ნამახვანჰესი

ENKA: ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

"კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას". - ამის შესახებ განცხადებას ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები, პროტესტის მონაწილეების მხრიდან, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. 

"კომპანია „ენკა რინიუებლზ“ კიდევ ერთხელ ეხმიანება რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ პროექტის დაწყების დღიდან ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს კანონისა და არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციით. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს, რომ ნამახვჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. იყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკურ შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. ნამახვანჰესის წინააღმდეგ ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. კომპანია „ენკას“ აღებული აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას თითოეული თანამშრომელი ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგან. პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისათვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას. კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. ჩვენი შეფასებით, აქტივისტების მიზანია, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს და პოლიციას და ამით შექმნან დაძაბულობის მუდმივი კერა". - წერს კომპანია. 

მათივე განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაწყებულია კაშხლის მშენებლობა. 

"ასევე, ხშირია არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დღესაც, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ტყუილი, თითქოს დაწყებულია კაშხლის მშენებლობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში. ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც გულისხმობს მხოლოდ სადერივაციო გვირაბის მშენებლობას.

კომპანია „ენკა“ მოუწოდებს აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება.

კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში, რათა კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

მედიასაშუალებების წარმომადგნლებს კი მივმართავთ თხოვნით, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების დაძაბვას". - წერია კომპანიის განცხადებაში. 


ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და პოლიციას მოუწოდებენ, ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცენ.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჰესის მშენებლობის ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები