რუსეთი

რუსეთი ერთ თვეში TWITTER-ის დაბლოკვით იმუქრება

რუსეთის მედიის მონიტორინგის სახელმწიფო სამსახურში, როსკომნადზორში განაცხადეს, რომ რუსეთში სოციალურ ქსელ Twitter-ს ერთ თვეში აკრძალავენ, თუ კომპანია "აკრძალულ ინფორმაციას არ წაშლის". ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

როსკომნადზორში აღნიშნეს, რომ თუ Twitter მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნება. 

The Moscow Times წერს, რომ გამოკითხვების თანახმად, რუსების 3% იყენებს Twitter-ს.

10 მარტს რუსეთში განაცხადეს, რომ Twitter-ს სიჩქარეს შეუნელებენ, რადგან "აკრძალული პოსტები არ წაშალა". 

რამდენიმე კვირის წინ მოსკოვმა Twitter-ი დაადანაშაულა, რომ კომპანიამ არ წაშალა პოსტები, სადაც ბავშვებს დაჟინებით მოუწოდებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ კრემლის საწინააღმდეგო აქციებში. 

მედიის მონიტორინგის სახელმწიფო სამსახურში, როსკომნადზორში განაცხადეს, რომ 3000-ზე მეტი პოსტი არის არალეგალური და Twitter უკვე წლებია, ყურს არ უგდებს წაშლის შესახებ მათ მოთხოვნებს.

მარეგულირებელს წინა განცხადებაში არ უხსენებია ოპოზიციის პროტესტი, თუმცა ისინი ირწმუნებიან, რომ პოსტები შეიცავს ბავშვების პორნოგრაფიას, ინფორმაციას ნარკოტიკებზე და მცირეწლოვნებისთვის თვითმკვლელობის ჩადენის მოწოდებას. 

"100%-ით გავრცელდება შენელება მობილურებზე და 50%-ით სხვა მოწყობილობებზე". –ვკითხულობთ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთმა სცადა, დაებლოკა პოპულარული პლატფორმა და აპლიკაცია Telegram-ი. Telegram-მა უარი თქვა უშიშროების სამსახურებისთვის შიფრირების გასაღებები გაეზიარებინა. შიფრირების გასაღებების ფლობით უშიშროების სამსახურები, სურვილის შემთხვევაში, შეძლებდნენ Telegarm-ის აპლიკაციის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებების წაკითხვას. მედიის მონიტორინგის სამსახური როსკომნადზორი Telegram-ის დაბლოკვის ორწლიანი მცდელობების შემდეგ ამ კვირაში პლატფორმაზე დარეგისტრირდა.

2019 წელს რუსეთში გატარდა კანონი, რომელმაც გაამკაცრა სახელმწიფოს კონტროლი ინტერნეტტრაფიკზე. ამის მიზეზად მოსკოვმა აშშ-ს აგრესიული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია დაასახელა. სიტყვის თავისუფლების მომხრე აქტივისტებმა კანონი გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სურვილისამებრ შეზღუდოს წვდომა ინფორმაციაზე.

კომენტარები