ეკონომიკა

ხორბლის გაძვირების გამო მთავრობა ფქვილის ფასის სუბსიდირებას 15 ლარამდე ზრდის

მთავრობამ ფქვილის ფასის სუბსიდირების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია პროგრამაზე, რომელიც მთავრობამ გასული წლის დეკემბერში დაიწყო და პურზე ფასების ზრდის შეჩერებას ისახავდა მიზნად. ამ პროგრამის ფარგლებში წისქვილკომბინატებს პურის საცხობი საწარმოებისთვის 1 [50 კილოგრამიანი] ტომარა ხორბლის ფქვილის მაქსიმუმ 53 ლარზე შეუძლიათ.

უფრო ძვირად გაყიდვის შემთხვევაში 50 000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. აქამდე მთავრობა ამ წისქვილკომბინატებს ტომარა ფქვილზე 1- ლარიან სუბსიდიას უხდიდა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სუბსიდიის მოცულობა ტომარაზე 15 ლარამდე იზრდება. 

ამის მიზეზი კი იმპორტული და, ცალკეულად, რუსული ხორბლის გაძვირებაა. 

ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ხორბლის და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტებს აწესებს და ფასებს ზრდის. თავის მხრივ, საქართველოში ხორბლის ექსპორტი თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე. სწორედ ამ ცნობის გავრცელების შემდეგ, საქართველოში მოქმედი მეხორბლეები მთავრობის მხრიდან დამატებითი სუბსიდირების გამოძებნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული 10-ლარიანი სუბსიდია ერთ ტომარა ფქვილზე არსებულ ვითარებაში საკმარისი აღარ არის და იმ შემთხვევაში, თუ სუბსიდია არ გაიზრდება, პურზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. 

"10-ლარიანი სუბსიდია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ წისქვილკომბინატებმა ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა და პურის ქარხნებს ფქვილი ფიქსირებულ ფასად - ერთი ტომარა 53 ლარად მიაწოდონ. გამოწვევა არ არის მარტო ხორბალი, რომელიც ბოლო პერიოდში გაძვირდა, არამედ გამოწვევას წარმოადგენს ლარის კურსიც, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანია და ამას ყველაფერს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფიც ემატება". - თქვა მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ.

მეხორბლეების თქმით, სამთავრობო სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების მომენტში 1 ტომარა ფქვილი 63 ლარი ღირდა, ხოლო დღეს უკვე 67-68 ლარია. აქედან გამომდინარე, მეხორბლეები მთავრობისგან 10-ლარიანი სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. 

თავის მხრივ, საკითხზე უკვე მსჯელობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უწყებამ ამ პროგრამისთვის უკვე 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა, ცხადია, რომ პურსა და პურპროდუქტებზე სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად ეს თანხა საკმარისი აღარ არის. 

კომენტარები