20 ივნისის ამნისტია

"8 ოპერაცია გავიკეთე, ცალ მხარეს სახის ძვლები არ მაქვს" – 20 ივნისს დაზარალებული დეპუტატებს

"მე პირადად, 8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს, თუ სადმე რაიმე სახის ძვალი მაქვს, იცოდეთ, რომ გადანერგილი მაქვს, იმ ადგილას სრულიად სიცარიელე მქონდა. არ არის ლაპარაკი მხოლოდ თვალის დაკარგვაზე ან რაღაც მსგავსი. ცალ მხარეს არაფერი არ მქონდა". – ასე მიმართა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულმა გიორგი სულაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, რომლებიც ამნისტიის კანონს განიხილავდნენ. 

"ამ პერიოდის განმავლობაში ის, თუ ჩვენ რა გადავიტანეთ და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, ქართულ ლექსიკონში სიტყვათა მარაგი არ მეყოფა, რომ ეს ყველაფერი აღვწერო, ვერ შევძლებ ამ ყველაფრის აღწერას. დღესაც ვიმყოფებით მსგავს მძიმე მდგომარეობაში და ამ ყველაფერს ემატება გაუთავებელი პროცესი იმ ადამიანების დაუსჯელობისა, რომლებმაც ჩვენ თვალი ამოგვთხარეს. 20 ივნისს მხოლოდ ის 3 ადამიანი ასე მასობრივად ადამიანების დასახიჩრებას ვერ შეძლებდა, ეს ყველამ კარგად ვიცით. 

რაც შეეხება ადამიანების მხრიდან ძალადობას 20 ივნისის ღამეს, არავინ უმიზეზოდ არაფერს გააკეთებდა, რა თქმა უნდა. განა იმიტომ, რომ მე ვიღაცას ხელს ვაფარებ ან ვიცავ რაღაც მხრივ, იქნებოდა რაღაც წინა პროცესი, როდესაც ადამიანების მიმართ ძალადობა და გაღიზიანება მოხდა, მას შემდეგ, ალბათ, დაიწყო ის ყველაფერი, რაც დაიწყო. არავის ვამართლებ, კანონის წინაშე უნდა ვიყოთ ყველანი ერთი, ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულზე, როგორც ვაგებთ ჩვენ. ჩვენ არ ვიყავით მოძალადეები, ჩვენ მშვიდობიანი დემონსტრანტები ვიყავით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, არ დაგვცალდა და ვერ გამოვთქვით ის პროტესტი, რაც უნდა გამოგვეთქვა

20 ივნისის შემდეგ პროცესში არცერთი ადამიანი არ დაინტერესებულა ჩვენი ბედით. არავინ მოსულა და არ უკითხავს – გიორგი სულაშვილო, როგორ ხარ? მთავარი ის არ არის, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ და გადავრჩი". – თქვა გიორგი სულაშვილმა. 

პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

19-21 ივნისს დაზარალებულებმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთიანი განცხადება გაავრცელეს. ისინი არ ეთანხმებიან და გმობენ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციური პარტიების კანონპროექტს.

დაზარალებულმა ქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართეს. წერილში დაზარალებულები ელჩებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათი პოზიციით, ამნისტიის სახით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას.

კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა დაზარალებული აქტივისტების საპასუხო წერილში აღნიშნეს, რომ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული შეთანხმების დოკუმენტით აღებული ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა.


ქართული ოცნების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

კომენტარები