კრიპტოვალუტა

რატომ გაიზარდა ეთერიუმის ფასი რეკორდულად: წარმატების მიზეზები და გამოწვევები 

კრიპტოვალუტა

რატომ გაიზარდა ეთერიუმის ფასი რეკორდულად: წარმატების მიზეზები და გამოწვევები 

კრიპტოვალუტის მარკეტი აღმასვლის პროცესს განაგრძობს, ამჯერად ახალ რეკორდულ ნიშნულებს რიგით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის [ETH] ფასი აღწევს. თითქმის ერთ წელიწადში მისი ფასი 1600%-ით გაიზარდა, უკანასკნელ ერთ კვირაში კი – 27%-ით და რეკორდულ ნიშნულს, 3 500 დოლარს მიაღწია.

ეთერიუმის ფასი. წყარო: tradingview.com 

ამ სტატიაში შევეცდებით ავხსნათ ის მიზეზები, თუ რატომ გაიზარდა ეთერიუმის ფასი და რა პოტენციურ რისკებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული ბაზრის მსგავსი განვითარება. 

ეთერიუმი ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული სისტემაა, რომელიც "ჭკვიანი კონტრაქტებისა" და დეცენტრალიზებული საფინანსო [DeFi] პლატფორმების შექმნისა და გამოყენების საშუალებას იძლევა. 

ეთერიუმის საწყისი იდეა 2013 წელს, ვიტალიკ ბუტერინის მიერ იქნება შეთავაზებული და ის ქსელში 2015 წელს ჩაეშვა.  

თითქმის 6 წელიწადში ეთერიუმმა გასაოცარ შედეგებს მიაღწია, კერძოდ, ამჟამინდელი მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 392 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერიუმი ამერიკის ბანკზე, Martercard-ზე, PayPal-სა და Morgan Stanley-ზე დიდია.  

ეთერიუმის წარმატების წყალობით მისი შემქმნელი, ვიტალიკ ბუტერინი 27 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი გახდა.

შედარებისთვის, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 1.1 ტრილიონი დოლარია და ის მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase-ის ზომას ორჯერ აღემატება. 

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ეთერიუმი ზრდას განაგრძობს და, საბოლოო ჯამში, მსოფლიო საფინანსო სისტემებისა და ინსტიტუტების პირველ და მეორე ადგილს ბიტკოინი და ეთერიუმი დაიკავებენ. 

საფინანსო ინსტიტუტების საბაზრო კაპიტალიზაცია.   წყარო: companiesmarketcap.com

ძირითადად, ეთერიუმის ფასი ორი ფაქტორითაა განპირობებული: სპეკულაციური და ტექნიკური. 



1. სპეკულაციური შეფასება 

პირველ რიგში, ეთერიუმი ციფრული ტექნოლოგიაა, რომელსაც მრავალი საინტერესო დანიშნულება აქვს და რომელიც, თავის მხრივ, ღირებულია. თუმცა, კრიპტოვალუტის სავაჭრო ფასი ხშირად არ ასახავს მის მიღმა მდგომი ტექნოლოგიის ზუსტ შეფასებას, რაც ბაზრის სპეკულაციური ბუნებიდანაა გამომდინარე. 

შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი წლის წინ ეთერიუმის სავაჭრო ფასი 200 დოლარი იყო, ახლა კი ის 3 500 დოლარს აღწევს.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ფასის 1600%-ზე მეტით ზრდა არა ფუნდამენტური ღირებულების ზრდით, არამედ სპეკულაციური ვაჭრობითაა გამოწვეული, ანუ ეთერიუმს იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე ის რეალურად ღირს.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, კრიპტომარკეტი უჩვეულოდ სპეკულაციური ბუნებით გამოირჩევა და ამ არგუმენტის გასამყარებლად Dogecoin-ის მაგალითი მოჰყავთ, კრიპტოვალუტისა, რომლის მიღმაც თითქმის არანაირი ტექნოლოგიური და ფუნდამენტური ღირებულება არ დგას და ხუმრობის სახით შეიქმნა. 

მიუხედავად ამისა, Dogecoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 88 მილიარდ დოლარს აღწევს, ანუ ე.წ. მიმკოინი უფრო ძვირადაა შეფასებული, ვიდრე ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: BP, FedEx, Adidas, BMW, Ford და Honda.  

