რუსეთი

რუსეთი TWITTER-ის, GOOGLE-ის და FACEBOOK-ის მილიონობით რუბლით დაჯარიმებას ითხოვს

რუსეთის მედიის მონიტორინგის სახელმწიფო სამსახური, როსკომნადზორი Twitter-ისGoogle-ის და Facebook-ის დაჯარიმებას სასამართლოში ითხოვს. მოთხოვნის მიზეზი გახდა კომპანიების უარი, წაშალონ აკრძალული ინფორმაცია.

სასამართლოში უწყებამ Twitter-ზე – ექვსი, ხოლო Facebook-სა და Google-ზე 5 პროტოკოლი გაგზავნა. თითოეული პროტოკოლით ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა 4 მილიონი რუბლია, შესაბამისად, Twitter-ს, შესაძლოა, 24 მილიონი რუბლის ($321 120), ხოლო დანარჩენ ორ კომპანიას 20 მილიონი რუბლის ($267 600) გადახდა დაეკისროს.

აპრილის დასაწყისში რუსეთის სასამართლომ Twitter თითქმის $117 000-ით დააჯარიმა იმავე მიზეზით, კომპანიამ არ წაშალა აკრძალული კონტენტი. საქმე ეხებოდა იანვარში ამ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსს, რითაც რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, გაეპროტესტებინათ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავება.

მანამდე, 16 მარტს როსკომნადზორში დაიმუქრნენ, რომ Twitter-ს ერთ თვეში აკრძალავენ, თუ კომპანია "აკრძალულ ინფორმაციას არ წაშლის". ამავე მიზეზის გამო, 10 მარტს რუსეთში განაცხადეს, რომ Twitter-ს სიჩქარეს შეუნელებენ.

The Moscow Times წერს, რომ გამოკითხვების თანახმად, რუსების 3% იყენებს Twitter-ს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთმა სცადა, დაებლოკა პოპულარული პლატფორმა და აპლიკაცია Telegram-ი. Telegram-მა უარი თქვა უშიშროების სამსახურებისთვის შიფრირების გასაღებები გაეზიარებინა. შიფრირების გასაღებების ფლობით უშიშროების სამსახურები, სურვილის შემთხვევაში, შეძლებდნენ Telegarm-ის აპლიკაციის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებების წაკითხვას. მედიის მონიტორინგის სამსახური როსკომნადზორი Telegram-ის დაბლოკვის ორწლიანი მცდელობების შემდეგ ამ კვირაში პლატფორმაზე დარეგისტრირდა.

2019 წელს რუსეთში გატარდა კანონი, რომელმაც გაამკაცრა სახელმწიფოს კონტროლი ინტერნეტტრაფიკზე. ამის მიზეზად მოსკოვმა აშშ-ს აგრესიული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია დაასახელა. სიტყვის თავისუფლების მომხრე აქტივისტებმა კანონი გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სურვილისამებრ შეზღუდოს წვდომა ინფორმაციაზე.

კომენტარები