ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

კოალიცია თანასწორობისთვის: ნინოწმინდის პანსიონის საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს

კოალიცია თანასწორობისთვის შემავალი ორგანიზაციები ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა და სახელმწიფოსგან დაუყოვნებელ, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს.

განცხადების თანახმად, შემაშფოთებელია პანსიონში პრორუსული, ძალადობრივი იდეების წამახალისებელი მედია ალტ ინფოს და სხვა ძალადობრივი ჯგუფების შეშვება.

"ამ ფონზე შემაშფოთებელია რამდენიმე დღის წინ გახმაურებული ამბავი, რომ ნინოწმინდის პანსიონში შეუშვეს პრორუსული, ძალადობრივი იდეების წამახალისებელი მედია ალტ ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები და პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. პანსიონში არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილმა, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან გათავისუფლებულმა ეპისკოპოსმა, სერაფიმე ჯოჯუამ კი წირვა აღავლინა", - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთ უწყებას არ გამოუხატავს მკაფიო პოზიცია ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით და არც ხელისუფლების მხრიდან კეთდება პანსიონატების დეინსტიტუციონალიზებისა და აუცილებელი რეფორმის შესახებ განცხადებები.

"ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთ უწყებას მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს პანსიონატში არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე. ამასთან სახელმწიფოს არ შეუქმნია დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ პანსიონატში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფდა. 

უფრო მეტიც, ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ კეთდება განცხადება დიდი პანსიონატების დეინსტიტუციონალიზებისა და აუცილებელი რეფორმის შესახებ, რაც ამ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი გარემოს და უფლებების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა", - წერია განცხადებაში.

კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას

  • დაუყოვნებლივ მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება ნინოწმინდის პანსიონში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების შედეგების შესახებ და დაუყოვნებლივ დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც მონაწილეობდა ბავშვთა მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებში; 

საქართველოს მთავრობას

  • უზრუნველყოს სახალხო დამცველის შეუფერხებელი დაშვება ნინოწმინდის პანსიონატში გამჭვირვალე და ეფექტური მონიტორინგის ჩატარების მიზნით;

  • შედეგიანად განხორციელდეს  ყველა დიდი ზომის ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. 

განცხადებას ხელს აწერენ:

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) 

უფლებები საქართველო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) 

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

კავშირი საფარი

თანასწორობის მოძრაობა


2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა. 

"სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას". - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში. 

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები