ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე 6 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს.

აღნიშნულ აქციაზე დააკავეს დღეს ასევე მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენობაში შესვლა სცადეს. ისინი პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა ისინი უწყებაში არ შეუშვეს. 

"დაიხუროს ჯოჯოხეთი", "სად არიან ბავშვები", "ანაფორა პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებს" - ამ და მსგავსი ბანერებით აქტივისტები და მოქალაქეები პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვდნენ.

2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა. 

"სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას". - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში. 

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 

კომენტარები