20 ივნისის ამნისტია

პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ოცნების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

ტბელ აბუსერიძე

87 მომხრე, 9 წინააღმდეგი - პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის ამ ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება იმათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა. 

პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

19-21 ივნისს დაზარალებულებმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთიანი განცხადება გაავრცელეს. ისინი არ ეთანხმებიან და გმობენ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციური პარტიების კანონპროექტს.

დაზარალებულმა აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართეს. წერილში დაზარალებულები ელჩებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათი პოზიციით, ამნისტიის სახით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას.

კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა დაზარალებული აქტივისტების საპასუხო წერილში აღნიშნეს, რომ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული შეთანხმების დოკუმენტით აღებული ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

კომენტარები