ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

ომბუდსმენი: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა კვლავ არ მოგვეცა

Ombudsman

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში. მათი ინფორმაციით, სკოლაში პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც, ომბუდსმენის შეფასებით, მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. განცხადების მიხედვით, სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან - ზედამხედველები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს. ომბუდსმენის წარმომადგენლებმა სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მისცეს რეკომენდაცია, რადგან პრაქტიკა ბავშვის საუკეთესო ინტერესს არღვევს. 

"სახალხო დამცველის აპარატისთვის განმეორებითი ხელშეშლის ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან, უგულებელყოფს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს, რადგან ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე". – აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ საკითხის გასაჯაროების შემდეგ სახელმწიფო სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, (თითქმის ერთი წლის შემდეგ), თუმცა, ომბუდსმენის შეფასებით, ეს ვერ ჩაითვლება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს. 

"სახალხო დამცველის აპარატმა არაერთგზის, მათ შორის, კომიტეტის დროებითი ღონისძიების გამოცემის შემდგომ, მიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, თუმცა მათ არ აქვთ დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან და ამ დრომდე, არ განუხორციელებიათ ქმედითი ღონისძიებები პანსიონის ბენეფიციართა უფლებების და ინტერესების დასაცავად. სააგენტომ მხოლოდ 17 მაისს მოუწოდა პანსიონის ხელმძღვანელს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიეცა მისი საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა, რაც დაუყოვნებლივ და ქმედით რეაგირებად ვერ ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან პანსიონი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობები ორჯერ შეაფასა. დაწესებულებამ ვერც ერთი შემოწმებისას ვერ წარადგინა ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. ორივე შემოწმებისას გამოვლინდა დაწესებულების მხრიდან სალიცენზიო წესების დარღვევა. დარღვევებს შორის იყო ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან, ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავს, მიაწვდის ინფორმაციას პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და სახალხო დამცველის აპარატის მიერ წლების მანძილზე იქ არსებულ დარღვევებზე არაერთი მითითების შესახებ. ამასთან, მათივე ცნობით, კომუნიკაციისას სახალხო დამცველი შეაფასებს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულების ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს, მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების არაეფექტიანობასა და დაგვიანებას.  

"ასევე, სახალხო დამცველის აპარატში დაწყებულია წარმოება საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულება და უზრუნველყოს პანსიონში დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება. ამასთან, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან, პანსიონში არსებული განგრძობით დარღვევებს მოჰყვეს პროპორციული რეაგირება, მათ შორის, გადაიხედოს დაწესებულების სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შეწყვეტის საკითხი". – წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 


15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.   

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

კომენტარები