პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: საარჩევნო რეფორმაზე შეხვედრა გვექნება ოცნებასთან აშშ-ს და ევროპის მონაწილეობით

პარტია ლელოს ოფისში ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია შეხვედრას მართავს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, განხილვის თემაა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელიც 10 მაისს ქართულ ოცნებასთან ევროპისა და აშშ-ს მხარეების ჩართულობით გაიმართება. 

"ფართო სპექტრი ცვლილებების არის გასატარებელი საარჩევნო რეფორმის კუთხით. ხვალ გვექნება გასვლითი შეხვედრა, სადაც ამერიკის და ევროპის მხარეც მიიღებს მონაწილეობას, იქნებიან ქართული ოცნების წარმომადგენლებიც.

ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით, შემიძლია დავარქვა, რომ არის ქართული ინოვაციები, რომლებიც, ერთის მხრივ იქნება იაფი. საუბარია, ხმის მიცემის დროს დაინერგოს ახალი თაობის ბიულეტენები, ასე შემდეგ, მათ შორის, გირჩის წარმომადგენელი წარმოადგენს ამ კონცეფციას, ამაზე ვიმსჯელებთ, რომ ხვალ კარგად მომზადებულები მივიდეთ". – თქვა გიორგი ვაშაძემ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

ამბიციური საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია. დოკუმენტის თანახმად, ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

კომენტარები