20 ივნისის ამნისტია

"არ მივიღებ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას" – მელია ამნისტიის მიღებაზე უარს ამბობს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე, ნიკა მელია პარლამენტის მიერ მიღებულ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის აქტის მასზე გავრცელებაზე უარს ამბობს. მელია პოზიციის დასაფიქსირებლად საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა. 

"არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას ახლა მოწყალებას ვთხოვ და ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია – დანაშაული, თითქოს სახელმწიფო გადატრიალებას ვახორიცელებდი და ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს, (საპროცესო გარიგება უფროა ეს, ვიდრე სხვა ყველაფერი) რა თქმა უნდა, არ აქვს. წერტილი დავუსვათ ამ საკითხს. ეს უნდა მიიღოს მოსამართლემაც და ქართულმა ოცნებამაც საბოლოო პასუხად – არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას". – ამბობს მელია.

ნიკა მელიას თქმით, ქართულმა ოცნებამ ამნისტიის კანონში განზრახ ჩაწერა, რომ ის მხოლოდ მათზე გავრცელდება, ვინც აქტის მიღებაზე უარს თავად არ იტყვის. 

"უპრეცედენტო შემთხვევაა, უბრალოდ არ ყოფილა მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც ამნისტიის აქტს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გამოსცემს, ყველაზე ვრცელდება, ეს არის პოლიტიკური ნება. თან გამოსცეს და თან ჩემ გამო ჩაწერეს იქ დათქმა, რომ თუ მელია არ მიიღებს ამ ამნისტიის კანონს, არ გავრცელდეს მასზე. პარალელურად, რეალური მოძალადეები არიან გათავისუფლებულები. ჩემი პასუხი საბოლოო არის არა და მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი". – თქვა მელიამ.

7 სექტემბერს პარლამენტმა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტია მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამნისტიის მიღება ევროკავშირის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია. კანონპროექტი ცალ-ცალკე დააინიციირეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, თუმცა პარლამენტმა ქართული ოცნების პროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის ხელისუფლების ვერსიის თანახმად, ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე. ასევე, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი. კანონპროექტში არაფერი წერია დაზარალებულის თანხმობის შესახებ.

19-21 ივნისს მოვლენებისას დაზარალებულებმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთიანი განცხადება გაავრცელეს. ისინი არ ეთანხმებოდნენ და გმობდნენ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციური პარტიების კანონპროექტს.

კომენტარები