მსგავსი ლოგიკა, შესაძლოა, რომ ეთერიუმზეც გავრცელდეს და ვიფიქროთ, რომ მისი ფასის მნიშვნელოვანი წილი სწორედ სპეკულაციური შეფასებიდანაა გამომდინარე და არა ფუნდამენტური ღირებულებიდან. 

2021 წლის იანვრიდან მოყოლებული, ეთერიუმის მომხმარებლების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, განსაკუთრებით გაზრდილია ახალი და დამწყები ინვესტორების დაინტერესება. 
აღსანიშნავია, რომ ინვესტორების ამ ნაწილს ეთერიუმისა და ბლოკჩეინის მიმართ ყურადღება ფასების ზრდამდე არ გამოუჩენიათ და, სავარაუდოდ, მათი დაინტერესება სწორედ სპეკულაციური მიზნებითაა განპირობებული და არა ტექნოლოგიით. 

ეთერიუმის ახალი მომხმარებლებისა და ფასის მიმართება.   წყარო: glassnode.com
​​​​​

ამ არგუმენტის საპირისპიროდ არსებობს მოსაზრება, რომ, ზოგადად, ტრადიციული საფონდო ბირჟაც მსგავსი სპეკულაციური დამოკიდებულებით გამოირჩევა, რადგან კომპანიისა თუ ტექნოლოგიის შეფასების ზუსტი და ობიექტური ხელსაწყო არ არსებობს. 

ცნობილი ინვესტორებისა და ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ, საბოლოო ჯამში, "სპეკულაციური ბუშტი" გასკდება და ამით ინვესტორების დიდი ნაწილი დაზარალდება. 

ამ მოსაზრების გასამყარებლად კი კრიპტომარკეტის ისტორიულ გამოცდილებას იშველიებენ, კერძოდ,  2018 წელს ეთერიუმის ფასმა 1 400 დოლარს მიაღწია, თუმცა რამდენიმე თვეში ის 100 დოლარამდეც კი დაეცა. 

ეთერიუმის ფასი 2018 წელს.  წყარო: tradingview.com 

ლეგენდარული ინვესტორის, უორენ ბაფეტის შეფასებით, კრიპტომარკეტი მთლიანად სპეკულაციაზეა დაფუძნებული და მის მიღმა ის ვერავითარ ფუნდამენტურ ღირებულებას ვერ ხედავს. 


2. ტექნიკური ფაქტორები


ეთერიუმის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება დეცენტრალიზებული საფინანსო სისტემების შექმნაა, რაც მომხმარებლებს ტრადიციული საბანკო სისტემების გარეშე საფინანსო საქმიანობაში ჩართვის საშუალებას აძლევს. 

ანალიტიკოსების თქმით, ეთერიუმი, შესაძლოა, მომავალი საფინანსო სისტემის ფუნდამენტად იქცეს, ერთგვარ ციფრულ საძირკვლად, რომელზეც კომპლექსური სისტემების დაშენება იქნება შესაძლებელი. 

ამ მოსაზრების გასამყარებლად მოჰყავთ ისეთი მაგალითები, როგორიცაა: ევროპული საინვესტიციო ბანკის [EIB] მიერ ეთერიუმის საშუალებით მსოფლიოში პირველი ციფრული ბონდების გამოშვება.

გარდა ამისა, ეთერიუმის სისტემაზეა დაშენებული ციფრული აუქციონების სისტემაც. 
NFT [Non-fungible token], ანუ უნიკალური ტოკენი ერთგვარი ხელმოწერის დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატია, რომელშიც იწერება ინფორმაცია: გამყიდველის, მყიდველის, გასაყიდი ობიექტის, ფასისა და დამატებითი პირობების შესახებ. ეთერიუმის საშუალებით კი ეს კონტრაქტი ბლოკჩეინ სისტემაში გადადის, სადაც ის სამუდამოდ ინახება და მისი გაყალბება ან წაშლა შეუძლებელია. 
 
ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი რამის ფლობის ექსკლუზიური უფლების გაყიდვა, რაც მომხმარებლებს ჯერ არნახულ შესაძლებლობებს აძლევს.

NFT-ის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აუქციონების მომავალს ეს ტექნოლოგია სამუდამოდ შეცვლის. 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი არტისტის, Beeple-ის ციფრული სურათი კრისტის აუქციონზე რეკორდულ 69.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ისტორიული ტრანზაქცია კი ეთერზე დაშენებული სისტემისა და კრიპტოვალუტა ეთერიუმის საშუალებით განხორციელდა.  

