ეკონომიკა

ხორბლის გაძვირების ფონზე, მეხორბლეები მთავრობისგან სუბსიდირების გაზრდას ითხოვენ

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, მოსალოდნელია, რომ პურის გაძვირების შესაჩერებლად მთავრობას სუბსიდიის გაზრდა მოუწიოს. ამის მიზეზად მეხორბლეები რამდენიმე ფაქტორს ასეხელებენ, მათ შორისაა, ხორბლის და ფქვილის არსებითი გაძვირება, ელექტროენერგიის ტარიფის საგრძნობი ზრდა და ლარის გაუფასურება. 

ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ხორბლის და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტებს აწესებს და ფასებს ზრდის. თავის მხრივ, საქართველოში ხორბლის ექსპორტი თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე. სწორედ ამ ცნობის გავრცელების შემდეგ, საქართველოში მოქმედი მეხორბლეები მთავრობის მხრიდან დამატებითი სუბსიდირების გამოძებნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული 10-ლარიანი სუბსიდია ერთ ტომარა ფქვილზე არსებულ ვითარებაში საკმარისი აღარ არის და იმ შემთხვევაში, თუ სუბსიდია არ გაიზრდება, პურზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. 

"10-ლარიანი სუბსიდია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ წისქვილკომბინატებმა ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა და პურის ქარხნებს ფქვილი ფიქსირებულ ფასად - ერთი ტომარა 53 ლარად მიაწოდონ. გამოწვევა არ არის მარტო ხორბალი, რომელიც ბოლო პერიოდში გაძვირდა, არამედ გამოწვევას წარმოადგენს ლარის კურსიც, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია და ამას ყველაფერს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფიც ემატება",- განაცხადა მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ.

მეხორბლეების თქმით, სამთავრობო სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების მომენტში 1 ტომარა ფქვილი 63 ლარი ღირდა, ხოლო დღეს უკვე 67-68 ლარია. აქედან გამომდინარე, მეხორბლეები მთავრობისგან 10-ლარიანი სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. 

თავის მხრივ, საკითხზე უკვე მსჯელობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უწყებამ ამ პროგრამისთვის უკვე 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა ცხადია, რომ პურსა და პურპროდუქტებზე სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად ეს თანხა საკმარისი აღარ არის. 

მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიერ ხორბალსა და სხვა მარცვლეულებზე ფასების მატება ქართველი იმპორტიორებს ხორბალს 100-150 ლარით გაუძვირებს. ეს, შესაძლოა, აისახოს როგორც პურპროდუქტებზე, ასევე, ისეთ დარგებზე, როგორიცაა მეფრინველეობა და მეცხოველეოება, რადგანაც ეს დარგები საკვებად ძირითადად, ასევე, რუსეთიდან იმპორტირებულ მარცვლეულს იყენებენ.  მოსალოდნელია, რომ ამ სახეობის პროდუქტებზე ფასი 10-12%-ით მოიმატებს. 

გასული წლის 10 თვეში საქართველომ რუსეთისგან 97 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი შეიძინა. ამავე პერიოდში საქართველომ სულ 22 მილიონი დოლარის სიმინდის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 19 მილიონი დოლარის სწორედ რუსული წარმოების სიმინდზე დაიხარჯა.

რუსულ მარცვლეულზე ფასის ამგვარი მატება კიდევ უფრო დრამატულია ელექტროენერგიისა და გაზის გაძვირების ფონზე კომერციული ობიექტებისთვის. მიუხედავად მთავრობის მიერ ინიცირებული სუბსიდირების პროგრამისა, რომელიც მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქციის მწარმოებელ ბიზნესზე ვრცელდება, მოსალოდნელია, რომ გარკვეული ტიპის პროდუქციაზე ფასები მომდევნო თვეებში საგრძნობლად გაიზრდება.

კომენტარები