NFT

ციფრული კრიპტოსურათი (NFT) აუქციონზე $69 მილიონად გაიყიდა

Beeple - Everydays: The First 5000 Days
ფოტო: Christie's

პირველად ისტორიაში, 69.3 მილიონ დოლარად კრისტის აუქციონზე გაიყიდა სრულად ციფრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც კრიპტოტექნოლოგიას იყენებს და ბლოკჩეინ სისტემაზეა დაფუძნებული. 

სურათი ცნობილ ციფრულ არტისტსა და გრაფიკულ დიზაინერს, მაიკ ვინკელმანს ეკუთვნის, რომელიც Beeple-ის ფსევდონიმითაა ცნობილი.

სურათის სახელია - Everydays: The First 5000 Days, რომელიც წარმოადგენს კოლაჟს და მასში ვინკელმანის 14-წლიანი შემოქმედებაა გაერთიანებული.

"როცა მან თავისი კოლაჟი გვაჩვენა, ეს ჩემთვის იყო ევრიკის მომენტი, რადგან გავაცნობიერე, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა". – თქვა კრისტის აუქციონის ხელოვნებათმცოდნემ, ნოა დევისმა. 

ხელოვნების ამ ნიმუშის ფიზიკური ვერსია არ არსებობს და მხოლოდ ციფრული სახითაა ხელმისაწვდომი, აუქციონზე კი ის უნიკალური ტოკენის, ანუ NFT-ის (Non-fungible token) სახით გაიყიდა. 

NFT კრიპტოსისტემაზეა დაფუძნებული, რომელიც ორიგინალი ნიმუშის ავტორისა და მფლობელის ვინაობების დასადასტურებლად ბლოკჩეინ სისტემას იყენებს. 

სურათი ყველასთვისაა ხელმისაწვდომია, რადგან ის ინტერნეტშია განთავსებული, თუმცა მისი ფლობის ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა და სურათი NFT-ის სახით, $69 მილიონად შეიძინა. 

$69.3-მილიონიანი ტრანზაქცია კრიპტოვალუტის, ეთერიუმის [ETH] საშუალებით განხორციელდა. 

NFT მარკეტის პოპულარობა 2018 წლიდან იზრდება და, ექსპერტების აზრით, ეს აუქციონების ახალი, ციფრული ვერსიაა, რომელიც არტისტებსა და მომხმარებლებს ჯერ არნახულ შესაძლებლობებს აძლევს.  

NFT-ის სახით შესაძლებელია სურათის, მუსიკის, ვიდეოს, ისტორიული მომენტისა თუ ტვიტის ფლობის ექსკლუზიური უფლების შეძენა. 

Beeple-ის არაერთი სურათი გაყიდულა NFT-ის სახით მილიონებად, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ციფრული სურათი კრისტის აუქციონზე გავიდა. 

ვინკელმანის შემოქმედება, ძირითადად, ფანტასტიკურ და დისტოპიურ მომავალს ასახავს, მისი ნახვა შეგიძლიათ Beeple-ის ოფიციალურ Instagram გვერდზე


აუქციონზე NFT-ის სახით ისტორიაში პირველი ტვიტი 2.5 მილიონ დოლარად გაყიდა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ. 
 

კომენტარები