საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართავს, რათა გასაჯაროვდეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული საქმეები.
"სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას". - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც არის დაწყებული.
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს.
19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.