ზაზა გახელაძე

როგორ გააღწია გობოზოვმა ქართული ციხიდან, თუ სუს-ს ის გახელაძეში არ გაუცვლია

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე, რომელმაც ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში 1 წელზე მეტი გაატარა, გაიცვალა მკვლელობაში ბრალდებულ, 39 წლის ვადიმ გობოზოვში , რომელიც ცხინვალის მცხოვრებია. 

 ოკუპირებული ცხინვალის მედიის ГТРК-ს ცნობით, გაცვლის შეთანხმება თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის 12 ივლისს რუსეთის პატრიარქ კირილის ჩარევით შედგა. 

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც ამბობენ, რომ "არავითარ გაცვლას ადგილი არ ჰქონია", დამატებით კითხვაზე კი, იმყოფება თუ არა ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ გობოზოვი, უწყებაში არ გვპასუხობენ. ГТРК-ს ვიდეოში კი ცალსახად ჩანს, რომ გობოზოვი გათავისუფლებულია. 

გაცვლას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვიც ადასტურებს და ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მათ პირდაპირი კავშირი არ აქვთ, შეთანხმება შუამავლების საშუალებით მოხდა. 

2020 წლის სექტემბერში ოკუპირებულ რეგიონებსა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შორის ვადიმ გობოზოვს საქართველოს მოქალაქესთან მოუვიდა დაპირისპირება. ГТРК-ს ცნობით, საქართველოს მოქალაქე "მთვრალი იყო" და ქვით დაესხა თავს გობოზოვის მამას, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, პასუხად, ვადიმ გობოზოვმა დანით დაჭრა საქართველოს მოქალაქე, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ციხეში ვადიმ გობოზოვმა 10 თვე გაატარა. 

ცხინვალის საპატიმროში გატარებული 1 წლის შემდეგ ზაზა გახელაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნის ფონზე გათავისუფლდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებულ გახელაძეს საოკუპაციო ხაზთან თავად პრემიერი დახვდა. 

კომენტარები