ჟურნალისტებზე ძალადობა

ოცნების ოფისთან აქტივისტებმა საღებავები ისროლეს, 12 მათგანი პოლიციამ დააკავა

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების და მმართველი პარტიის შენობის მისამართით კვერცხებსა და საღებავებს ისროდნენ. პოლიციამ 12 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია ქართული ოცნების ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”. – აცხადებს შსს. 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ დაიძრნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ, სამართალდამცველები მმართველი პარტიის ოფისს იცავდნენ.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, უწყება მეორე დღეა "სავარაუდო ზედოზირებაზე" მიანიშნებს, 12 ივლისის საღამოს გამართულ ბრიფინგზე კი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა. მისივე მტკიცებით, ალექსანდრე ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს იყიდა ფსიქოტროპული პრეპარატები, ნარკოტიკი და ერთჯერადი შპრიცები, მოხმარების შემდეგ კი, ორჯერ გახდა ცუდად.

TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან მეორე დღეა, აქციები იმართება. ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები