროს.

"თუ არაფერი არ შეიცვლება და უახლოეს მომავალში ქართული ოცნება აქტიურ ნაბიჯებს არ გადადგამს, რომ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი, დაწყებული ამნისტიიდან, დამთავრებული საარჩევნო რეფორმით, თუ ყველა პუნქტთან მიმართებაში არ იქნება გადადგმული ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა შეიძლება მოხდეს, იმიტომ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები არიან უკიდურესად შეშფოთებული იმით, რომ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიციები მთლიანად შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვან საკითხებზე არის აცდენილი იმ შეფასებებს, რაც, ერთი მხრივ აქვს დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას და მეორე მხრივ, ჩვენ ევროპელ კოლეგებს". – თქვა სამადაშვილმა

ვიზიტის ფარგლებში მიშელი შეხვედრას გამართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები მას მედიაზე თავდასხმების შესახებ საპროტესტო ბანერებითა და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. 

შარლ მიშელი საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც 19 ივლისს იხსნება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

კომენტარები