ეკონომიკა

დღეიდან რუსული ხორბალი გაძვირდა – რას აპირებს საქართველო

პირველი მარტიდან 1 ტონა რუსული ხორბლის საექსპორტო ტარიფი 50 ევრომდე გაძვირდება

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში რუსეთმა საექსპორტო ხორბლის კვოტირების გადაწყვეტილება მიიღო და  მაქსიმალურ საექსპორტო ოდენობად 17.5 მილიონი ტონა დაასახელა. მოგვიანებით, შეზღუდვას მანამდე არარსებული საბაჟო ტარიფიც დაემატა, რაც 1 ტონა საექსპორტო ხორბალზე 25 ევროთი განისაზღვრა. გადაწყვეტილება ძალაში 15 თებერვალს შევიდა, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, პირველი მარტიდან აღნიშნული ტარიფი ტონა ხორბალზე 50 ევრომდე გაძვირდება. 

ხორბლის გაძვირების თაობაზე "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა.

ტარიფის ზრდის ფონზე, საქართველო ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაციას აპირებს. სილაგავას თქმით, ქვეყანაში ყაზახური, უკრაინული და რუმინული ხორბლის შემოტანაც იგეგმება, თუმცა შეზღუდული მარაგების გამო რუსული ხორბლის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხერხდება.

რუსული იმპორტის გაძვირების ფონზე, გაზრდილია ხორბლის მსოფლიო ფასიც. 2020 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ტონა ხორბლის ფასი $200-დან $285 დოლარამდე გაიზარდა, რაც ფქვილის ბაზრებზეც აისახა – ამ პერიოდის განმავლობაში 1 ტომარა ფქვილის საბაზრო ფასი 53-დან 68 ლარამდე გაიზარდა. 

გაძვირების ფონზე, საქართველოს მთავრობა პურის სუბსიდირებას დეკემბრიდან მოყოლებული ახორციელებს, თუმცა პროგრამა 1 აპრილს სრულდება. სილაგავას განცხადებით, სავარაუდოა, რომ სუბსიდირება გაგრძელდება, მაგრამ დეტალების შესახებ ინფორმაცია მარტის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სუბსიდიის არარსებობის პირობებში, პურის საბაზრო ფასი დაახლოებით 20 თეთრით მეტი იქნებოდა. 


ამ ეტაპისთვის, საქართველო თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსულ ხორბალზე. გასული წლის 10 თვეში ქვეყანამ რუსეთისგან 97 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი შეიძინა, რაც ხორბლის ჯამური იმპორტის 90%-ს აღწევს.

 

კომენტარები