NFT-ზე გაზრდილი მოთხოვნა კი, თავის მხრივ, ეთერიუმის ფასის ზრდას იწვევს. 

Beeple - Everydays: The First 5000 Days.  69 მილიონ დოლარად გაყიდული NFT 

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ციფრული ეკონომიკისა და ინტერნეტის განვითარება ხელს შეუწყობს ეთერიუმის, როგორც ტექნოლოგიური სისტემის გაფართოებას. ეს მოვლენა კი, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეთერიუმის ფასზე. 

ეთერიუმის ფუნდამენტური ღირებულების განსაზღვრა საკმაოდ რთულია, რადგან ის ყოველდღიურად იზრდება და იცვლის ფორმას. სავარაუდოა, რომ მისი ზუსტი შესაძლებლობები და დანიშნულებაც კი არ არის ბოლომდე განსაზღვრული. გარდა ამისა, ეთერიუმი მუდმივი განახლების პროცესშია და უახლოეს მომავალში იგეგმება ისეთი ამბიციური განახლების გაშვება, რომელმაც, შესაძლოა, ეთერიუმის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდოს. 

ანალიტიკოსების თქმით, ფასის ზრდა, გარკვეულწილად, ამ განახლების მოლოდინითაა განპირობებული, რომელიც ეთერიუმის ახალ Proof of Stake სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, რაც შეამცირებს ტრანზაქციის საკომისიოს [GAS] და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. 

კრიპტოვალუტის მნიშვნელოვანი ნაწილისგან განსხვავებით, ეთერიუმს აქვს გამართული და მუშა სისტემა, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიის პოტენციური შესაძლებლობებიც კი ჯერაც არ არის განსაზღვრული. 

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ეთერიუმის ფასი და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ სპეკულაციაზე არ არის დაფუძნებული და მის მიღმა გარკვეული ფუნდამენტური, ამ შემთხვევაში, ტექნოლოგიური ღირებულება დგას. 


დასკვნა 

ეთერიუმის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ოთხი ძირითადი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:

პირველ რიგში, 2021 წელს  კრიპტომარკეტი აშკარა ხარის ბაზარში იმყოფება, ანუ ფასების ზრდის ძლიერი ტენდენცია შეიმჩნევა. გარდა ამისა, იზრდება საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი ინვესტორების დაინტერესება კრიპტოაქტივების მიმართ. საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილი გეგმავს კლიენტებისთვის კრიპტოსერვისების შეთავაზებას. 

მეორე, ეთერიუმს აქვს გარკვეული ფუნდამენტური ღირებულება. ის სამომავლო პოტენციალის მქონდე სისტემაა, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება. 

მესამე, მიუხედავად ფუნდამენტური ღირებულების არსებობისა, ეთერიუმის ფასის გარკვეული ნაწილი, სავარაუდოდ, სპეკულაციურ შეფასებაზეა დამოკიდებული, რაც მას საკმაოდ სარისკო ინვესტიციად აქცევს. 

მეოთხე, გასათვალისწინებელია მოსალოდნელი რისკ ფაქტორები, კერძოდ, რეგულაციები იმ უმთავრეს გამოწვევათა შორისაა, რომლის წინაშე კრიპტომარკეტი დგას. ჯერაც უცნობია, თუ როგორ დაარეგულირებენ სახელმწიფოები ამ ახალ ბაზარს და რამდენად მკაცრ მიდგომას აირჩევენ დეცენტრალიზებული საფინანსო სისტემების მიმართ.  

გარდა ამისა, ეთერიუმს ჰყავს აშკარა კონკურენტები, რომლებიც მისი ბაზრის წილის მითვისებას ცდილობენ, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კარდანო [ADA]. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ტექნოლოგიურ კონკურენციაში უფრო დახვეწილი სისტემის მქონდე კრიპტოვალუტა გაიმარჯვებს და, შესაძლოა, მომავალში ეთერიუმის ადგილი მისმა კონკურენტებმა დაიკავონ. 

საბოლოო ჯამში, ეთერიუმის ფასსაც და მომავალსაც თავისუფალი ბაზარი გადაწყვეტს.

 

კომენტარები