პოლიტიკური კრიზისი

20 ივნისის ამნისტიაზე ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ერთი ოპოზიციის

ტბელ აბუსერიძე

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მეორე ოპოზიციისგან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს სიით გასულმა და უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. როგორც შალვა შავგულიძე განმარტავს, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტია იმ მუხლებზეც გავრცელდეს, რომლითაც სამართალწარმოება ამ დრომდე არავის მიმართ არ დაწყებულა. 

"ჩვენ მიგვაჩნია, ოპოზიციას, რომ ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებში მონაწილეების მიმართ და, მეორე მხრივ, იმ პოლიციელების მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ასრულებდნენ. ეს იქნებოდა განჭვრეტადი, მკაფიო ამნისტია. ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო აწარმოებს ამ საქმეზე გამოძიებას, ბევრ შემთხვევაში უკვე განაჩენიც არის გამოტანილი და სხვა მუხლები არ გამოკვეთილა, გარდა იმ მუხლებისა, რაც უკვე არსებობს.

ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე მხარეზე გავრცელდეს, მაგრამ გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებზე. ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტული ბრალდებები და მუხლები არ იყოს ამნისტიაში და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება ამ ფაქტთან, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე. ეს არის ძალიან გაუმართლებელი სამართლებრივად, ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტია. არც პასუხობს შეთანხმების სულისკვეთებას. სულისკვეთება არის ის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს სამართლიანი ამნისტია. 

შეთანხმებაში წერია, რომ "ყველა დარღვევასთან და დაკავებასთან დაკავშირებით", რაც ნიშნავს უკვე არსებულ დარღვევასა და არსებულ დაკავებას. არ შეიძლება, ამნისტია გამოაცხადო ჰიპოთეტურ დანაშაულზე". – ამბობს შალვა შავგულიძე. 

სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, შეთანხმების შედეგად კონვენციური მუხლები არ გავრცელდება არცერთ კანონპროექტში. კონვენციური მუხლები გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებს, როგორიცაა წამება, დამამცირებელი მოპყრობა და ა.შ.

"ორივე კანონპროექტში იქნება დაცული კონვენციური მუხლები, კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება არცერთი კანონპროექტი. ამასთან, ძალადობის საქმეები დაემატა მათ [ქართული ოცნების] კანონპროექტშიც და მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტია ჩაიდება მათ კანონპროექტშიც, რომ მათზე არ გავრცელდეს ამნისტია". – ამბობს გიორგი ვაშაძე. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, დღეს, 27 აპრილს პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები