ილონ მასკის წყალობით, Dogecoin-ის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ფოტო: indianexpress.com

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, კრიპტოვალუტების მხარდამჭერია და ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს.

მასკის უახლესი ტვიტები Dogecoin-საც შეეხო, რის გამოც კრიპტოვალუტის ფასი 24 საათში 86%-ით გაიზარდა და მან ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

CoinMarketCap-ის ინფორმაციით, მასკის ტვიტებიდან რამდენიმე საათში Dogecoin-ის ფასი 0.045$-დან 0.084$-მდე გაიზარდა.

ამჟამინდელი მონაცემებით, Dogecoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 10.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ილონ მასკის წყალობით, Dogecoin-ის ფასი ერთ თვეში 1100%-ზე მეტით გაიზარდა და ის ამჟამად სიდიდით მეათე კრიპტოვალუტაა.

მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი ხშირად ახსენებს Dogecoin-ს საკუთარ Twitter-ზე, მისივე თქმით, ეს ტვიტები ხუმრობებია და სერიოზულად არ უნდა მივიღოთ.

 

Dogecoin [DOGE] 2013 წელს სახუმაროდ შეიქმნა, მისი ლოგო შიბა ინუა და სხვა სერიოზული კრიპტოვალუტებისაგან განსხვავებით, Dogecoin-ის მიღმა არავითარი ტექნოლოგია არ დგას.

ბიტკოინისა[BTC] თუ ეთერიუმისაგან[ETH] განსხვავებით, Dogecoin პრაქტიკულ დანიშნულებას არ ასრულებს და მისი ღირებულებაც მხოლოდ ინვესტორების ინტერესზეა დამოკიდებული.  

მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკის ტვიტები Dogecoin-ის შესახებ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, მისი დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებულია. ამას ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ მისმა კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა

Dogecoin-ის შესახებ ასევე დატვიტა ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა სნუპ დოგმა.
 

კომენტარები