პრაიდის კვირეული

ჯაფარიძე: 20:00 საათზე დადექით რუსთაველზე, თუ გინდათ, ნორმალურ ქვეყანაში აცხოვროთ შვილები

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დღეს, 6 ივლისს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.  

"დღევანდელი დღე გათენდა და ვითომ არაფერი - ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ნიუსებში ვაშუქებთ გუშინდელ ამბავს, თითქოს რიგითი რაღაც მოხდა და ვაგრძელებთ ცხოვრებას. გუშინ რაც მოხდა, არ არის ეგეთი მარტივი ამბავი, რომელზეც შეგიძლია, თვალები დახუჭო და დაიძინო, გაიღვიძო, გააგრძელო ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი შეცვლილა. მე მგონია, რომ გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, კატასტროფა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება და მართლა, გულწრფელად უნდა, რომ მისმა შვილებმა ამ ქვეყანაში იცხოვრონ. ეს არ იყო მარტივი ამბავი, ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც ერთად ჩაატარეს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. გუშინ რაც ვნახეთ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას. სიბნელე, რომელიც ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, კლავს ჩვენი შვილების მომავალს. ეს სიბნელე დგას ყველგან, სადაც კი მე რამე ვცადე, რა მიმართულებითაც არ წავედი და სადაც არ ვცადე, თუნდაც სულ პატარა, მისხალი თავისუფლების მოპოვება. ყველგან ამ სიბნელეს შევეჯახე, როგორც კედელს. 

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოგწონთ, ყველაფერი არის ბოდვა. არც იმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვითომ ესენი ლგბტ ხალხის წინააღმდეგ იყვნენ გამოსული, ტყუილია ეს ყველაფერი, ეს ხალხი არის ბნელი, ზომბების მასა, რომელიც სპეციალურად იმისთვის გამოზარდეს, რომ ასეთ მომენტებში გამოიყენონ. ილუზიაა ის, რომ შეიძლება არჩევნებზე მიხვიდე, ბიულეტენი ჩააგდო და ამათ ამით მოუგო. არა, ესენი არჩევნების მერეც ამათ გამოიყენებენ და ისევ თავში ჩაგარტყამენ, თუ ხმას არ ამოიღებ. არსად დედამიწაზე არ არსებობს არანაირი უფლებები, ეგ არის ზღაპარი, რომ გამოხატვის თავისუფლება და მანიფესტაციის უფლება... უფლებები არსებობს მარტო ადამიანების საზოგადოებაში და არა ველურების, ცხოველების საზოგადოებაში. არსებობს მარტო იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები მზად არიან, რომ ეს უფლებები დაიცვან. თუ არ ხარ მზად, რომ ეს უფლება დაიცვა, არაფრის უფლება არ გაქვს, მონა ხარ. ეს არის, რასაც ისინი ახლა ცდილობენ - შეგაშინონ, დაგაჩმორონ  და გაგრძნობინონ თავი მონად, რომ ხმა არ ამოიღო არასოდეს და არ გაბედო, არ გაბედო მათ წინააღმდეგ წასვლა, იმიტომ, რომ მათ ხელშია ძალაუფლება. არაფერ შუაში არ არის არაფერი სხვა. ეს არის ჩვეულებრივი ძალაუფლებისთვის ბრძოლა. დღეს ეს ხალხი არიან ხელისუფლებაში, ოცნება და საპატრიარქო ერთად. ეს ხალხი თვლის, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი *ლე, ჩმორი, რომელსაც *რაკი არ აქვს, რომ ხმა ამოიღოს და როცა მოუნდებათ, მოვარდებიან და თავში წამოგარტყამენ და შენ გაჩუმდები, დადუმდები, როგორც დღეს არის დადუმებული მთელი ქვეყანა და ხმას არიღებს. თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები და იმაზე ფიქრობთ, რომ ამ შვილებმა აქ გინდათ, იცხოვრონ, ხმა ამოიღეთ. აჩვენეთ ამ მართლა *ლეებს, ვინ არის *ლე.  დღეს, 20:00-ზე გამოდით  და ჩუმად დადექით, არავინ არაფერს არ გთხოვთ, არც მიტინგი იქნება და არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი, მუსიკა და არაფერი, უბრალოდ, გამოდით, ერთი საათი დადექით და დაანახეთ ამ დედამო***ულებს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ნორმალურ ქვეყანაში აცხოვრონ საკუთარი შვილები, სადაც ქუჩაში მუტრუკი ზომბები არ დარბიან და პატარა ბავშვებს არ ურტყამენ და ასისხლიანებენ. **რაკი გაანძრიეთ, თქვენ მეტი ამის გამკეთებელი არავინ არ არის, ვერც მე გიშველით და ვერც ვერავინ, თქვენი გასაკეთებელია. 20:00 საათზე დადექით რუსთაველზე, თუ გინდათ, რომ რამე გეშველოთ, თუ არა, დავრჩებით ამ წუმპეში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ". – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

აქციას უერთდება მოძრაობა დროა და ევროპული საქართველო.  

ღირსების მარში 5 ივლისს, ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. პოლიციამ მოძალადე დააკავა. მას, სავარაუდოდ, ბრალს დღეს, 6 ივლისს წარუდგენენ.

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები