ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

ბოკერია ნინოწმინდაზე: ეკლესიის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და სირცხვილია, რაც ახლა ხდება

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

"მართლმადიდებელი ეკლესიის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და სირცხვილია, რაც ახლა ხდება" – ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ მოვლენებზე. ტელეკომპანია პირველის ეთერში ბოკერია აღნიშნავს, რომ ის რაც ხდება, საგანგაშოა ქვეყნისთვის.

"ეს არის საგანგაშო ამბავი ჩვენი ქვეყნის მომავლის, საფუძვლების, სამოქალაქო სახელმწიფოს, ბავშვების უფლებების დაცვის და ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მოვალეობისთვის. მე საკმაოდ კონსერვატიული შეხედულების ვარ მშობლების საქმეში ჩარევაზე ნებისმიერი მთავრობის როლთან დაკავშირებით, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ მთავრობამ მშობლის როლი არ იტვირთოს. ოღონდ მშობლების და, მით უმეტეს მეურვეების, საკუთრება არ არიან ბავშვები, რომ თქვა "რასაც გვინდა, იმას ვიზამთ და კანონის და კონსტიტუციის მაღლა ჩვენს თავს ვაყენებთ"... ეს არის პირდაპირი საფრთხე.

ცალკე [მართლმადიდებელი ეკლესია] არის მისი მომხრეებისთვის ყველაზე ავტორიტეტული რელიგიურ ორგანიზაციებს შორის და ყველაზე მრავალრიცხოვანი. მართლმადიდებელი ეკლესიის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და სირცხვილია, რაც ახლა ხდება, ამასთანვე, პირველ რიგში ჩვენი, მთავრობის, გუშინდელისაც და დღევანდელისაც, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ პოლიტიკური გათვლა ამ შავრაზმულ ჯგუფებზე. კრიმინალური გაგების შავრაზმული იდეოლოგიით და კანონზე მაღლა დგომით, მათი დახმარებით და ძალადობით უნდოდათ ძალაუფლების შენარჩუნება." – თქვა გიგა ბოკერიამ.

დღეს, 3 ივნისს პროკურატურის წინ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციაზე დააკავეს 6 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის. დაკავებულთა შორისაა სირცხვილიას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. სირცხვილიას თანახმად, მაქარაშვილის დაკავებისას ხელი მოსტეხეს. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენობაში შესვლა სცადეს. ისინი პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.  სამართალდამცველებმა ისინი უწყებაში არ შეუშვეს.


2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები