შარლ მიშელი საქართველოში

მიშელი: სასამართლო რეფორმა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების წინაპირობაა

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ოპოზიციის და ხელისუფლების წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მიშელის თქმით, სასამართლო რეფორმის გატარება არის შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და ევროკავშირისგან დახმარების პაკეტის წინაპირობა

"კანონის უზენაესობის კონსოლიდირების მცდელობა სასამართლო რეფორმების მეშვეობით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. სასამართლო რეფორმა არის ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ადგილობრივ დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, ეს აშკარად დაკარგული შესაძლებლობაა". – თქვა მიშელმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები მას მედიაზე თავდასხმების შესახებ საპროტესტო ბანერებითა და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. 

შარლ მიშელი საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, რომელიც 19 ივლისს იხსნება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

კომენტარები