პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია სამადაშვილზე: იცის, რომ მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

"იცის, რომ მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას". – ასე პასუხობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრს, სალომე სამადაშვილს. 

სამადაშვილმა 10 მაისს პალიტრანიუსთან ინტერვიუში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მან გიგა ბოკერიას და მათ, ვინც ამბობს, რომ მეტის მიღწევა შეიძლებოდა, "ნახევრად ირონიულად უპასუხა, დიპლომატიურად, მაგრამ ცოტათი დაცინვით პასუხი იყო, რომ რას ელოდებოდით, ბაიდენი ჩამოვიდოდა თქვენი შიდა კრიზისის მოსაგვარებლად?" 

ბოკერიას შეფასებით, სალომე სამადაშვილი არაკორექტულად იქცევა, შეხვედრებიდან ამბების ფრაგმენტულად გამოტანა არ შეიძლება.

"ქალბატონი სალომე ყველაზე უფრო არაკორექტულად იქცევა, იმიტომ, რომ მორალურად გრძნობს თავს წნეხის ქვეშ, იცის, რომ მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას. მე საერთოდ არ მოვყვები, ძალიან არაკორექტულია ასე მოყოლა, შემიძლია, სხვა რაღაცის მოყოლა დავიწყო ქალბატონ სალომეზე და არ შეიძლება ასეთ შეხვედრებთან დაკავშირებით ასე ფრაგმენტულად ამბების გამოტანა. თუმცა, ეს მის პოლიტიკურ ზნეობაზე მიუთითებს". – ამბობს ბოკერია პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

გიგა ბოკერიას შეფასებით, ოპოზიციის არგუმენტი უნდა იყოს ის, თუ რა მიაჩნიათ ისეთ შეთანხმებად, რომელიც რეალურად დაძრავს კრიზისიდან გამოსვლის გზებს. 

"თუ ეს ასე არ არის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საუკეთესო მეგობრების მცდარ პოზიციასაც კი. ევროპა, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო რუსეთისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი კი არ გკარნახობენ, მუშტს კი არ გირტყამენ, რომ ეს ასე უნდა იყოს, პასუხისმგებლობა შენია, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი ხარ. ისინი გეხმარებიან, რის საშუალებასაც შენ აძლევ. ყველა მედიაციის დროს, მედიატორი უყურებს, მხარეები რისთვის არიან მზად.

წინა დოკუმენტზეც თქვა დანიელსონმა, რომ ეს ბოლოა და დათანხმდითო. ჩვენ ჩვენი ფუნდამენტური შეხედულება გვაქვს, ვის ექნებოდა პრობლემა - მთავრობას, რომელსაც ჰყავდა ციხეში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და რომელსაც ჰქონად ბოიკოტი პარლამენტში. ეს წნეხი უნდა გაგრძელებულიყო მანამდე, სანამ იმ ტიპის შედეგს არ მივიღებდით, რომელიც გააძლიერებდა საზოგადოების პოზიციას ამ ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში. ამან ეს ვერ შეძლო და ამის ნაცვლად ასეთი იაფფასიანი მეთოებით საკუთარი პოზიციის დაცვა, იმის ნაცვლად, რომ ახსნა, რატომ მიგაჩნია ეს სწორად. როგორც კი პოლიტიკოსი არგუმენტების მაგივრად იწყებს რალაპარკს, რომ "იმანაც ეს თქვა", ეს ნიშნავს, რომ სათქმელი არ აქვს". – ამბობს გიგა ბოკერია.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.  

კომენტარები