ზაზა გახელაძე

"გავერთიანდეთ ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მხარდასაჭერად" – 23 ივნისს აქცია გაიმართება

23 ივნისს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად მოძრაობა დროას ორგანიზებული აქცია გაიმართება. დროას ინფორმაციით, 23 ივნისი ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. 

აქცია 11:00 საათზე თბილისში დაიწყება და 12:30 საათიდან სოფელ ქვემო ჭალაში გაგრძელდება. 

"23 ივნისს გახელაძეების ოჯახთან ერთად, სოფელ ქვემო ჭალის და მის გარშემო რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები გამართავენ აქციას. მათ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერის იმედი აქვთ!

თბილისიდან წასვლის მსურველები 11:00-ზე შევიკრიბებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
თუ გჭირდებათ ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, გთხოვთ, მოგვწეროთ დროას ფეისბუქ გვერდზე". –  ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები